უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ახალი და მოულოდნელი გადაწყვეტილებები მიიღეს. საბჭომ დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართა, ხოლო 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად გამოაცხადა. ეს ირიბად შეზღუდვების დაწესებას ნიშნავს, რადგან გადაწყვეტილება ვრცელდება კერძო სექტორზეც.
საკოორდინაციო საბჭომ მორიგ სხდომაზე განიხილა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც უარესდება. აღინიშნა, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევების მატების დინამიკა საყურადღებოა და როგორც ხელისუფლების, ისე მოქალაქეების მხრიდან განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიდგომას მოითხოვს. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დადგენილი რეგულაციების დაცვის აუცილებლობას, რაც ქვეყანას ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას და, შესაბამისად, მკაცრი შეზღუდვების დაწესების საჭიროებას ააცილებს.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით აიკრძალა ფართის გადაცემა-დათმობა საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით. აღნიშნული შეზღუდვის დარღვევა კი გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დააკონკრეტა ახალი გადაწვეტილების დეტალები.
„უქმე დღეები ნიშნავს, რომ ის არის ყველასთვის, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორისთვის. რაც შეეხება დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება დამსაქმებლებმა, ინდივიდუალურ რეჟიმში უნდა მიიღონ.
რაც შეეხება თარიღებს, როგორც მოგეხსენებათ, მანამდე დღესასწაულებია, შემდგომ შაბათ-კვირა უწევს, შემდგომ ისევ დღესასწაულია - 12 მაისი, შესაბამისად, ეს დღეთა რაოდენობა ამის მიხედვით განისაზღვრა“, - განაცხდა ღიბრაძემ.
ეს ნიშნავს, რომ 29 აპრილის შემდეგ (30 აპრილი წითელი პარასკევია და ისედაც დასვენებაა) 13 მაისამდე (12 მაისიც ოფიციალურად დასვენების დღეა), ქვეყანაში აკრძალული იქნება აქტივობა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისთვის. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ირიბად შეზღუვები დაწესდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, უქმე დღეების დაწესება მობილობის შემცირების ერთ-ერთი ხერხია.
„გახსოვთ, უქმე დღეები, საყოველთაო არდადეგები შემოვიღეთ იანვრის დასაწყისში, როდესაც დეკემბრის მეორე ნახევრიდან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან წავიდა დამშვიდებისკენ, მაგრამ იანვრის დასაწყისში და იანვარშიც გვქონდა სერიოზული ინტენსივობა ინფექციის გავრცელების.
ეს არის ერთ-ერთი მეთოდი მობილობის დაგდების. ზოგადად, მობილობის დაგდება გახლავთ გაუარესებული ეპიდსიტუაციის შეჩერების ერთ-ერთი ბერკეტი. ამიტომ სხვა გამაფრთხილებელ ღონისძიებასთან ერთად, ერთ-ერთი ასეთი წინადადება იყო, აღდგომის შემდეგ ყოფილიყო არდადეგები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ დაირაზმებიან საპატრიარქოსთან აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად.