„ალჯაზირას“ კითხვას ვუპასუხე: ფოტოზე გამოსახული ის გოგო იყო სულელურად მამაცი, ისევე როგორც, ათასობით ქართველი ადამიანი“

„ალჯაზირას“ კითხვას ვუპასუხე: ფოტოზე გამოსახული ის გოგო იყო სულელურად მამაცი, ისევე როგორც, ათასობით ქართველი ადამიანი“

9 აპრილი, თარიღი, რომელიც თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ტრაგედად ჩაიწერა. ამ დღეს, 32 წლის წინ ქართველი ერი გაერთიანდა და თავისუფლებისთვის ბრძოლა დაიწო. ამ ბრძოლაში რუსის ტანკებმა და ნიჩბებმა 21 ქართველის სიცოცხლე შეიწირა. ამ თარიღს სიმბოლოდ ქცეული ფოტო აქვს, სადაც 19 წლის სტუდენტი თანამოაზრეებთან ერთად თავისუფლების მოპოვებისთვის აქციაზე მიემართება. 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეულ ფოტოზე გამოსახული ნანა მახარაძეა. თავისუფლებისთვის მებრძოლი ნანა დღეს ემიგრანტია. მან 2011 წელს ქვეყანა დატოვა და სამუშაოდ იტალიაში გაემგზავრა. თუმცა, იტალიიდანაც ყველას საქართველოს სიყვარულს ასწავლის, მათ შორის იტალიელ მეუღლესაც.

9 აპრილის ტრაგედიიდან წლების შემდეგ, ცნობილი ფოტოს ავტორმა იური მეჩითოვმა, „ალჯაზირას“ ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში, 9 აპრილი „შოუდ“ მოიხსენია, ხოლო ფოტოზე გამოსახული გოგონა კი ტელევიზიის ჟურნალისტმა სულელ გოგონად. თავად ნანა მახარაძე კი თვლის, რომ წლების წინ სულელურად მამაცი იყო, როგორც ყველა ქართველი.

For.ge ნანა მახარაძეს იტალიაში დაუკავშირდა და მასთან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

19 წლის ასაკში რატომ გადაწყვიტეთ  მდგარიყავით საპროტესტო აქციაზე?

- ეს ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა. როგორც კი, ეროვნული მოძრაობა დაიწყო, როგორც რიგითი სტუდენტი, პირველივე დღესვე ჩავერთე აქციებში. იმ დროს, ახალგაზრდებს გვქონდა შეგრძნება, რომ რაღაცას შევცვლიდით და ქვეყანას სარგებელს მოვუტანდით. სტუდენტებში ძალიან დიდი სტიმული იყო, მით უმეტეს, როდესაც ბუმბერაზი გმირების გვერდით დგომა გვიწევდა. ბედნიერება იყო სწორედ ამ ადამიანების გვერდით დგომა.

მაშინ 19 წლის იყავით და ოჯახის წევრების მხრიდან არ გქონდათ წინააღმდეგობა, რომ არ გასულიყავით საპროტესტო აქციებზე?

- როდესაც ახალგაზრდა ხარ, ამაზე არ ფიქრობ. შიშის გრძნობა ნამდვილად არ მქონია. სიმართლე გითხრათ, საშიშროებას ვერ ვხედავდით. თუმცა, ვათვიცნობიერებდით, რომ ეს იყო ძალიან დიდი ბრძოლა უზარმაზარი იმპერიის წინააღმდეგ და იოლი არ იქნებოდა, მაგრამ იმის გათავისება ნამდვილად არ შემეძლო, რომ ის ღამე ასე ტრაგიკულად დასრულდებოდა. რა თქმა უნდა, მშობლები უფრო ათვიცნობიერებდნენ, თუ რა ხდებოდა.

იმ პერიოდში თბილისში, ბიძასთან ვცხოვრობდი. დედა მეუბნებოდა ჭკვიანად იყავიო, მე კი გულში ვამბობდი - დედა შენ ხომ არ იცი, ჩვენ რამდენი რამის გაკეთება შეგვიძლია-თქო. ახალგაზრდული შემართებით ვიყავით, ამიტომ შიში არ გვქონია.

