მინისტრმა უკვე გადარიცხული თანხებიდან კონკრეტული მაჩვენებელი, მხოლოდ საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით დაასახელა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტში 9 თვის მონაცემებით 30 მილიონია შესული, დანარჩენი თანხმები კი სპეცანგარიშზეა და სანამ სასამართლო პროცესები არ დასრულდება, ბიუჯეტში არ გადაირიცხება.
რაც შეეხება ჯარიმებიდან შესულ თანხებს, მინისტრს კონკრეტული ციფრი არ დაუსახელებია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ეკონომიკის ახალი კურსი სწორედ ჯარიმებიდან ამოღებული თანხების შემცირებისკენ არის მიმართული. კერძოდ, წელს 60%-ის ნაცვლად, უკვე 10% დაჯარიმდა, ევროპული სტანდარტებით კი ეს ციფრი 7-8%-მდე უნდა დავიდეს.
„ამ სფეროს წყალობით მოხდა ძალზედ დიდი უცხოური ვალუტის შემოდინება ქვეყანაში“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე განმარტებით, მომავალ წელსაც ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება, რა მიმართულებითაც 205 მლნ ლარია გათვალისწინებული.
„ქართული დასის“ ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ კი მთელი მთავრობა და ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლაში და მათგან დიდი ოდენობით ჯარიმების და საპროცესო შეთანხმებების გზით თანხების ამოღებაში დაადანაშაულა. მან ბიზნესის გამათრახების შეწყვეტა მოითხოვა.
როგორც ბაღათურიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, 2009 წელს საპროცესო შეთანხმება 11 500 ადამიანთან გაფორმდა და ბიუჯეტში 150 მილიონზე მეტი შევიდა.
ბაღათურიამ აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც ბიზნესმენების 80% ხელისუფლებას პრობაციონერებად ჰყავს, ბიუჯეტში მთავარი ფულის შემტანი ადამიანი ხდება ჯარიმების მეშვეობით და ა.შ. დეპუტატი ხელისუფლებას საქართველოს ეკონომიკის ამ მდგომარეობიდან გამოყვანას სთხოვს.
საპროცესო გარიგებებთან დაკავშირებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ საპროცესო შეთანხმებებეის შესახებ კვლევა ჩაატარა, რის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ 2009 წელს, საპროცესო შეთანხმებებით დაკისრებული ჯარიმების სახით, სახელმწიფო ბიუჯეტში, 61 144 311 ლარი შევიდა.
ეს თანხა თითქმის ორჯერ აღემატება საქართველოს პარლამენტის 2010 წლის ბიუჯეტს და ასევე, 8 სამინისტროს 2010 წლის დაფინანსებას. კვლევიდან ცნობილი ხდება, რომ 2009 წლის მონაცემებით სისხლის სამართლის საქმეებიდან 58% საპროცესო შეთანხმებების წილს წარმოადგენს.
საპროცესო შეთანხმება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2004 წლის 13 თებერვლის ცვლილებებისა და დამატებების შეტანით გამოჩნდა. ინოვაციის მიზანი, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების შექმნა და უზრუნველყოფა იყო.