საქართველოში თითქმის ყოველდღე ახალ-ახალი სასურსათო მაღაზიების ქსელები იხსნება. რა თქმა უნდა, ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის კარგია, რადგან მოსახლეობის დასაქმება ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა საკმაოდ დიდია.
For.ge-ს მიერ მოძიებული ინფორმაციით, სუპერმარკეტებში დასაქმებულთა ანაზღაურება 350 ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს. ასეთი ანაზღაურების ფონზე, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის პრობლემებიც იჩენს თავს, რომლის შესახებაც სოციალურ ქსელში არაერთხელ დაწერილა. ბოლო ასეთი პოსტი, სუპერმარკეტების ქსელებს - „მაგნიტსა“ და „ორ ნაბიჯს“ ეხებოდა.
ამ სუპერმარკეტებში მომუშავე კონსულტანტები მონურ მუშაობაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ. For.ge ორივე სუპერმარკეტში მომუშავე კონსულტანტებს დაუკავშირდა. იმის გამო, რომ დასაქმებულებს სამუშაოს დაკარგვის ეშინიათ, მათ ვინაობას კონფიდენციალურად ვტოვებთ.
როგორც ჩვენთან საუბარში „ორი ნაბიჯის“ კონსულტანტმა განაცხადა, მას კონსულტანტობასთან ერთად უწევს შეითავსოს მოლარე-ოპერატორობა, დამლაგებლობა და საწყობში მტვირთავის სამუშაო. ამ ყველაფერში კი მას 450 ლარს უხდიან. იმ შემთხვევაში თუ თვის ბოლოს აღწერის დროს დანაკლისი აღმოჩნდა, მას ხელფასიდან აკლებენ და მისი ანაზღაურება საბოლოოდ 300 ლარამდე გამოდის.
„უპირველეს ყოვლისა გთხოვთ, რომ კონფიდენციალურობა დაიცვათ, რადგან თუ ჩემი ვინაობა გახდება ცნობილი, სამსახურიდან გამათავისუფლებენ და ჩემი დამცველი არავინ იქნება. რაც შეეხება პირობებს, ვაკანსია იყო კონსულტანტის პოზიციაზე, ანაზღაურება კი 450 ლარს შეადგენდა. ვინაიდან ძალიან მჭირდებოდა სამსახური, დავთანხმდი. თუმცა, წინ რა კოშმარი მელოდა, არ ვიცოდი. მაღაზიაში სულ სამი თანამშრომელი ვართ. ეს სამი ადამიანი ვინაწილებთ ყველა მოვალეობას, ამიტომ მიწევს ვიყო მოლარე-ოპერატორიც, დამლაგებელიც და ა.შ. შეიძლება მომხმარებელს ბოსტნეულის აწონვა უნდოდეს, ამ დროს გაყინულებში სხვა მომხმარებელს სხვა რამ უნდოდეს და ვერ ვასწრებთ ერთდროულად მომხმარებლის მომსახურეობას. ამის გამო მოხმარებლები ჩვენ გვსაყვედურობენ, მესმის მათიც, მაგრამ ჩვენც ხომ ადამიანები ვართ?! თუ ჩვენ გამოვთქვამთ პრეტენზიას, მენეჯერი გვეუბნება: „თუ არ გაწყობთ, გზა ხსნილია და წადით“. კარგია, წადით, ჩვენს უკან ხომ ოჯახებია. ასეთი მონური მოქცევა არ ვიცი რომელიმე ქვეყანაში თუ ხდება.
450 ლარი მაქვს ოფიციალურად ხელფასი, დღეში 14-16 საათს ვმუშაობ. არაფერს ვამბობ, ზედმეტ სამუშაო საათებს რომ არ გვინაზღაურებენ. ამაზე ზედმეტია საუბარი, პირიქით, ყოველი თვის ბოლოს აღწერა ხდება და თუ დანაკლისია, ხელფასიდან გვაკლებენ და დაახლოებით 300 ლარამდე ვიღებ. გეკითხებით, ასეთი ხელფასით როგორ უნდა გავიდე თვიდან თვემდე?! ვის მივმართოთ, არ ვიცით, მენეჯერები ისე გვექცევიან როგორც მონებს. სად წავიდეთ, ვის მოვთხოვოთ პასუხი. ამიტომ სოციალურ ქსელებში სხვისი სახელით ვაქვეყნებთ პოსტებს, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რა ხდება ჩვენი მაღაზების ქსელში. მადლობა, რომ დაინტერესდით თემით და იმედია მედიით გაჟღრების შემდეგ, უფროსობა მოგვხედავს და ვითარებას გამოასწორებს“, - გვითხრა „ორი ნაბიჯის“ კონსულტანტმა.