თავად იმ ტრაგიკულ ღამეს როგორ გაიხსენებდით?

- მე და ჩემი მეგობრები ყოველდღე დავდიოდით. ბოლო დღეებში მოშიმშილეებისთვის ტანსაცმელი და საკვები მიგვქონდა, მაგრამ იქ ღამე დარჩენა ჩვენთვის კატეგორიულად გამორიცხული იყო, რადგან გვაკითხავდნენ და სახლში მივყავდით. იმ ტრაგიკულ ღამეს, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, არ ვყოფილვარ. დილით ადრე სახლში ბიცოლაჩემი საშინლად ნაცემი დაბრუნდა და მისგან გავიგე, თუ რა მოხდა. ამის შემდეგ, მე და ჩემმა ბიძაშვილმა, აი, იმ ფოტოზე სათვალიანი გოგონა სწორედ ჩემი ბიძაშვილია, გადავწყვიტეთ გავსულიყავით და გვენახა საკუთარი თვალით თუ რა ხდებოდა. ქუჩაში მივდიოდი შავი დროშით, ეს არ იყო საქართველოს დროშა. უცნობმა ბიჭებმა მანქანა გაგვიჩერეს, რომლებმაც გვითხრეს, რომ ფეხით გადაადგილება საშიში იყო და მათთან ერთად წასვლა შემოგვთავაზეს - ასე წავედით მანქანით. შემდეგ, ამ ჩვენს მანქანას სხვა მანქანა აჰყვა და ასე იქცა კოლონად. ეს ფოტოც ზუსტად, ამ კოლონის დროს აქვს იური მეჩითოვს გადაღებული.

თქვენ როდის ნახეთ ეს ფოტო, რომელიც 9 აპრილის სიმბოლოდ იქცა?

- ეს ფოტო მეორე დღესვე დაიბეჭდა. ჩემთან ახლოს ჟურნალისტი გოგოები ცხოვრობდენ და მითხრეს, საოცარი ფოტო დაიბეჭდაო და მგონი, იმ ფოტოზე შენ ხარო. ჩემთვის ყოვლად წარმოუდგენელი იყო, რომ მე ვიქნებოდი. მეორე დღესვე ვნახე ეს ფოტო.

აღნიშნული ფოტო ხალხმა მაშინვე აიტაცა. სიმბოლური ფოტო გახდა. ამ ფოტოში მოსახლეობამ სწორედ ბრძოლის ჟინი დაინახა. საოცრად მალე, მეორე დღესვე ეს ფოტო ხალხმა შეიყვარა და ასე შემორჩა ისტორიას ჩემი ფოტო, როგორც 9 აპრილის სიმბოლო. ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემთვის ეს ფოტო ზუსტად ისეთივე სიმბოლურია, როგორც ნებისმიერი ქართველისთვის. მას პირადად ჩემს ფოტოდ არასდროს მივიჩნევ.

სამწუხაროდ, წლების შემდეგ, ფოტოს ავტორმა იური მეჩთოვმა ერთ-ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 9 აპრილს მოსახლეობა არა რუსმა ტანკებმა, არამედ ჭყლეტვამ შეიწირა. რამდენად მტკივნეული იყო თქვენთვის 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ფოტოს ავტორისგან ამის მოსმენა?

