ჩისკო ინგლისის „ჩემპიონშიპის“ მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელი გახდა.
თბილისის „დინამოს“ ყოფილი, ამჟამად კი ინგლისური „უოტფორდის“ დამრიგებელი: ჩისკო მუნიოსი, „ჩემპიონშიპის“ თვის საუკეთესო მწვრთნელი გახდა. აღნიშნული ტიტულის მოსაპოვებლად ჩისკოს გარდა, „ნორვიჩის“ და „ბარნსლის“ დამრიგებლები: დენიელ ფარკე და ვალერიან ისმაილი იბრძოდნენ.
„ჩვენ სიამოვნებას ვიღებთ ჩვენი მუშაობით და ყოველთვის მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობთ, ეს ჯილდო „უოტფორდის“ თითოეულ წევრს ეკუთვნის, მათ გარეშე მე ვერაფერს მივაღწევდი“, - განაცხადა ჩისკომ Epl-სთან ინტერვიუში.
ესპანელი „უოტფორდს“, 2020 წლის 21 დეკემბერს, თბილისის „დინამოს“ დატოვების შემდეგ შეუერთდა და კრიზისში მყოფი გუნდი, „პრემიერ ლიგაში“ აღზევების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად აქცია.
40 წლის სპეციალისტის გუნდი ამჟამად „ჩემპიონშიპში“ მე-2 პოზიციას, 79 ქულით იკავებს. „ოქროს ბიჭებს“ ბოლო 7 მატჩია არ წაუგიათ, აქედან 6-ჯერ გაიმარჯვეს ხოლო ერთი მატჩი ფრედ დაასრულეს.