"მილანი" და "იუვენტუსი" ფეხბურთელების გაცვლაზე ფიქრობენ

„იუვენტუსი“ და „მილანი“ ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ. იტალიური პრესა აქტიურად იტყობინება, რომ ფედერიკო ბერნარდესკი შესაძლოა „როსონერიში“ გადავიდეს, ალესიო რომანიოლი - „ბიანკონერიში“.

რომანიოლი „მილანის“ კაპიტანია, მაგრამ ბოლო პერიოდში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, ხოლო „იუვენტუსი“ ჯორჯო კიელინის შემცვლელს ეძებს. აღსანიშნავია, რომ რომანიოლიც კიელინის მსგავსად ცაციაა და დაცვის ცენტრში მხოლოდ მარცხნივ თამაშობს. „იუვეში“ ბერნარდესკიმ მოლოდინი ვერ გაამართლა და უმეტესად სათადარიგო სკამზე ზის, ხოლო „მილანი“ მარჯვენა ვინგერს აქტიურად ეძებს.

მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ორივე ფეხბურთელს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურებათ და არცერთთან ამ ეტაპზე თანამშრომლობის განახლება არ იგეგმება. ფეხბურთელებს ერთი აგენტი ჰყავთ - მინო რაიოლა.

26 წლის ალესიო რომანიოლი „რომას“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 14 მატჩში 1 გოლი გაიტანა. „მილანში“ ის 2015 წელს გადავიდა და 2018 წლიდან გუნდის კაპიტანია. „როსონერიში“ იტალიელმა მცველმა 219 თამაშში 9 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებში კი 12 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.

27 წლის ფედერიკო ბერნარდესკი „იუვენტუსს“ 2017 წელს „ფიორენტინადან“ შეუერთდა და შავ-თეთრი მაისურით 144 მატჩში 10 გოლი გაიტანა. მანამდე მან ფლორენციულ გუნდში 93 თამაშში თავი 23-ჯერ გამოიჩინა. იტალიის ნაკრებში ბერნარდესკიმ 29 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარი ხუთჯერ დალაშქრა.