For.ge-მ კონსულტანტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, „ორი ნაბიჯის“ ხელმძღვანელობასთან სცადა. უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემებმა თავი აქაც იჩინა. ცხელ ხაზზე დარეკვისას ჯერ იყო და ერთი საათი შოპენის ვალსს გვასმენინებდნენ, შემდეგ, როგორც იქნა ოპერატორმა გვიპასუხა და აქედან იწყება ფილმის სიუჟეტიც. დიდი ჭიდილს შემდეგ, მარკეტინგის სამსახურიდან თავად დაგვიკავშირდნენ, მაგრამ სატელეფონო კომენტარზე უარი თქვეს და „მეილით“ ურთიერთობა შემოგვთავაზეს. ვინაიდან მასალა არ გვსურდა ცალმხრივი გამოსულიყო, დავთანხმდით და კითხვები ოფიციალურად გადავუგზავნეთ. მთელი დღის ლოდინის მიუხედავად, კომპანიიდან პასუხი არც ელექტრონული ფოსტით გაგვცეს. როდესაც გადამოწმება ვცადეთ, თუ რატომ არ პასუხობდნენ ჩვენს კითხვებს, ან სატელეფონო კომენტარზე რატომ არ გვთანხმდებიან, მათი მხრიდან ასეთი პასუხი მივიღეთ: „ჩვენი შიდა კანონით, მხოლოდ მეილით ვპასუხობთ. როდესაც გვექნება პასუხი, მაშინ გამოგიგზავნით“. როდის ინებებს ნებას „ორი ნაბიჯის“ უფროსობა, რომ for.ge-ს კითხვებს უპასუხოს, ეს უცნობია.
ანალოგიურ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს for.ge-თან „მაგნიტში“ მომუშავე კონსულტანტიც, რომელიც 3 წელია ამ მაღაზიის თანამშრომელია. კონფიდენციალურობა ამ შემთხვევაშიც დაცულია, რადგან მასაც სამსახურის დაკარგვის ეშინია. როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, პანდემიამდე მისი ანაზრაურება 16-საათიანი სამუშაო გრაფიკით 470 ლარი იყო. ახლა კი კომენდატის გამო, მას ხელფასი შეუმცირეს და 12-საათიან გრაფიკში 330 ლარს უხდიან. თუმცა, უფრო ნაკლებს, რადგან აღწერის დროს აღმოჩენილი დანაკლისის გამო, მას ხელფასიდან თანხას აჭრიან. როგორც კონსულტანტმა for.ge-თან საუბრისას აღნიშნა, ეს თანხა ყოველთვიურად სხვადასხვა არის - 85 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს.
„3 წელია კონსულტანტის პოზიციაზე ვმუშაობ. ვმუშაობ დილის 8 საათიდან ღამის 12 საათამდე. მთელი დღე ფეხზე დგომა გვიწევს. მონური სამუშაოა. ყველაფრის კეთება ჩვენ გვიწევს. კონსულტანტის გარდა, უნდა დავალაგოთ, აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ. ყველაფერს თავი დავანებოთ, დანაკლისების ანაზღაურება ჩვენ რატომ გვეხება? მარტო კონსულტანტს კი არ ახდევინებენ, არამედ დამლაგებლებს და დამხმარე ბიჭებსაც კი ახდევინებენ დანაკლისის თანხას. სახარჯო მასალებსაც ჩვენ ვიხდით. სახარჯო მასალებია პარკები და ათასი წვრილმანი. მთელი დღე ფეხზე ვდგავართ და პლუს ამას, ამხელა თანხებს რომ გვაჭრიან, ხომ არ შეიძლება.
მთლიან განაკვეთზე როდესაც ვმუშაობდით, მაშინ ანაზრაურება 470 ლარი გვქონდა. მთლიანი განაკვეთი არის დილის 8 საათიდან ღამის 12 საათამდე. ახლა გაგვინახევრდა დროები, რადგან კომენდატის საათია. ახლა ხელფასი 330 ლარი გვაქვს. 2 დღე ვმუშაობთ და 2 დღე ვისვენებთ. თუმცა, არიან გოგონები, რომლებიც ყოველდღე მუშაობენ. ვინც ყოველდღე მუშაობს, მათი სამუშაო ანაზღაურება 400 ლარს შეადგენს. ყოველთვიურად აღწერაა და ყველა აღწერის დროს თანხას გვაჭრიან. რაც შეეხება თუ რამდენი გვეჭრება, ეს დამოკიდებულია, თუ რამხელა დანაკლისი მოვა. ყველაზე მეტი 150 ლარი ჩამომჭრია, ხოლო ყველაზე ცოტა 85 ლარი“, - გვითხრა „მაგნიტში“ მომუშავე კონსულტანტმა.
როგორც მაღაზიის თანამშრომელმა for.ge-სთან საუბარში აღნიშნა, აღნიშნულ პრობლემებს უფროსობა მათ აბრალებს.
