„რამ გაახსენა კაპანაძეს კასეტური ბომბები ცხინვალში? - რუსეთი ყველანაირად ცდილობს, სტრასბურგის სასამართლოს დისკრედიტაციას“

„რამ გაახსენა კაპანაძეს კასეტური ბომბები ცხინვალში? - რუსეთი ყველანაირად ცდილობს, სტრასბურგის სასამართლოს დისკრედიტაციას“

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, სერგი კაპანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც კაპანაძე ამბობს, რომ ქართულმა მხარემ 2008 წლის ომის დროს, კასეტური ბომბები გამოიყენა. ხაინდრავა სვამს კითხვას - რატომ გაახსენდა მაინც და მაინც დღეს სერგი კაპანაძეს ეს თემა, როდესაც მთელს რეგიონში ასეთი მძიმე ფონია შექმნილი? ხაინდრავა, რამდენიმე თემას ერთმანეთთან აკავშირებს და მიმდინარე პოლიტიკური ვითარების შეფასებისას, ხაზს უსვამს უკრაინაში არსებულ დაძაბულ სიტუაციას და ამ ფონზე საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას.

For.ge-ს კითხვაზე, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველოზე უკრაინა-რუსეთს შორის არსებულმა დაძაბულობამ, ხაინდრავა ამბობს, რომ არსებული მდგომარეობა საყურადღებოა, ვინაიდან, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ.

გოგა ხაინდრავა: ჩვენი ქვეყნისთვის საერთშორისო კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია. მოვლენები ძალიან სახიფათოა. იმედი მაქვს, ქართული საზოგადოება ამას ყურადღებას მიაქცევს. ძალიან მარტივი კითხვები არსებობს და ამ კითხვებზე მარტივი პასუხებია. კითხვებისა და პასუხების ერთობლიობა ნამდვილად გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გავერკვეთ იმაში, რაც ხდება. საერთაშორისო კონტექსტით დავიწყებ: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის მხრიდან აბსოლუტურად უპრეცედენტო განცხადებები იყო. მან გამოაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, ევროკავშირთან ურთიერთობა გაწყვიტოს. იგივე გამოაცხადა პატრუშევმა, რომელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანია. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ მოვლენებთან, რასაც უკრაინაში აქვს ადგილი. იცით, რომ რუსული სამხედრო არმადაა მობილიზებული უკრაინის საზღვარზე. ვფიქრობ, სამხედრო კონფლიქტი გარდაუვალია.

ლავროვს გაცხადებული აქვს, რომ კონფლიქტის შემთხვევაში უკრაინას დაშლიან. ესეცაა მიზანი. ვხედავთ, რომ ყოველდღე მატულობს დაძაბულობა და კონფლიქტი რეალურ სახეს იძენს. ამიტომ, ბუნებრივია, ამ მოვლენების განცალკევება იმისგან, რაც საქართველოში ხდება, აბსოლუტურად დაუშვებელია.

რაც შეეხება კაპანაძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას, რა დონეზე შეიძლება მსგავსმა განცხადებებმა ქვეყნის იმიჯი დააზარალოს, ჩვენ ვიცით, რომ ჰააგის სასამართლოში ჯერ კიდევ მიდის პროცესები, თუ არის იმისი საფრთხე, რომ რუსეთი შეეცდება ამ ყველაფრის გამოყენებას?

- რატომ გააკეთა სერგი კაპანაძემ განცხადება იმის შესახებ, რომ ცხინვალში ქართული მხარის მიერ კასეტური ბომბები იყო გამოყენებული? რა შუაშია - საერთოდ? რატომ გაახსენდა კაპანაძეს ეს თემა, რომელიც 13 წლის წინ მოხდა და, რომელიც სტრასბურგში რამდენიმე თვის წინ დაიხურა? სასამართლომ რუსეთისადმი იმ დანაშაულებრივი ქმედებების გამო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელა, განაჩენი გამოიტანა. კითხვა მარტივია: რამ გაახსენა კაპანაძეს კასეტური ბომბები ცხინვალში? რატომ დღეს? რატომ იმ გართულების ფონზე, რაც უკრაინაში ხდება? პასუხი მარტივია: რუსეთი ყველანაირად ცდილობს, ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაცია განახორციელოს. პირველ ყოვლისა კი - სტრასბურგის სასამართლოსი. როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის იმდროინდელი მოადგილე აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი კასეტური ბომბებით დაბომბა, ეს იმას ნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ქართული მხარის და არა – რუსული მხარის მიერ. სურათი აბსოლუტურად ნათელია: თუ გვინდა, რომ ხვალინდელ დღეზე ვიზრუნოთ, მივხვდეთ, რასთან გვაქვს საქმე, ღრმად უნდა ჩავწვდეთ იმ პრობლემებს, რის წინაშეც ვართ. პრობლემები ძალიან სახიფათოა. როგორც კი სერგი კაპანაძემ გააკეთა ეს განცხადება, იმ წუთში ნაფტალინიდან ამოღებულმა აკო მინაშვილმა დაადასტურა ეს განცხადება. ეს პირდაპირ დასაყრდენს აძლევს რუსულ მხარეს. უკვე გაჟღერდა, ქართული მხარეც ადასტურებს იმას, რომ სტრასბურგის განაჩენი არ არის სიმართლე და ქართულმა მხარემ მძინარე ცხინვალი დაბომბაო, როგორც ამის შესახებ ნათელაშვილი აცხადებდა. ეს სრული სიცრუეა. ქართულ მხარეს კასეტური ბომბები არ გამოუყენებია. ეს რომ ასე ყოფილიყო, რუსეთი სტრასბურგის სასამართლოში ამ ფაქტების წარდგენას არ დააყოვნებდა. მაგრამ წინაა ჰააგა, რომელმაც რუსული სამხედრო ძალების მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული უნდა დაადასტუროს. ამ სასამართლოს წინ საქართველოს ყოფილი ოფიციოზის მხრიდან გაკეთებული მსგავსი განცხადებები ძალიან სერიოზული საბუთია, რომელსაც რუსული მხარე დაეყრდნობა.

