მიუნხენის „ბაიერნი“ ხვიჩა კვარაცხელიას დამატებას შეეცდება. გერმანული Express 24-ის ცნობით, ზაფხულში რეკორდმაისტერი, ქართველი ტალანტის დამატებას შეეცდება.
„მიუნხენის „ბაიერნმა“ გამოხატა დაინტერესება ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ, „ბაიერნი“ მის ამჟამინდელ კლუბთან მოლაპარაკებების დაწყებას ზაფხულში აპირებს“, - ვკითხულობთ საიტზე.
ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად რუსეთის „პრემიერ ლიგის“ კლუბ, ყაზანის „რუბინში“ ირიცხება.
Transfermarket-ის მიხედვით მისი ფასი, 10 მილიონი ევროა. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, „რუბინი“ ქართველ ფეხბურთელს 25 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა.
20 წლის თავდამსხმელი ყაზანურ კლუბს, 2018-2019 წლების სეზონში, მოსკოვის "ლოკომოტივიდან" შეუერთდა. მან კლუბის მაისურით 48 მატჩი ითამაშა და 6 გოლი გაიტანა.
ხოლო ეროვნული ნაკრების მაისურით გამართულ 8 შეხვედრაში, 3 გოლის გატანა მოახერხა.
კვარაცხელია ევროპული გამოცემების და საფეხბურთო კლუბების თვალთახედვის არეში, სწორედ მარტის სანაკრებო მატჩების შემდეგ მოექცა. მართალია უცხოურ პრესაში მის შესახებ ადრეც იწერებოდა, თუმცა წარმატებული სანაკრებო მატჩების შემდეგ მის მიმართ ინტერესი გაიზარდა, რასაც ისიც მოწმობს, რომ Transfermarket-ზე უკანასკნელ დღეებში ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი მოთამაშეა.
28 მარტს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და 2-1 დამარცხდა.
„ჯვაროსნების“ მხრიდან საუკეთესოდ, 20 წლის ქართველი ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. რომელმაც მატჩში, ქართველების ერთადერთი გოლი გაიტანა. გარდა გოლისა, კვარაცხელია შესანიშნავი დრიბლინგებითაც გამოირჩა და მატჩის შემდეგ, ესპანელთა დამრიგებლის ლუის ენრიკეს შექებაც დაიმსახურა.
„ხვიჩა ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ძალიან მაღალი ხარისხის მოთამაშეა და თუ ასე გააგრძელებს, დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ“, - განაცხადა ესპანელთა თავკაცმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.
ჯერჯერობით დაზუსტებით არარის გადაწყვეტილი ფეხბურთელის მომავალი, თუმცა ცნობილია, რომ თავად ხვიჩას „რუბინიდან“ წასვლა უნდა, რაც არა ერთ ინტერვიუში დაადასტურა.