ქართველი მწარმოებლები და დისტრიბუტორები მსხვილ სუპერმარკეტებთან ურთიერთობის დარეგულირებას საკანონმდებლო დონეზე ითხოვენ. ამ დროისთვის ჰიპერმარკეტ „კარფურის“ წინააღმდეგ სასამართლოში უკვე შესულია 4 კომპანიის სარჩელი, კვირის ბოლომდე კი მათი რიცხვი ათამდე გაიზრდება. ერთ-ერთი მოთხოვნაა ქსელში შესვლის გადასახადის გაუქმება, ხოლო მეორე - მიღება-ჩაბარებისა და დადასტურებული ანგარიშფაქტურების გარეშე თანხის ჩამოჭრის მიუღებელი პრაქტიკა.
როგორც დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აცხადებს, „კარფური“ თანხებს დროულად არ აბრუნებს და სხვა უამრავ პრობლემებს ქმნის:
„კუთვნილ თანხებს დროულად არ გვირიცხავენ. შემდეგ გვიხსნიან, რომ გარკვეული გადასახადია გადასახდელი, რის ანგარიშ-ფაქტურასაც აგზავნიან. ამ კომუნიკაციას შეიძლება, თვეები დასჭირდეს, რაც კომპანიებისთვის სერიოზული პრობლემაა. წარმოიდგინეთ, როდესაც კომპანიას საბრუნავი კაპიტალი არ აქვს, შემოსავალს სწორედ ჰიპერმარკეტში შეტანილი პროდუქციისგან ელოდება და ამ თანხას დროულად ვერ იღებს, ეს უდიდესი პრობლემაა.
რაღაც კუთხით კანონით უნდა დარეგულირდეს, რომ არავის ჰქონდეს უფლება, მიღება-ჩაბარების აქტისა და დადასტურების ანგარიშ-ფაქტურის გარეშე მოხდეს თანხების ჩამოჭრა. ეს ყველაფერი სწორედ ისაა, რაც კომპანიებისთვის პროდუქტზე იძულებით ფასების მატებას იწვევს, რაც, საბოლოოდ, მომხმარებელზე მოქმედებს“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.
დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი თანხების დაგვიანების კონკრეტულ მიზეზებს ვერ ასახელებს და ამბობს, რომ „კარფური“ თანამშრომლობის პროცესში საკმაოდ ჩაკეტილი კომპანიაა.
„არაკოლეგიალურები, საკმაოდ ხისტები არიან, ქედმაღლურად გიყურებენ და საერთოდ არ შემოდიან კომუნიკაციაში. ეს პრობლემა ნაკლებად აქვთ მსოფლიო ბრენდებთან. მათ საერთაშორისო ბაზარზე პირდაპირი კომუნიკაცია არ უჭირთ და რიგ შემთხვევაში, უბრალოდ, აიძულებენ, რომ კაბალური პირობებით შევიდნენ. ეს არასწორია, რადგან ადგილობრივი ქართველი რითეილერებისთვის ძალიან ცუდია.
ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ არ დაზარალდნენ ადგილობრივი მწარმოებლები, რომელთა შემოსავალი, ხშირ შემთხვევაში, ქსელური სუპერმარკეტების მიერ გადახდილი თანხებია. „კარფური“ ბაზარზე იმდენად სწრაფად მზარდია, რომ სახიფათო ხდება. თუ ეს ურთიერთობები დროულად არ დალაგდა, ბევრი მცირე და საშუალო კომპანიისთვის უბრალოდ მომაკვდინებელი იქნება და ბაზარზე ოპერირებას ვეღარ შეძლებენ“, - აღნიშნა ჭყონიამ.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა სასამართლო დავა დაიწყეს და კიდევ რამდენიმე ამ პროცესში ჩართვას გეგმავს, თავად „კარფურში“ ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ყველა ადგილობრივი კანონისა თუ რეგულაციის დაცვით ოპერირებენ.
„ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი „კარფური“ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და სხვა რეგიონულ ბაზრებზე მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, 2012 წლიდან საქართველოში მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს ყოველთვის ხელმისაწვდომ ფასად. ეკონომიური ფასების გრძელვადიანი სტრატეგიით, „კარფურს“ აქტიურად შეაქვს წვლილი ქვეყანაში საკვებ პროდუქტებზე ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში.
ადგილობრივ თუ საერთაშორისო მომწოდებლებთან „კარფურის“ მრავალწლიანი პარტნიორობის საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულება, რომელიც განმარტებული, შეთანხმებული და ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. „კარფური“ არ დათანხმდება დაუსაბუთებლად ფასების ზრდას და განაგრძობს ყველა მომხმარებლის მსყიდველუნარიანობის დაცვას“, - ნათქვამია „კარფურის“ განცხადებაში.
ამ განცხადებისთანავე დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციამ გამოთქვა მზაობა, რომ „კარფურის“ თანხმობის შემთხვევაში, რიგ კომპანიებზე მის მიერ მოთხოვნილი თანხები, პროცენტები, კონტრაქტში არსებული კაბალური პირობები გაასაჯაროოს.