გინდათ თქვათ, რომ ოპოზიცია ქვეყნის დასავლური კურსის დისკრედიტაციას ახდენს?

- აბსოლუტურად ნათელია, რასთან გვაქვს საქმე. არის შალიკოს ფანჩატური, საიდანაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში შალვა ნათელაშვილის მხრიდან ევროპულ ინსტიტუტებზე, საერთაშორისო თანამეგობრობაზე, ამერიკელ პარტნიორებზე თავდასხმები გვესმის.
სახელმწიფო ინსტიტუტების დასანგრევად მიზანმიმართულ მოქმედებას ვხედავთ. მოქმედებს 100-კაციანი ზონდერბრიგადა და სამი იდეოლოგიური დივერსანტი: „Tv პირველი“, „მთავარი“ და „ფორმულა“, რომლებიც პირდაპირ საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან, ესაა რუსული ფული. მიხეილ სააკაშვილსა და მის ბიძას, თემურ ალასანიას სხვა ფული არ გააჩნიათ, ესაა რუსული ფული. ამ ფულითა და კეზერაშვილის ნაყაჩაღარი ფულით „მთავარი“ და „ფორმულა“ ფინანსდებიან. დიდი კითხვის ნიშნებია, რაზეც ხაზარაძესა და ჯაფარიძეს პასუხების გაცემა მოუწევთ.
თუ ამ ყველაფერს შევკრებთ, ვნახავთ, რაც ხდება: ხდება დასავლური გზის დისკრედიტაცია. ეს დაიწყო მაშინ, როდესაც საქართველომ გამოაცხადა, რომ 2024 წელს ევროკავშირში წევრობის შესახებ განაცხადის შეტანას აპირებს. იმ დღიდან მოყოლებული მშვიდი არც ერთი დღე არ ყოფილა. ყოველდღე არის დესტრუქცია. დესტრუქციას აწარმოებს ზონდერჯგუფი, რომელიც ასი კაცისგანაა შემდგარი და მათ სათავში უდგას მაქარაშვილი, რომელიც პირდაპირ რუსეთის მსახურია. ამას არასდროს მალავდა და დღესაც ამ საქმეს ემსახურება, ისევე როგორც ელენე ხოშტარია, რომელიც კაგებე-ს სამჭედლოშია გაზრდილი. ნახეთ, რა ხდება ეკლესიასთან დაკავშირებით - ეკლესიაზე შეტევას სათავეში უდგანან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. ეკლესიაზე დივერსიას აწარმოებს „ტვ პირველი“, რომელსაც სწორედ ეს ადამიანები აფინანსებენ. რატომ აფინანსებს ჯაფარიძე და ხაზარაძე ტელევიზიას, რომელიც ანტიეკლესიურ კამპანიას ეწევა? „ტვ პირველი“ გადაიქცა ანტიეკლესიურ პლატფორმად, საიდანაც ყოველდღე გვესმის ანტიეკლესიური, ანტირელიგიური სიუჟეტები. ეს არის იდეოლოგიური დივერსია. ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებად მოუწევს ჯაფარიძესაც და ხაზარაძესაც, ეს კითხვები ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის ლეგიტიმური იქნება. არანაირი კავშირი არ აქვს შალიკოს ფანჩატურს პოლიტიკასთან ისევე, როგორც არანაირი კავშირი არ აქვს ხაზარაძესა და ჯაფარიძეს და თუ აქვს, აგერ არის „აირაი“. წლების განმავლობაში არ ვაქცევდი ყურადღებას ამ შედეგებს. წარმოიდგინეთ, ბაქრაძე რომ გეყოლება პოლიტიკურ ლიდერად, ხომ წარმოგიდგენიათ, რა გათვითცნობიერებულია ეს ორგანიზაცია იმაში, რასაც აკეთებს, მაგრამ მიკერძოებული დაწესებულებისგანაც კი არიან ნულოვანი მხარდამჭერის პატრონები. ნულოვანი მხარდაჭერა აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობენ და სინამდვილეში ნულოვანი რეიტინგი აქვთ. ყველაზე შეურიგებელი უნდა იყო ქართული საზოგადოების მიერ პოლიციის მიმართ შეტევაზე. პოლიციაზე დგას მართლწესრიგი. მინდა, გავახსენო ეს დრო, განსხვავებით ჯაფარიძისა და ხაზარაძისგან, რომლებიც მაშინ ფულს შოულობდნენ, მე სამოქალაქო ომშიც ვიყავი, ცხინვალშიც, ნანახი მაქვს ყველა ის უბედურება, რა მოაქვს ჩამოშლილ სახელმწიფო ინსტიტუტებს, არ გააჩნიათ წესრიგი, კანონი, მართლწესრიგი, არ გააჩნია სტრუქტურები, რომლებიც ქვეყანას იცავენ. მაშინ დოლარებს არ ვითვლიდი, მე ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი და რამდენიმე კინოც მაქვს გადაღებული, რომ ახალმა თაობამ იცოდეს, რა მოაქვს ჩამოშლილ სახელმწიფოს. ამაზე ხაზარაძეს მოუწევს პასუხის გაცემა, ამ შეკითხვებს დაუსვამენ ყველგან, სადაც მივა.

