დეკემბრის თვე ყოველთვის ღარიბია ახალი ალბომების გამოცემის თვალსაზრისით, არც ჰიტ-პარადები იცვლება მაინცდამაინც, რადგან ევროპული, თუ ამერიკული მუსიკალური საზოგადოება უპირველეს ყოვლისა წინასაახალწლო ორომტრიალშია ჩართული და დისკების გაყიდვის რაოდენობის მაჩვენებელი ამ პერიოდში შედარებით მწირია. ამიტომაც ძირითად ყურადღებას დაბადების დღეებსა და გარდაცვალების თარიღებზე გადავიტანთ, მით უფრო, რომ ამ მხრივ დეკემბრის თვე მართლაც რომ გამორჩეულია.
დამწყებმა მუსიკის მოყვარულმაც კი უწყის, რომ 8 დეკემბერი შესაძლოა ყველაზე სიმბოლური თარიღია როკ-მუსიკის ისტორიაში. ჯიმ მორისონსა და ჯონ ლენონს ხომ პლანეტის ნებისმიერ კუთხეში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ერთსა და იმავე დღეს პირველის დაბადებისა, ხოლო მეორის კი გარდაცვალების თარიღი, ერთგვარად როკ-მუსიკის უკვდავებაზე მიგვანიშნებს საღი აზრის გამოხატვის უებარი საშუალების თვალსაზრისით, რომ მუსიკის შექმნა თავისუფალი ადამიანების ხვედრია და რომ მუსიკალური, თუ მხატვრული ხელოვნების ნამდვილი ნიმუში ვერასოდეს შეიქმნება მაუსით.
ვინ იყვნენ ლენონი და მორისონი? მსოფლიოს გადატრიალების სურვილით შეპყრობილი საოცარი ნიჭის მქონე პიროვნებები, თუ ჩვეულებრივი ადამიანები თავიანთი სისუსტეებითა და უარყოფითი მხარეებით, ახალგაზრდული ამპარტავნებითა, თუ შურიანობით. ორიოდე სიტყვით ალბათ ვიტყოდით, რომ მათმა ხანმოკლე სიცოცხლემ ყოველივე ზემოთქმული დაიტია და ვინ იცის ამაშიცაა მათი პიროვნულობა. ერთი კია, რომ ერთსა და იმავე ეპოქაში მოღვაწეობის მიუხედავად, იდეურად ისინი მკვეთრად განსხვავდებოდნენ როგორც ერთიმეორისაგან, ასევე ზოგადად ჰიპებისაგან, რომელნიც ყოველთვის ესწრაფვოდნენ მათთან სიახლოვეს. ამიტომაც ისიც სიმბოლურია, რომ ვუდსტოკზე არცერთი მათგანის ხსენება არ ყოფილა...
ფრენკ ზაპაც არასოდეს ყოფილა ჰიპი, მაგრამ მისი აზროვნება გაცილებით ახლოს იდგა 60-70-ბის ახალგაზრდობის სულისკვეთებასთან. უცნაურია, მაგრამ სცენაზე მოღვაწეობის თითქმის 30-წლიანი სტაჟის მიუხედავად, მასზე აუგი სიტყვა არცერთ მუსიკოსს არ დასცდენია. ფრენკ ზაპას მუსიკოსების ჩამონათვალს კი ალბათ თაბახის ერთი გვერდიც არ ეყოფოდა... ვინ იყო მაინც ზაპა? ეს იყო გენიალური მუსიკოსი, რომელმაც შექმნა საკუთარი – უაღრესად გამორჩეული მუსიკალური სტილი, რომელმაც ჯაზი და როკი ახლებურად აამეტყველა, ერთიმეორეს გადააჭდო, დაურთო ავტორის საოცარი იუმორი, განუმეორებელი ხმისა და გიტარის ტემბრი, ერთიმეორეზე მაგარი დრამერები, ბასისტები, პიანისტები, მევიოლინეები, მომღერლები, სასულე
ინსტრუმენტებზე შემსრულებლები და ბოლოს... Captain Beefheart, რომელთან ტანდემიც ფრენკ ზაპას ერთიმეორისაგან ისედაც დიდად განსხვავებულ ექსპერიმენტულ ალბომებშიაც კი ადვილად ამოიცნობა. ფრენკ ზაპას შეეძლო ბობ დილანის, მარკ ბოლანის, ზეპელინისა თუ ჰენდრიქსის პაროდირება, ალბომ “Guitar” შექმნა, რომლის მოსმენაც ნებისმიერი გიტარისტის ვალდებულებაა და ბოლოს დრამერ ტერი ბოზიოსა, თუ მომავალი King Crimson-თვის გიტარისტისა და მომღერლის – ედრიან ბელიუს აღმოჩენა...
