ორი დღის წინ იტალიურ მას-მედიაში სენსაციური ცნობა გამოქვეყნდა.
ქალაქ ფორლიში მცხოვრებმა პუდელმა, სახელად ვალემ, თავის დიასახლისს ლორედანა რომანოს ცხვირი მოაჭამა და შინიდან გაიქცა.
ადგილობრივმა კარაბინერებმა „მოძალადე“ პუდელი ფორლის მიდამოებში დაიჭირეს. საინტერესოა, რომ ძაღლს პირში პატრონის ცხვირის ნაწილი გულმოდგინედ ეჭირა. პოლიციელებმა ფინიას „აწყენინეს“ და ქალის ცხვირი წაართვეს.
იმავე საღამოს ქალაქ ფორლის საავადმყოფოში უჩვეულო ოპერაცია ჩატარდა. ადგილობრივმა ქირურგებმა დაღეჭილი ცხვირი „გადაარჩინეს“ და ორგანო „პატრონს“ უკან მიაკერეს. 34 წლის ლორედანა რომანო ამჟამად აღდგენითი ქირურგიის ხანგრძლივ კურსს გადის.
ლორედანამ პოლიციელებს უამბო, რომ მის „პატარა ვალეს“ ხშირად ეძინა მასთან ერთად საწოლში და ის ფაქტი, რომ უეცრად ცხვირზე უკბინა, მისთვის სრულ მოულოდნელობად იქცა.
ქალმა ძაღლს „დანაშაული“ უკვე აპატია, მაგრამ ირწმუნება, რომ ამიერიდან თავის საწოლს აღარ გააკარებს.
„აჯობებდა, ქმრისთვის დამეგდო ყური, როცა მეუბნებოდა, რომ ის ერთადერთი უნდა ყოფილიყო, ვისაც ჩემს საწოლში ყოფნის უფლება ექნებოდა“. - განაცხადა ძაღლისგან დაზარალებულმა ქალმა.