თბილისში, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის ზემოთ, მთის ფერდზე გაჩენილი მეწყრული სხეული ნელ-ნელა გადაადგილდება. დედაქალაქის მერიამ მეწყრული ზონის შესასწავლად გერმანიიდან სპეციალისტები ჩამოიყვანა, როგორც თბილისის მერიაში for.ge-ს განუცხადეს, გერმანელი სპეციალისტების დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი, მანამდე კი მერიაში აღნიშნულ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.
For.ge დაინტერესდა, რამ გამოიწვია მეწყრული ზონა. ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია სეისმურად აქტიურია, ეს იყო ბუნებრივი პროცესი, თუ მშენებლობების გააქტიურებამ დააჩქარა პროცესი. ცნობილია, რომ მთის დაბლა, მაჭარაშვილის ქუჩაზე თბილისის მერიას ახალი გზა გაჰყავს.
როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოლოგმა, თეა გოდოლაძემ გვითხრა, მეწყერი გზის მშენებლობამ გამოიწვია. გეოლოგი გერმანელი სპეციალისტების დასკვას ჯერ არ გასცნობია, თუმცა, მან აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით თავად გამოაქვეყნა შუალედური დასკვნა.
„გერმანელების დასკვნას ჯერ არ გავცნობილვარ, იმედია გაგვაცნობენ. მე ჩემი შუალედური დასკვნა გამოვაქვეყნე. ჩემი დასკვნის მიხედვით, ვაშლიჯვარში მეწყერული ზონა მშენებლობით არის გამოწვეული. ეს არის ადამიანის უხეში ჩარევით გამოწვეული პროცესი. ასევე მინდა გითხრათ, რომ იქ სადაც საშიშროება არის, მოსახლეობის ევაკუაცია უნდა მოხდეს“, - გვითხრა თეა გოდოლაძემ.
For.ge გთავაზოთ, გეოლოგ თეა გოდოლაძის დასკვნიდან ამონარიდს:
„ჩვენი სამუშაო ჯგუფი ინფორმაციის გავრცელებისთანავე გავიდა მეწყრული სხეულის შესაფასებლად. გამოყენებულ იქნა ჩვენს ხელთ არსებული მეწყრული სხეულისთვის საჭირო მონიტორინგის სისტემები: 1. ფოტოგრამმეტრიული აეროფოტო გადაღება 2. ელექტრული და სეისმური პროფილირება. 3. გეოდეზიური აგეგმვა 4. გეოლოგიური აგეგმვა. 5. სეისმური მონიტორინგი. ჩამოთვლილი მეთოდები არასაკმარისია დაძრული მეწყრული სხეულის სრული მონიტორინგისათვის. მერწყული სხეულის ჩამოწოლის მაჩვენებელი მთავარი პარამეტრი არის სხეულის აჩქარების გაზომვა, რომელიც ხორციელდება ექსთენსომეტრის საშუალებით. ამჟამად ვცდილობთ აეროფოტოგადაღებითა და გეოდეზიური აგეგმვით შევაფასოთ მასის გადაადგილების სიჩქარე და აჩქარება, რაც დაკავშირებულია ცდომილებასთან, მაგრამ გვიჩვენებს პროცესის განვითარების ცხად სურათს. მიმდინარეობს მოლაპარაკება ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან, რათა სწრაფად შემოვიტანოთ ექსთენსომეტრი და მაღალსიხშირული სეისმომეტრები, რომელიც მეწყრის ტანზე ინსტალირდება და ონლაინ რეჟიმში მეწყრის ტანის დაბზარვის ხარისხის შესახებ გვაძლევს ინფორმაციას. ამჟამად მოქმედი 3 სეისმური სადგური ჩაიწერს მეწყრის მოწყვეტას, მაგრამ მოწყვეტის შესაძლო პროგნოზირებისათვის, აუცილებელია დავაკვირდეთ დაბზარვის მაჩვენებელს. ეს კი, როგორც აღვნიშნეთ, მიიღწევა მეწყრის ტანზე სხვა ტიპის სეისმური სენსორების ინსტალაციით.
