„მესამეა თუ მეოთხე, ვერ ვითვლი, თუ ახალი შემთხვევები 800-ს გადასცდა, „ლოკდაუნი“ უნდა გამოცხადდეს“

„მესამეა თუ მეოთხე, ვერ ვითვლი, თუ ახალი შემთხვევები 800-ს გადასცდა, „ლოკდაუნი“ უნდა გამოცხადდეს“

დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, სპეციალისტები კიდევ უფრო აქტიურად ალაპარაკდნენ ე.წ. მესამე ტალღასა და მორიგ, სრულ „ლოკდაუნზე“, მიზეზად კი კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებას ასახელენენ. ამასთან, საგრძნობლად დაიკლო სამედიცინო პირბადის ტარების მაჩვენებელმა, რაც რეალურად ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას.

სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე მოსახლეობის საკმაოდ სოლიდური ნაწილი აცხადებს უარს, რაც გარკვეულწილად განპირობებულია იმით, რომ ვაქცინაციის ირგვლიც სერიოზული ანტიკამპანიაა აგორებული და საზოგადოება პრაქტიკულად არ ენდობა მას.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში მომატებულია ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი და ინციდენტობის მაჩვენებელი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მესამე ტალღის რისკის წინაშე ვდგავართ. მისივე განცხადებით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მესამე „ლოკდაუნის“ თავიდან აცილებაა. ამის შესახებ მინისტრმა ერთ-ერთ ეთერში ისაუბრა.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, შევძლოთ და მესამე ლოკდაუნი თავიდან ავიცილოთ. ამისთვის გვესაჭიროება ჩვენი მოქალაქეების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. კვლავ მოვუწოდებთ მათ, ინტენსიურად გამოიყენონ პირბადე. მნიშვნელოვანია ასევე სოციალური დისტანცირება და თავის არიდება მასიური შეკრებიდან. სამწუხაროდ, მომატებულია ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი და ინციდენტობის მაჩვენებელი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ მესამე ტალღის რისკის წინაშე ვართ“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე For.ge-სთან ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში ე.წ. მესამე ტალღა უკვე დაწყებულია და ახლა მნიშვნელოვანია თავიდან ავირიდოთ მორიგი „ლოკდაუნი“, რაც არსებული ეპიდვითარების ფონზე არ არის გამორიცხული.

„მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილიანობა შედარებით შემცირებულია, ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა მოიმატა. სადაც მეოთხე ტალღაა ამერიკაში და ევროპაში, ალბათ, მოსალოდნელია ჩვენთანაც მსგავსი რამ მოხდეს. ერთადერთი რამაც იმუშავა, შეზღუდვების განხორციელებაა.

ჩვენთან მასიური აცრა ისეთი სისწრაფით არ მიმდინარებს, როგორითაც სიტუაცია მოითხოვს. ეს მარტო მთავრობის ბრალი არ არის. ვაქცინა გვაქვს, თუმცა ადამიანები თავს იკავებენ, გარკვეული შიშების არსებობა და ზერელე დამოკიდებულებაც აფერხებს აცრის პროცესის ეფექტურობას და აქტიურობას.

ჩემთვის მესამე ტალღა დაწყებულია უკვე. დღეში 100 შემთხვევა იყო და ახლა არის 500. როგორც ადრე, 2000-ს არ გადაცდება, მაგრამ არსებობს დიდი და პატარა ტალღები. ჩვენ არ უნდა მივცეთ პატარა ტალღას საშუალება დიდ ტალღად გადაიქცეს. მესამეა თუ მეოთხე, ვერ ვითვლი. ფაქტია, რომ დინამიკაში მატებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი ინციფირებული დადის ქვეყანაში. თუ ახალი შემთხვევები გადაცდა 800-ს, უკვე „ლოკდაუნი“ უნდა გამოცხადდეს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მოქმედი რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდა, ბოლო კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელმა 2%-ს გადააჭარბა, ამასთან, გაიზარდა კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობაც.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საზოგადოებამ არსებული გამოცდილება უნდა გამოიყენოს და ვითარების შემდგომი გაუარესების თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გააკეთოს.

მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია დისტანციისა და პირადი ჰიგიენის დაცვა. გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის რამდენიმე რეგიონში კლასტერების გაჩენას წინ ხალხმრავალი შეკრებები - ქელეხები და ქორწილები უძღოდა და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა თავი შეიკავონ მსგავსი ღონისძიებებისგან.

„ამისთვის მთავარია, მაქსიმალურად ავწიოთ პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც ჩამოვარდნილი იყო 75%-დან 43%-ზე. ბოლო მონაცემებით გვაქვს 51%. ანუ, ადამიანებს როცა ვეუბნებით, რომ აუცილებელია ყველამ ყველგან ვატაროთ პირბადე, ეს გარკვეულ შედეგს გვაძლევს, მაგრამ ცოტაა. უნდა ავიდეთ სულ მცირე 75-80, საუკეთესო შემთხვევაში 90%-ზე, რომ ვიყოთ შედარებით მშვიდად.

ეს დადგენილებით ისედაც შეზღუდულია, მაგრამ მოსახლეობა, სამწუხაროდ, არ დაჰყვება ამ შეზღუდვებს. როგორმე გავითავისოთ, რომ თუ არ გვინდა მესამე ტალღაში შევიდეთ და ქვეყანაში ნოემბერი და დეკემბერი განმეორდეს, უნდა დავიცვათ ეს რეკომენდაციები“, - განაცხადა გამყრელიძემ.