ეკონომიკისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ენერგეტიკოსებთან, ეკოლოგებთან, სეისმოლოგებთან, ჰიდროლოგებთან და გეოლოგებთან შეთანხმდნენ, რომ დაინტერესებული ექსპერტები ორი თვის განმავლობაში იმსჯელებენ ნამოხვანი ჰესის პროექტის კვლევებზე. რას მოიტანს ახალი ტაქტიკური ნაბიჯები, ამას დრო გამოაჩენს, თუმცა მთავრობა ცდას არ აკლებს, რომ რიონის ხეობის მოსახლეობაში პროტესტი გაანეიტრალოს, რაც ურთულესი იქნება. ძნელი წარმოსადგენია, ყველაფრის მოწინაღმდეგე ადგილობრივებმა მასშტაბურ პროექტზე გული მოიბრუნონ.
„დღეს დავიწყეთ პროცესი, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „უკეთესი ნამოხვანისთვის“. ჩვენ შევთანხმდით ინვესტორ კომპანიასთან, რომ კაშხალი არ აშენდება, ვიდრე ძირითადი კვლევების გადამოწმება არ მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად, მიგვაჩნია, რომ კვლევები საკმაოდ სოლიდურია, მრავალი წელი მიმდინარეობდა და შესრულებულია კვალიფიციური ექსპერტების მიერ, სრულყოფა ყოველთვის შეიძლება. თუნდაც იმისთვის, რომ მოიხსნას ბევრი კითხვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და შეიქმნას მეტი ნდობა პროექტის ირგვლივ.
ჩვენ ჩავრთეთ ფართო საზოგადოება - ექსპერტები, სამეცნიერო წრეები, სამოქალაქო სექტორი, ვისაც გააჩნია კომპეტენცია და სურვილი, რომ ჩაერთოს როგორც კვლევების გადამოწმებაში, ასევე შემდგომ უშუალოდ მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ისინი თუკი გამოავლენენ რისკს, რაიმე ხარვეზს, ან გამოთქვამენ სურვილს, რომ, რომელიღაც კომპონენტი კვლევების შეიძლება იყოს გასაძლიერებელი, ჩვენ იგივე ფორმატით შევიკრიბებით, მოვისმენთ მათ რეკომენდაციებს, შევიმუშავებთ მათი გადაჭრის გზებს და წარვუდგენთ კომპანიას. ეს არის გარანტია იმისა, რომ პროექტი სრულიად უსაფრთხო იქნება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე სამშენებლო ნებართვა მოსამზადებელ სამუშაოებზეა გაცემული, რომელიც ადგილზე სამშენებლო ბანაკის გამართვას და სხვადასხვა ტიპის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოიცავს.
„ეს მოსამზადებელი სამუშაოები უნდა გაგრძელდეს. პრაქტიკულად, სამუშაოები არც შეწყვეტილა, კომპანია ადგილზეა, ტექნიკა იქ არის, მუშები იქ არიან და გაგრძელდება ნორმალურ რეჟიმში. ასევე შეგახსენებთ, რომ 28-კილომეტრიანი გზის საკმაოდ დიდ მონაკვეთს კომპანია შეაკეთებს ან ახლიდან ააშენებს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს. აქ რაიმე რისკები, რომელთაც ჩვენი ექსპერტებიც ხედავდნენ, არ არსებობს.
მთავარი კითხვები იყო კაშხალთან და წყალსაცავთან დაკავშირებით და ჩვენ საკმარისი დრო გვაქვს იმისთვის, რომ მოვისმინოთ რეკომენდაციები და გამოსწორების მითითებები მივცეთ კომპანიას და უკვე ამის საფუძველზე გაიცეს ნებართვა კონკრეტულ ნაგებობაზე“, - განმარტა ნათია თურნავამ.
გარემოს დაცვის მინისტრის, ლევან დავითაშვილიც აღნიშნავს, რომ „ნამოხვანი“ ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია. პროცესის გახსნისთვის მზად არიან არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტები, არამედ თავად მშენებელი კომპანია „ენკაც“.
„გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო ამ პროექტზე მუშაობა. ძალიან ბევრი კვლევა არსებობს. ექსპერტებს ექნებათ წვდომა ამ ინფორმაციაზე, გადაამუშაონ და საბოლოოდ, საზოგადოებისთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მივიღოთ ისეთი შედეგი, რაც ყველას ინტერესშია. „ნამოხვანჰესი“ მივიღოთ იმგვარად, რომელიც პასუხობს საზოგადოების ინტერესებს. პროექტის განხორციელებაზე ჩვენ კითხვას არ ვსვამთ – პროექტი განხორციელდება. უბრალოდ, მშენებლობის პერიოდშივე, შეიძლება, ამა თუ იმ მიმართულებით მოხდეს საინჟინრო გადაწყვეტილებების კორექტირება იმ ანალიზის საფუძველზე, რომელზეც ჩვენ მზად ვართ, ექსპერტებთან ერთად ჩავატაროთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა და დასძინა, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემა აღმოფხვრილია. ისინი ითხოვდნენ, რომ პროექტი მათთვის სანდო ექსპერტებს შეესწავლათ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სახელმწიფომ კვლევების დაფინანსება, რომ მიკერძოებულობა გამოირიცხოს.
მასშტაბურ პროექტს აფასებენ არასმთავრობო სექტორშიც. ორგანიზაცია WEG World Experience for Georgia აცხადებს, რომ ენერგეტიკულად ნამოხვანჰესი საქართველოს ენერგოსექტორის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან ერთ-ერთი ყველაზე უფრო მომგებიანი მასშტაბური პროექტია. პროექტის ფინანსური, იურიდიული, გარემოს და სოციალური საკითხები კი ცალკე, შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტების მსჯელობის საგანი უნდა იყოს.
„ჩვენ, ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ორგანიზაცია, არ ვართ დაინტერესებული რომელიმე კონკრეტული პროექტის ან პოლიტიკური მიმდინარეობის მხარდაჭერით. მოვალეობად მივიჩნევთ, საზოგადოებას მივაწოდოთ ფაქტებზე და საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული, ობიექტური ინფორმაცია. კვლევა აჩვენებს. რომ ენერგეტიკულად ნამოხვანჰესი საქართველოს ენერგოსექტორის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან ერთერთი ყველაზე უფრო მომგებიანი მასშტაბური პროექტია. ამასთან, მიგვაჩნია, რომ პროექტის ფინანსური, იურიდიული, გარემოს და სოციალური საკითხები ცალკე, შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტების მსჯელობის საგანი უნდა იყოს. ჩვენის მხრივ, ვეცდებით გავაგრძელოთ ენერგეტიკაში ანალიტიკური და ინფორმაციული საქმიანობა და შედეგები სამსჯელოდ გამოვიტანოთ“, - განმარტავენ WEG World Experience for Georgia-ში.
ნამოხვანჰესის მშენებლობას პრემიერ-მინისტრიც განმარტავს. ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, ნამახვონჰესის მშენებლობას ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მთავრობის მეთაურის თქმით, კომპანია პანდემიის დროს შექმნილი კრიზისის პირობებში 840 მილიონ დოლარიან ინვესტიციას ახორციელებს, რისი შეფერხებაც არაგონივრული და გაუმართლებელია.
ამ ეტაპზე ნამოხვანჰესის კაშხლის მშენებლობა 9-12 თვით შეჩერებულია.