„ეს საზოგადოებას მისცემს საშუალებას, ნათლად დაინახოს თუ რა გავლენას ახდენს დაწესებული უსამართლო გადასახადები და გაჩერებული თანხები პროდუქტის ფასზე. სასამართლო დავების დაწყებაც სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება“, - აღნიშნულია „კარფურის“ საპასუხო განცხადებაში.
მოსარჩელე რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელი „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ მმართველმა პარტნიორმა გიორგი ცერცვაძემ დაადასტურა, რომ კომპანიების სარჩელი სასამართლოში რამდენიმე დღეში შევა.
„სარჩელი უკვე მზად არის და უახლოეს დღეებში მას აუცილებლად შევიტანთ. ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე კომპანიამ უკვე შეიტანა სარჩელი და რამდენიმე მომავალ კვირაში აპირებს შეტანას. პროცესი იქნება შეუქცევადი თუ „კარფური“ ისე ხისტად გააგრძელებს მუშაობას, როგორც ამას აქამდე აკეთებდა“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ის განმარტავს, რომ „კარფური“ კომპანიებთან არ თანამშრომლობს და პრობლემის გადაჭრას დროულად არ ცდილობს, ამის საპირისპიროდ საერთაშორისო ბრენდს ისეთი სახელშეკრულებო პირობები აქვს, რომლითაც მდგომარეობის გარკვევა შეუძლებელია.
„რამდენიმე კომპანიის „კარფურთან“ თანამშრომრომლობის 3-წლიან ისტორიას რამდენიმე კვირის განმავლობაში ვსწავლობდით, მე ამას დავარქმევდი მართვად ქაოსს. კომპანიას ქაოსი შეგნებულად აქვს შექმნილი. როდესაც დისტრიბუტორების მხრიდან ხდება მითითება და კონკრეტული საკითხის შეთანხმებაზე ჭიანურდება შეხვედრის ორგანიზება, მიუთითებენ სათავო ოფისზე, ამბობენ, რომ პროგრამული უზრუნველყოფის ბრალია და „კარფური“ ამაში არაფერ შუაშია. ყოველდღიური პრობლემების განხილვა „კარფურში“ წარმოუდგენელია. კომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობას ძაღლადაც არ აგდებენ, როდესაც ან „მეილი“ იწერება ან ტელეფონის ზარი შედის.
ამ ყველაფერს სამართლებრივად მხარს უჭერს ისიც, რომ ხელშეკრულება აბსოლუტურად გაუმართავია. ძალიან ხშირად ინგლისური და ქართული ტექსტები ერთმანეთს არ ეთანხმება და ყოფილა შემთხვევები, როდესაც ინგლისური ნაწილი, რომელსაც უპირატესობა ენიჭება, გრამატიკულად იმდენად გაუმართავია, რომ რთულია შინაარსის გამოტანა. ამ დროს „კარფური“ მას იმ მნიშვნელობას აძლევს, რაც მას კონკრეტულ სიტუაციაში სურს. მეორე დღეს შეუძლია თქვას, რომ ეს ასე არ არის და ა.შ.“ - განაცხადა ცერცვაძემ.
გიორგი ცერცვაძეს მდგომარეობის აღსაწერად მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ ადგილობრივი მწარმოებლები მსგავს პირობებში მუშაობას ვერ შეძლებენ.
„თუ გინდათ „კარფურში“ გაყიდოთ პური და მას აქვს 20 მაღაზია, თითოეული მაღაზიის კარის გაღებაში (არ აქვს მნიშვნელობა რამდენი პური გაიყიდება), უნდა გადაიხადოთ 2 500 ან 5 000 ლარი და ა.შ. საიდან მოდის ეს რიცხვები და როგორ ითვლება, წარმოუდგენელი და გაუგებარია. ბევრი ვიკვლიეთ და ვერ დავადგინეთ ეს პრინციპი.
როდესაც მაღაზია ყიდის კონკრეტულ პროდუქტს, ის ამატებს კონკრეტულ თანხას, „კარფური“ ამასაც აკეთებს, ამასთან თანხიდან, რომელიც მისაღები აქვს დისტრიბუტორს, პროცენტსაც უწესებს და კიდევ აწესებს მარკეტინგულ ხარჯებს. ერთ-ერთ კომპანიას, რომელსაც უნდა ჩარიცხვოდა 12 000 ლარი დაქვითვის შემდეგ ჩაერიცხა 668 ლარი. მწარმოებელს, რომელიც ყიდის კონკრეტულ პროდუქციას, ჰგონია, რომ გაყიდული აქვს და ელოდება ფულს, რომ რეინვესტირება გააკეთოს და თანამშრომლებს ხელფასები გადაუხადოს, 12 000 ლარის მაგივრად იღებს 668 ლარს. ასე ბიზნესის წარმოება აბსოლუტურად წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პროდუქტის გაძვირებას იწვევს“, - განმარტა ცერცვაძემ და დასძინა, რომ პროცესი, რომელიც დომინოს პრინციპით დაიწყო, აუცილებლად გაგრძელდება.