საჭიროა ერთი გეოტექნიკური ჭაბურღილის გაკეთება, რომლის ჭრილიც ინფორმაციას მოგვცემს ამგები ქანებისა და მათი ფიზიკა-მექანიკური მდგომარეობის შესახებ. ბურღი შესაძლებელია გაკეთდეს მეზობელ ტერიტორიაზე, რათა არ მოხდეს მეწყრული სხეულის ზედმეტი შეშფოთება“.
გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე for.ge-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ვაშლიჯვარში მეწყერული ზონა 2019 წელს გაჩნდა და თბილისის მერიისთვის ეს ცნობილი იყო. გერმანელი სპეციალისტების დასკვნის შესახებ ინფორმაცია, ყოფილი მინისტრისთვისაც უცნობია.
„სიმართლე გითხრათ, გერმანელი სპეციალისტების დასკვნა არ ვიცი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჯერ მათი დასკვნა არ გავრცელებულა. უშუალოდ მე პროცესში ჩართული არ ვყოფილვარ. იქ გეოლოგები მუშაობდნენ. მე ინფორმაციას ზოგადად ვიღებდი. მთავარი იყო, რომ სპეციალისტებს სწორი სურათი დაედოთ.
რაც შეეხება უშუალოდ მეწყერის წარმოშობის მიზეზს, ეს მოხდა ბუნებრივად. თუმცა, ეს სახიფათო ზონა რომ იყო, ამის შესახებ მერია ინფორმირებული იყო. 2019-2020 წლებში გარემოს დაცვის სააგენტომ თბილისის სრული დალუქება გააკეთა და ვაშლიჯვარში არსებული მთა მომატებულ სახიფათო ზონად დაასახელა, რადგან დაფიქსირებული იყო მეწყერი. იქ იყო ორი ღვარცოფული მშრალი ხევი. ამიტომ ეს გამოწვეულია მშენებლობით თუ სხვა რამით, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ. რადგან მთის ძირში ხდებოდა გზის მშენებლობა, შესაძლოა მეწყერი მას გამოეწვია, მაგრამ ამას დამატებითი ანალიზი სჭირდება. ფაქტი მომხდარია, შესაბამისად, ჩვენ ვერაფერს დავამატებთ იმის გარდა, რაც ვიცით. ახლანდელი ჩვენი ამოცანაა, რომ რამენაირად მოხდეს სამუშაოების შეკავება, რადგან მეწყერი ძალიან სწრაფად იზრდება“, - გვითხრა ნინო ჩხობაძემ.
მისი თქმით მეწყრის შეჩერება სხვადასხვა ხერხით არის შესაძლებელი და შეჩერების ამ ხერხებზე საუბრობს.
„შეჩერების სხვადასხვა მექანიზმი არსებობს, ოღონდ ამის გამოცდილება მსოფლიო პრაქტიკას აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე, როცა ყოველ კონკრეტულ მონაკვეთზე კონკრეტული ღონისძიებები იგეგმება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დედაქალაქის მერია ამერიკელი სპეციალისტების დასკვნასაც ელოდება. ამერიკელებს მეწყერთან მიმართებაში ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ. საუბარი არის, რომ ქართულ მხარეს ამერიკელებმა რაღაც ტექნიკური დახმარება გაუწიონ. ამის გარდა, არსებობენ ქართველი მეცნიერებები, რომლებსაც ძალიან კარგი გამოცდილება აქვთ. ქართველები ჩვენს გარემოს უკეთ იცნობენ. ამიტომ, ყველა ჩემს გამოსვლაში ვამბობ, რომ ქართველ სპეციალისტებს მოუსმინონ. ქართველი სპეციალისტები ზოგადად კარგად ფლობენ სიტუაციას. შერბილების დროს უნდა მოხდეს ფენის მოხსნა, შეიძლება დროებითი კონსერვაციაც, ანუ კომპლექსური ღონისძიებები უნდა გატარდეს. პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის მონიტორინგი - რა ხდება და რა სიჩქარით მიმდინარეობს მეწყრული ზონის გადიდება. მეორე ღონისძიებაა გადაწყვეტილების გზების მოძიება - როგორ შევარბილოთ ზემოქმედება“, - განუცხადა ნინო ჩხობაძემ for.ge-ს.
გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის მოსაზრებით, ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ დგას, თუმცა დედაქალაქის მთავრობას ევაკუაციის გეგმა შემუშავებული უნდა ჰქონდეს.