ფრენკ ზაპას 21 დეკემბერს უკვე დაბადების დღეს მივულოცავთ, ხოლო ედრიან ბელიუმ კი ტრეი განი მოგვაგონა, რომელსაც 50 წელიწადი უსრულდება. რობერტ ფრიპის აღმოჩენა, ტონი ლევინთან ერთად შესანიშნავად ფლობს ზორბა ჩეპმენის სტიკსა და მაიკლ უორის გიტარას. ამ ინსტუმენტებს არამარტო ბას-გიტარის ფუნქცია აკისრიათ, არამედ შეუძლიათ სოლო გიტარის, ვიოლინოსა, თუ სხვადასხვა ტიპის კლავიშებიანი ინსტრუმენტის ბგერის გამოცემა.
მათი ფლობა კი მართლაც რომ ვირტუოზთა ხვედრია. ყოველივე ეს კარგად გამოჩნდა King Crimson-ის 1995 წლის ალბომში VROOM, სადაც რობერტ ფრიპმა ჯგუფი “დაბლ ტრიოს” სახით წარმოადგინა. ორმა გიტარისტმა – რობერტ ფრიპმა და ედრიან ბელიუმ, ორმა დრამერმა ბილ ბრაფორდმა და პატ მასტელოტომ და ზემოთხსენებულმა დუეტმა, უაღრესად განსხვავებული კომპოზიციებისაგან შემდგარი ჭეშმარიტად როკული ყაიდის ექსპერიმენტული ალბომი წარმოგვიდგინა. ტრეი განი King Crimson -ში და სოლო მოღვაწეობის გარდა, განთქმულია ერთობლივი პროექტებით ჯონ პოლ ჯონსთან, დევიდ სილვიანთან, ერიკ ჯონსონთან თუ კიდევ სხვა მრავალ მუსიკოსთან.
უცნაურია, მაგრამ ფრენკ ზაპას რეპერტუარში როკ-ნ-როლი ალბათ არც მოიპოვება. ჩვენი განხილვის მეორე ნაწილს კი მე-20 საუკუნის ამ მუსიკალური მიმდინარეობის გამორჩეული წარმომადგენლით განვაგრძობთ. ვინ იცის, როი ორბისონმა 60-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული როკ-ნ-როლის დედაქალაქი მემფისიდან ნეშვილში გადაიტანა, აღმოჩნდა რა იმ პერიოდის ბილბორდის ჰიტებში მუსიკოსის 22 (!) სიმღერა. მათ შორის ყველაზე ცნობილი Pretty Woman გახლავთ, რომელსაც ასაკი ისევე არ გააჩნია, როგორც ჯონ ლენონსა და ჯიმ მორისონს...
როი ორბისონის 70-იანი წლების შემოქმედება ბევრს არაფერს გვამცნობს საინტერესოს. სამაგიეროდ 80-იან წლებში იგი თითქოს ყველაფერს თავიდან იწყებს, მისი სახელი კვალავ ჩარტებშია The Traveling Wilburys-ში მოღვაწეობისას ჯორჯ ჰარისონთან, ჯეფ ლინთან, ტომ პეტისთან და ბობ დილანთან ერთად. როი ორბისონი ამშვენებს როკ-ნ-როლის დიდების დარბაზს და მის სახელს ჟურნალ როლინგ სტონის გამოკითხვის მიხედვით მსოფლიოს 50 უძლიერეს მომღერალს შორის 37-ე ადგილი უკავია.
სავსებით შესაძლებელია, რომ ამერიკამ ყველა დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როკ-ნ-როლის შემსრულებელი დაკარგა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იგი 1915 წლის 12 დეკემბერს დაიბადა... ფრენკ სინატრას სახელი მუსიკაში ოდნავ ჩახედული ადამიანისთვისაც კი ცნობილია, რომ აღარაფერი ვთქვათ Sex Pistols-ის სიდ ვიშესზე, რომლის My Way-იც კარგი იქნებოდა, რომ ასახულიყო მის უკუღმართ ცხოვრებაზე. ფრენკ სინატრასეული My Way კი ყოველწლიურად გამოიცემა სხვა მრავალ უკვდავ ჰიტთან ერთად და მყიდველიც უკვე სამი თაობისა ჰყავს, რადგან წარმოშობით სიცილიელ მომღერალს თაყვანისმცემლების ფართო სპექტრი არამარტო ოკეანის გაღმა აღმოაჩნდა...