9 აპრილს სიმბოლურად დაიგეგმა აქცია, რომელიც გარკვეული პოლიტიკური სპექტრის და მისი მიმდევრების პოზიციას და ქმედებებს გააპროტესტებს, რა შედეგს გამოიღებს ეს აქცია, ასეთი ბევრი გვახსოვს.

- მოვიდა დრო, როდესაც პოლიტიკურმა ჭაობმა უნდა დაამთავროს ქართული საზოგადოების „ბულინგი“. ქართულმა საზოგადოებამ უნდა დასვას კითხვები და უნდა მიიღოს პასუხები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანია შეწუხებული იმით, რაც დღეს საქართველოში ხდება. ქართული საზოგადოება უფრო მეტადაა გაზრდილი, ვიდრე ეს პოლიტიკური ჭაობი და ეს იდეოლოგიური დივერსიის ცენტრები, ის სამი ტელევიზია რომელიც ჩამოვთვალე. ამიტომ, აბსოლუტურად ნათელია, რომ თუ ქართული საზოგადოება, ჩვენი ხალხი არ დავსვამთ კითხვებს და არ შევაჯანჯღარეებთ ამ ზღვარგადასულ და გონებადაკარგულ ფსევდო-პოლიტიკურ წრეს, რომელსაც მიაჩნია, რომ ისინი არიან ამ ქვეყნის ღერძი, ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდება. ამიტომ, ჩვენ მათ უნდა დავანახოთ ჩვენი ძალა, მაგრამ ბუნებრივია, ეს უნდა გავაკეთოთ ძალიან ფრთხილად, რადგანაც ეს ნაღმები, რაც საზოგადოებაში იდება, იმისთვისაა, რომ მოხდეს დაპირისპირება. ამიტომ, ეს იქნება გია გაჩეჩილაძე თუ სხვა ვინმე, ვინც გადაწყვეტს, რომ თავისი სათქმელი უნდა თქვას, უნდა გაფრთხილდნენ, რომ ამ ყველაფერმა დაპირისპირების სახე არ მიიღოს. ვფიქრობ, რომ ხვალ ბევრი ადამიანი მივა, რადგანაც მე ვგრძნობ, რომ ხალხი არის უაღრესად აღშფოთებული იმის გამო, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ ყოველდღიურად.

 

 

Aburjga Tasmanieli სრულიად დარწმუნებული ვარ, ამ 30-32 წელმა და საქართველოს ისტორიის შესწავლამ დამარწმუნა, რომ სანამ რომელიმე იმპერიაში არ აღმოვჩნდებით პროვინციის სახით მანამ ეს პოლიტიკური ვაკხანალია აქ არ დამთავრდება! არა და ჩვენ, უბრალო ხალხს ევროკავშირში მონის სტატუსით ყოოფნას, რუსეთის იმპერიაში ჩვეული ღირსეული ყოფნა გვირჩევნია!
3 წლის უკან