- იური მეჩითოვმა, როდესაც „ალჯაზირას“ ტელევიზიას ასეთი გამაოგნებელი ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ 9 აპრილს არავინ დაუჩეხიათ, ადამიანები ჭყლეტვაში მოყვნენ და ასე დაიღუპნენო, ეს იყო გამაოგნებელი არა მარტო ჩემთვის, არამედ ქართველი ერისთვის. ეს იყო აბსოლუტური ტყუილი. მაშინ მე ბატონ იურის ვუპასუხე - ბატონი იური ფენომენალურად დაჯილდოვებული ადამიანია, რომელსაც შეუძლია ერთი თითის დაჭერით წამი გააჩეროს, მაგრამ, ალბათ, ბოლომდე ვერ აღიქვამს ქართველი ხალხის ისტორიულ მისიას. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს იმის ბედნიერება, რომ ქართველად დაიბადოს. მე მივმართავდი ბატონ იურის, რომ ყველაფერზე შეგვიძლია ვიდავოთ, მაგრამ არა 9 აპრილის ღამეზე. სხვათა შორის ჩემს ფოტოზეც იყო შეკითხვა. „ალჯაზირას“ ჟურნალისტი ეკითხება ის გოგონა სულელი იყო, რომ ამ მსვლელობაში მიიღო მონაწილეობაო? მე მაშინ ასეთი პასუხი გავეცი: ის გოგო იყო სულელურად მამაცი, ისევე როგორც, ათასობით ქართველი ადამიანი იმ დღეს, რომლებსაც საკუთარი ქვეყანა უყვართ და შეეძლოთ საკუთარი თავი ქვეყნისთვის გაეწირათ. სამწუხაროდ, იური მეჩითოვმა 9 აპრილი მოიხსენია, როგორც შოუ. მე ვუთხარი, რომ ამ „შოუში“ მონაწილე ადამიანები ამ თარიღს ყოველთვის გულით ვატარებთ და 9 აპრილის გმირების ხსოვნა მარადიული იქნება. ეს თარიღი არის თანამედროვე საქართველოს ისტორიის დასაწყისი და ამას ვერავინ ვერ შეცვლის.

თუ იცნობდით იმ 21 ადამიანიდან რომელიმეს, რომლებიც 9 აპრილის ღამეს რუსების ნიჩბებს შეეწირნენ?

- პირადად არც ერთ გარდაცვლილს არ ვიცნობდი. დედაჩემი მარტვილის რაიონიდან არის და ერთ-ერთი გარდაცვლილი სწორედ მარტვილის რაიონიდან იყო. ბავშობის მეგობრები მომიყვეს თუ რა მდგომარეობა იყო იმ დროს. ალბათ, გარდაცვლილების ცნობა მნიშვნელოვანი არც იყო, რადგან იმ დროს ქართველი ერი ძალიან გაერთიანებული იყო, თითქოს ყველა ადამიანს ერთი სახე ჰქონდა და ყველა ერთი სუნთქვით სუნთქავდა. ამიტომ, ჩვენ ყველანი ერთნი ვიყავით. ჩემთვის ის 21 გარდაცვლილი ადამიანი ცოცხალია და იმ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოს ბედი არ ანაღვლებთ, მათ ვერ ვაღიარებ.

თქვენ იბრძოდით საქართელოს თავისუფლებისთვის, ხართ გოგონა ფოტოდან, რომელიც 9 აპრილის სიმბოლოდ იქცა. რატომ დატოვეთ ქვეყანა და იქეცით ემიგრანტად?

- საქართველო 2011 წელს დავტოვე, ანუ, 9 წელია რაც ემიგრანტი ვარ. ძალიან ბევრს ჰგონია, რომ 9 აპრილის მოვლენებიდან ძალიან მალე საქართველო დავტოვე, ასე არაა. საქართველოში 16 წლის შვილი დავტოვე და მეუღლესთან ერთად იტალიაში წამოვედი. ჩემი ემიგრანტობა ეკონომიკურმა მდგომარეობამ გამოიწვია. ჩემი მეუღლე წელიწადნახევრის შემდეგ უკან დაბრუნდა და 4 თვეში გარდაიცვალა. შემდეგ, მოხდა ისე, რომ იტალიაში მარტო მომიწია ყველაფრის გადალახვა. შემდეგ, ჩემს ახლანდელ მეუღლეს, მარკოს შევხვდი. თუმცა, მალე საქართველოში დაბრუნებას ვაპირებთ. ჩემს მეუღლესაც დიდი სურვილი აქვს, რომ საქართველოში იცხოვროს.

დღეს იტალიაში რას საქმიანობთ?

