ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდომ გულშემატკივრების დედებს თავისი ვარცხნილობის გამო ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ მან Sports Illustrated-თან ინტერვიუში განაცხადა.
საუბარია ვარცხნილობაზე, რომელიც ფეხბურთელს 2002 წელს ჰქონდა: მან თავი თითქმის მთლიანად გაიპარსა, შუბლზე კი თმა ნახევარწრედ ჰქონდა შეჭრილი.
„ბოდიშს ვუხდი ყველა დედას, რომლის შვილმაც ასეთი ვარცხნილობა გაიკეთა“, - განაცხადა რონალდომ და დასძინა, რომ ეს ვარცხნილობა „საშინელი“ იყო.
მან ასევე განმარტა თავად რატომ გადაწყვიტა ასეთი ვარცხნილობის გაკეთება. მისი თქმით, ამ ნაბიჯზე იმიტომ წავიდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული ტრავმისგან ჟურნალისტების ყურადღება სხვა თემაზე გადაეტანა.
„თანაგუნდელებს ვკითხე ვარცხნილობა თუ მოსწონდათ. მიპასუხეს: არა, საშინელებაა, გადაიპარსე“. მაგრამ ჟურნალისტებმა რომ დამინახეს ტრავმის შესახებ დაავიწყდათ“, - იხსენებს რონალდო.