გიორგი შერმადინის მორიგი MVP-ის ტიტული. „ლენოვო ტენერიფეს” ქართველი ცენტრი მიმდინარე სეზონში მეცამეტედ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე, თუმცა ამჯერად მისი შედეგიანობა განსაკუთრებულია. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში შერმადინმა კუნძულელებს „ესტუდიანტესთან” ულიდერა და 101:77 გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.
17:24 წუთში ქართველმა ლეგიონერმა 25 ქულა მოაგროვა. შერმადინმა 13-დან 9 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. თამაშიდან მითვლილი 9 ბურთიდან 7 ე.წ. „ენდვანი” იყო. ანუ გიორგიმ ბურთი ისე ჩააგდო, რომ მეურვე მასზე დაჯარიმდა. 25 ქულასთან ერთად მის ანგარიშზე 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა იყო. შერმადინმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 ჯარიმა მიიღო და მეტოქეები მასზე 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 32 შეადგინა, რაც, ცხადია, ყველაზე მაღალი შედეგი გახლდათ და შერმადინიც დამსახურებულად გახდა მატჩის MVP.
ლენოვო ტენერიფემ ლიგა ენდესაში 23 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს ინარჩუნებს, წინ კი, მხოლოდ ესპანური გრანდები – რეალი და ბარსელონა არიან. შერმადინის გუნდი მომდევნო მატჩს 13 აპრილს, მადრიდში, სწორედ „სამეფო კლუბის” წინააღმდეგ ჩაატარებს.