- ჩემი სამსახური არის მოხუცების მოვლა. ეს მოხუცები არიან როგორც ოჯახებიდან, ასევე სპეციალური მოხუცებულთა თავშესაფრიდან. რამდენიმე საათით სხვადასხვა ადგილას მიმყავს. ვცდილობ, რომ ამ მოხუცებს ყოფა შევუმსუბუქო.

თქვენმა მეუღლემ რამდნად იცის ცნობილი ფოტოს ისტორია?

- ჩემი მეუღლე ძალიან ამაყია და ცდილობს, რომ საქართველოს შესახებ ბევრი რამ გაიგოს. ძალიან ბევრს კითხულობს და წერას გაჭირვებით სწავლობს. მოსწონს ქართული სიმღერა და გიჟდება ქართულ ცეკვაზე. ვერ ვიტყვი, რომ სამზარეულო მოსწონს, რადგან ამბობს, რომ მძიმეა.

დღევანდელი გადმოსახედიდან, თქვენთვის საქართველო არის თავისუფალი, რისთვისაც თქვენ იბრძოდით?

- იმ ტრაგიკული დღიდან 32 წელი გავიდა. ჩვენთვის, ადამიანებისთვის არის 32 წელი ბევრი, მაგრამ ისტორიისთვის ერთი გაელვება და წამია. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ უნიკალური ერი ვართ. 9 აპრილმა ჩვენ დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოგვიტანა. თუმცა, როგორ ვმართავთ ჩვენს ქვეყანას, რა ვალდებულებას ავიღებთ თითოეული მოქალაქე, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი ქვეყანა, ოღონდ, ევროპული ცივილიზებულ ქვეყანასთან მიახლოვებული რომ გავხდეთ, ეს ჩვენს შრომაზე და პატრიოტიზმზეა დამოკიდებული. 9 აპრილმა მოგვიტანა უდიდესი რამ, რაც შეიძლება ადამიანმა ინატროს - ეს არის დამოუკიდებლობა. ჩემს ქვეყანას უდიდეს წარმატებას ვუსვებ და ნამდვილად ვიცი, რომ დადგება ის დღე, როდესაც ჩემი საქართველო იქნება წარმატებული. ძირითადად ახლაგაზრდა თაობის იმედი მაქვს, რადგან ეს თაობა თავისუფალ საქართველოში დაიბადა და ეს თაობა ფერადი თაობაა ყველაფრით. ეს თაობა ყველაფერს მიაღწევს, რომელიც ჩვენ დავიწყეთ.

ამის მიუხედავად, 32 წლის შემდეგ კვლავ რუსეთთან ბრძოლა გვიწევს - მათ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვთ...

  • ჩვენი ბრძოლა ჯერ დასრულებული არაა, ვიდრე ერთი გოჯი მიწა ოკუპანტ რუსეთს აქვს მითვისებული, სანამ ოკუპანტი ქვეყნის ჩექმა ჩემს მიწაზე დააბჯებს, მე ამ ბრძოლას დასრულებულად ვერ ჩავთვლი. ჩვენ გამარჯვებულნი მაშინ ვიქნებით, როდესაც გაერთიანებულ საქართველოს ვნახავთ. დაკარგულ ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთ.
Katana . "- იური მეჩითოვმა, როდესაც „ალჯაზირას“ ტელევიზიას ასეთი გამაოგნებელი ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ 9 აპრილს არავინ დაუჩეხიათ, ადამიანები ჭყლეტვაში მოყვნენ და ასე დაიღუპნენო... იური მეჩითოვმა 9 აპრილი მოიხსენია, როგორც შოუ. "
!!!
და ეს კაცი კულტურის მინისტრის მოადგილედ დასვა ამ ხელისუფლებამ!..
კულტურის მინისტრის!!!
უფრო ღირსეული კანდიდატი ვერ იპოვეს ამდენ განათლებულ, მხოლოდ ჩვენი კი არა, მსოფლიოს ისტორიის და ხელოვნების მცოდნე ქართველ პატრიოტს შორის!
მერე უკვირთ, რას გვერჩიანო!..
3 წლის უკან