თემურ ქეცბაია „ანორთოსისს“ ტოვებს. საქართველოს ნაკრების ყოფილმა და ამჟამად, კვიპროსული „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, ფამაგუსტური კლუბიდან წასვლა დააანონსა.
57 წლის სპეციალისტმა, აღნიშნულის შესახებ პრესასთან, 10 აპრილს, „ლიმასოლთან“ სტუმრად ნათამაშები ფრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„წელს, ჩვენ ჩემპიონობისთვის ბრძოლა ვერ შევძელით, ასეთ შემთხვევებში კი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე მწვრთნელი იღებს. ასეა ჩემს შემთხვევაშიც. ვფიქრობ, პლეი-ოფში ვაჩვენეთ, რომ ჩვენზე უკეთესი სხვა გუნდი არ არსებობს, მაგრამ მოსაგებად ყოველთვის რაღაც გვაკლდებოდა. ეს კი იღბალია.
თასზე „აპოელთან“ ორი რთული თამაში გველის. ვისურვებ თასის ფინალში გასვლას, რომელიც „ანორთოსისში“ ჩემი უკანასკნელი თამაში იქნება. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, რადგან ამ ორმა წელმა „ანორთოსისს“ საშუალება მისცა, ტიტულისთვის ებრძოლა. ხელშეკრულება მიმთავრდება და ეს თარიღი ფინალს ემთხვევა. მაგრამ კონტრაქტის გაგრძელება არაა ის, რაც მე მსურს“, - განაცხადა ქეცბაიამ.