როგორ აფასებენ ოპოზიციაში „გირჩის“ შვიდპუნქტიან შეთავაზებას

როგორ აფასებენ ოპოზიციაში „გირჩის“ შვიდპუნქტიან შეთავაზებას

ოპოზიციის წარმომადგენლებმა „გირჩის“ ახალი შვიდპუნქტიანი შეთავაზება შეაფასეს.

„ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი იქნება როგორ შეიძლება ამ საკითხების ერთ დონეზე დაყენება და რეჟიმის მიერ რომელიმე მათგანის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკანა პლანზე გადადება არჩევნების მოთხოვნის, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - მიიჩნევს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე.

„სტრატეგია აღმაშენებელში“ კი „გირჩის“ ინიციატივას არასერიოზულად მიიჩნევენ.

„ეს არის იაფფასიანი პოპულიზმი, რომ თან პარლამენტში ვიქნები, თან ხელფასს არ ავიღებ, თან იარაღს ვატარებ, თან ბანერთან დავდგები, თან არ დავდგები. ეს არის უბრალოდ არასერიოზულობა, ისევე როგორც მათ მიერ დაანონსებული „გირჩის სამეფოს“ და კონსტიტუციის შექმნა. ძალიან კარგი სტრატეგიული თამაშები მაქვს, სადაც სახელმწიფოებს აშენებ და იპყრობ, გავუგზავნიდი ამას“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

„გირჩის“ გზა პარლამენტამდე 7 პუნქტზე გადის - ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესითა და და ბუნებრივი ბარიერით ჩატარდეს, კერძო სკოლები გათავისუფლდეს სახელმწიფო რეგულაციებისგან, პოლიციის უფროსები აირჩეს მოსახლეობის მიერ, პირველი ინსტანციის მოსამართლეების არჩევა მოხდეს ხალხის მიერ. ასევე, პარტია მულტისავალუტო რეჟიმს, რესტიტუციასა და მარიხუანის ლეგალიზაციას ითხოვს. თუ ხელისუფლება ამ მოთხოვნებიდან ერთს მაინც დააკმაყოფილებს, ხვიჩია, მეგრელიშვილი და რაქვიაშვილი პარლამენტში შევლენ.