დღეს ესპანეთის „ლა ლიგის“ 30-ე რაუნდში, მადრიდის „რეალი“ კატალონიის „ბარსელონას“ უმასპინძლებს.
მსოფლიო საფეხბურთო კლასიკად შერაცხულ დაპირისპირებაში, მადრიდელებს გუნდის კაპიტანი, სერხიო რამოსი და ასევე უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელები, რაფაელ ვარანი და დანი კარვახალი ვერ დაეხმარებიან, რადგან სამივე ტრავმირებულია.
„ბარსას“ მხრიდან კი, შეხვედრას ფილიპე კოუტინიო და ანსუ ფატი გამოტოვებენ. მიზეზი ამ შემთხვევაშიც ტრავმებია.
რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, 29 ტურის შემდეგ „ბარსელონა“ მე-2, ხოლო „რეალი“ მე-3 პოზიციაზეა.
გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა. პირველ პოზიციაზე კი „ატლეტიკოა“, რომელიც სამეფო კლუბს 2, ხოლო ბარსელონას, 1 ქულით უსწრებს.
მართალია ამ გუნდების დაპირისპირებებს დაძაბულობა არასდროს აკლია, თუმცა, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს განსაკუთრებულ დაძაბულობას უნდა ველოდოთ.
გუნდებს შორის სეზონის პირველი მატჩი, ნოემბერში, „ლა ლიგის“ მე-7 ტურში, „კამპ ნოუზე“ გაიმართა და მადრიდელთა გამარჯვებით, ანგარიშით: 3-1 დასრულდა.
იმ მატჩში, გამარჯვებულთა მხრიდან გოლები: ფედერიკო ვალვერდემ ლუკა მოდრიჩმა და სერხიო რამოსმა გაიტანეს, ხოლო კატალონიელთაგან პრესტიჟის გოლის ავტორი, ანსუ ფატი გახდა.
„ელ კლასიკო“ დღეს, საქართველოს დროით 23:00-ზე დაიწყება. შეხვედრას ესპანელი არბიტრი, მატეო ლაოსი განსჯის.