„რაც შეეხება მოსახლეობის ევაკუაციის საკითხს, ამ შემთხვევაში ორი მოსაზრება გვაქვს. მეცნიერების ერთი მხარე აცხადებს, რომ მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ არის, მეორე მხარე ამბობს, რომ საჭიროა. შეიძლება პროცესი სწრაფად განვითარდეს და მოსახლეობას პრობლემა შეექმნას. მე ვფიქრობ, რომ თბილისს ევაკუაციის გეგმა შემუშავებული უნდა ჰქონდეს, რათა ფაქტის წინაშე არ დავდგეთ. უბრალოდ, გეგმა გაწერილი უნდა იყოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახლავე უნდა დაიწყოს მოსახლეობის ევაკუაცია. ჯერჯერობით საფრთხე არ ჩანს“, - გვითხრა ნინო ჩხობაძემ.
იმ შემთხვევაში, თუ მეწყერი ჩამოწვა, განმეორდება თუ არა 13 ივნისის ღამე, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ასე გვპასუხობს:
„იმ შემთხვევაში, თუ მეწყერი ჩამოწვა, შეიძლება მოსახლეობას არც შეეხოს. უნდა აღინიშნოს, რომ ზედაპირული მეწყერი არ არის. მისი სიღრმე 16-20 მეტრია, ამიტომ რთულ მეწყერად ითვლება. თუ ჩვენ საშინელი წვიმა მოგვივიდა, 13 ივნისის ღამის განმეორება თბილისის ნებისმიერი უბნის ღელესა და ნებისმიერ მშრალ ხევს აქვს. მშრალი ხევი ივსება წყლით იმ დროს, როდესაც არის ძლიერი ნალექი, რაც ვერის ხეობაში მოხდა. იქ ლოკალურად ძალიან ძლიერი წვიმა იყო, რომელმაც მთელი ვერის ხეობის აუზი აამოქმედა. ვაშლიჯვრის შემთხვევაში ორი მშრალი ხევი ჩამოდის, რომელსაც ღვარცუფული წარმოქმნის საშუალება აქვს. მე ვერ წარმომიდგენია, რომ იქ დიდი ტრაგედია დატრიალდეს, რადგან ქვემოთ მოსახლეობა არაა. უფრო ვფიქრობ, რომ ამ კატასტროფას ავცდებით და ღონისძიებების გატარებას მოვასწრებთ“.
გეოლოგ გიორგი ბერიძეს კვლევების დასრულებამდე უჭირს საუბარი მეწყერი ხელოვნური ჩარევის შედეგად გაჩნდა თუ ბუნებრივად.
„ვაშლიჯვარში არსებულ მეწყერთან დაკავშირებით კვლევები მიმდინარეობს. ჯერჯერობით საველე კვლევები დასრულებული არაა. რამ გამოიწვია მეწყერი, სწორედ ამიტომ ტარდება საველე კვლევები. წყნეთში ხელოვნური ჩარევით ხომ არ გაჩენილა მეწყერი და რატომ არ შეიძლება, რომ ვაშლიჯვარშიც ბუნებრივად გაჩენილიყო? თუმცა, რადგან აქ მთის ქვევით მშენებლობა იყო, შეიძლება ამან დააჩქარა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. რა თქმა უნდა, საყურადღებო არის, მაგრამ გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაციების მიხედვით, თითქოს ეს მეწყერი მოსახლეობს წალეკავს, ასე არ არის. კვლევების დასრულება ასე მალე არ ხდება, ამას დრო სჭირდება, შეიძლება ერთი სეზონიც კი. ეს დამოკიდებულია ნალექების რაოდენობა როგორი იქნება, შემდეგ უნდა გაიბურღოს, შემდეგ ლაბორატორიული დამუავება უნდა მოხდეს, ამის შემდეგ მოხდება შეფასება.
რაც შეეხება მოსახლეობის ევაკუაციას, საბოლოო დასკვნამდე ამის თქმა შეუძლებელია - 50/50-ზეა, შეიძლება მოხდეს მოსახლეობის ევაკუაცია, შეიძლება არა. ვიდრე კვლევები არ იქნება, ასე ხელაღებით არ შეიძლება თქმა არც დადებითის და არც უარყოფითის“, - განუცხადა გიორგი ბერიძემ for.ge-ს.