ყველაფერი კი 1933 წელს დაიწყო, როდესაც ნიუ-ჯერსიში ფრენკმა თავისი კუმირი ბინგ კროსბი იხილა სცენაზე. სწორედ მაშინ გადაწყვიტა მან მომღერლობა. 38 წლის შემდეგ ფრენკ სინატრამ “პენსიაზე გასვლა” განიზრახა, თუმცა შიგადაშიგ კონცერტებს მაინც მართავდა. 1979 წელს მან სასწაული მოახდინა, 64 წლის ასაკში ჩაწერა რა მსოფლიო ჰიტი “New York, New York”. 1988-89 წლებში მომღერლის დასამშვიდობებელი ტურნე ჩატარდა, ხოლო 1994 წელს ფრენკ სინატრა უკანასკნელად გამოჩნდა სცენაზე.
1949 წლის 12 დეკემბერს პოლ როჯერსი დაიბადა. თავდაპირველად იგი ინგლისურ ფსიქოდელიურ ბლიუზ-როკ ბენდ Free-ის ვოკალისტი გახლდათ, სადაც მან გიტარისტ პოლ კოსოვთან, ბასისტ ენდი ფრეზერთან და დრამერ საიმონ კირკთან ერთად არაერთი ლამაზი სიმღერა შექმნა ზოგი სიმძლავრით, ზოგიც მელოდიურობით გაჯერებული. განსაკუთრებული პოპულარობით ცნობილი ჰიტები All Right Now, Be My Friend და Mr. Big სარგებლობდნენ. Free–ის იდეა ფსიქოდელიური ეპოქის დასრულებამ გამოიწვია.
საბოლოოდ, 1973 წელს, Led Zeppelin-ის მენეჯერ პიტერ გრანტის მეოხებით Atlantic Records-ის ყულაბის შესავსებად სუპერჯგუფი Bad Company ჩამოყალიბდა, სადაც Free–დან პოლ როჯერსისა და საიმონ კირკის გარდა, Mott The Hopple-ს გიტარისტი მიკ რალფსი და King Crimson-ის ბას-გიტარისტი ბოზ ბარელი შევიდნენ. კვარტეტმა მელოდიური და ძალზედ სასიამოვნო სოფტ-როკის არაერთი ნიმუში შექმნა და 80-იან წლებამდე ღირსეულად იმოღვაწა.
პოლ როჯერსის შემოქმედების მომდევნო ეტაპები კი საკმაოდ არათანაბარია. 80-იან წლებში ჯიმი პეიჯისა და მისი ორი ერთობლივი ალბომი ბევრი ვერაფერი ბედენაა, ხოლო ბადი გაისთან ერთად ჩაწერილი ერთადერთი სიმღერის – Some Kind Of Wonderful ქავერვერსიამ გარდა იმისა, რომ იგი კვლავ ჰიტ-პარადებში დააბრუნა, ბლიუზისადმი მისწრაფებაც გაუღვიძა, რასაც მოჰყვა 1993 წელს ჩაწერილი ფანტასტიური ალბომი Muddy Water Blues. 2004 წელს როკ-სამყარო შოკირებული იყო Queen-ის გაერთიანებით ფრედი მერკურის გარეშე. მისი ფუნქცია, სწორედ რომ პოლ როჯერსმა იტვირთა.
როგორ მოახერხა მან ეს ამბავი, გემოვნების საკითხია. უბრალოდ გლობალური სამყაროს გლობალური “გაპაპსავების” ეპოქაში, Queen+Paul Rodgers პროექტმა და “ჩემპიონთა დაბრუნებამ”, როკ-ნ-როლის უკვდავებაზე კიდევ ერთხელ მიანიშნა თანამედროვეობის უნიჭო ჰიტ-მეიკერებს. მაყურებელმა დიდი სიამოვნებით მიიღო ახალი პროექტის საკონცერტო DVD, სადაც მერკურის ურთულესი პარტიების გარდა, პოლ როჯერსმა Free-სა და Bad Company-ის სიმღერებიც შეასრულა ბრაიან მეის ვირტუოზული გიტარ-პარტიების თანხლებით...
დასასრულ კი მოგახსენებთ, რომ 1977 წელს ბატონი პოლ მაკარტნი უაღრესად ბედნიერი შეხვდა, რადგან Wings-ის სამ დისკიანი საკონცერტო ალბომი Wings Over America მიუხედავად წინასაახალწლო ორომტრიალისა, სწორედ ამ პერიოდში იქცა “ოქროს ჩანაწერად”...