„როდესაც ვესაუბრებით, გვეუბნებიან, რომ ჩვენი ბრალია - არასწორ კოდებს ვუთითებთ, პროდუქტს არასწორად ვწონით და ა.შ. ძირითადად, ჩვენ გვბრალდება როგორც კონსულტანტებს. ასევე ჩვენ გვბრალდება ისიც, როცა მომხარებელი პროდუქტს იპარავს და ამასაც ჩვენ გვანაზღაურებინებენ. დაცვა არ გვყავს. ვიდეო კონტროლი კი არის, მაგრამ ვიდეო კონტროლით ჩვენ გვაკონტროლებენ და არა მომხმარებელს, რომელიც პროდუქტს იპარავს. მე ის ადამიანი ვაკონტროლო, ვინც იპარავს, თუ ჩემი საქმე გავაკეთო?!“, - გვითხრა კონსულტანტმა.
მისივე თქმით, როდესაც „მაგნიტში“ მუშაობდა, ხელშეკრულებას ბრმად მოაწერა ხელი და არ წაიკითხა თუ რა მოვალეობის შესრულება მოუწევდა.
„ხელშეკრულების დადების დროს მოვტყუვდი, რომ ყველაფერს ბრმად დავთანხმდი - არც წამიკითხია, შიგნით რა ეწერა. იმ დროს ისეთ ვითარებაში ვიყავი, რომ სამსახური ძალიან მჭირდებოდა და არც დავფიქრებულვარ, თუ რაზე ვაწერდი ხელს. სიმართლე, რომ გითხრათ, არ ვიცი, ხელშეკრულებაში რა წერია. საქმე ისაა, რომ ხელშეკრულების მეორე პირი მე არ მაქვს და მხოლოდ კომპანიას აქვს. ერთი სიტყვით, ძალიან ცუდი სიტუაციაა. ყოველ თვე ამხელა დანაკლის ვიღებთ. ხმას ვერ ვიღებთ, რადგან გვერდში მდგომი არავინ გვყავს. კონსულტანტები სრულიად მარტო და დაუცველები ვართ. თუ პრეტენზიას წამოვაყენებთ, გვეუბნებიან: „გინდა იმუშავე, თუ არა და წადი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას „მაგნიტის“ თანამშრომელმა.
შრომით კოდექსში დღიური სამუშაოდ 8 საათია განსაზღვრული. როგორც კონსულტანტმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მას 12-საათიანი სამუშაო გრაფიკი აქვს, თუმცა დამატებით საათები არ უნაზღაურდება.
„კომენდატის პერიოდში დილის 8 საათიდან, საღამოს 8 საათამდე ვმუშაობთ. დამატებით სამუშაო საათები არ გვინაზღაურდება. არც მაშინ გვინაზღაურდებოდა, როდესაც დილის 8 საათიდან ღამის 12 საათამდე ვმუშაობდით. რა ანაზღაურებაზეა საუბარი, როდესაც ახლა ხელფასი გაგვინახევრეს და 330 ლარს გვიხდიან“, - გვითხრა კონსულტანტმა.
მაღაზიებში არსებულ პრობლემებს თავად „მაგნიტის“ კომპანიაში უარყოფენ. მთელი დღის მცდელობის შემდეგ, კომპანიიდან წერილობითი პასუხი მივიღეთ. როგორც წერილშია ნათქვამი, კონსულტანტის მიერ ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება.
„პირველ რიგში, ფაქტი საჭიროებს მეტ კონკრეტიკას, მოკვლევას და დადასტურებას. არის ალბათობა იმისა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდეს. ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად ვისთან ან რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. თუ რომელიმე პირს, რამის გარკვევა სურს, ჩვენ ღია ვართ საკითხის განხილვითვის“, - წერია „მაგნიტის“ მიერ გამოგზავნილ პასუხში.
როგორც კომპანიაში for.ge-ს განუცხადეს, თანამშრომლების შემოწმება პერმანენტულად მიმდინარეობს.
„კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა, რომელიც მუდმივ მუშაობას და განვითარებას მოითხოვს. „მაგნიტის“ მაღაზიების თითოეული მენეჯერი გადის გადამზადებას. გარდა ამისა, პერმანენტულად ხორციელდება თანამშრომლების მონიტორინგი.
იმ შემთხვევაში, თუ ქსელში დაფიქსირდა და დადასტურდა მენეჯერის მხრიდან გადაცდომა, კომპანია შინაგანაწესით განსაზღვრულ ზომებს იღებს. გადაცდომის ხარისხის მიხედვით მას შესაძლოა გამოეცხადოს გაფრთხილება, საყვედური ან სასტიკი საყვედური. აღსანიშნავია, რომ თითოეული შემთხვევა მოიცავს მოკვლევის და დადასტურების პროცესს იმისათვის, რომ არც ერთი მხარის ინტერესები არ დაირღვეს“, - გვითხრეს „მაგნიტში“.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ თითოეულ თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულება იდება, რომელსაც თანამშრომლები ეცნობიან. ასევე კომპანიაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ კონსულტანტებს 8 სამუშაო საათის ნაცვლად 12 საათს ამუშავებენ.
„ჩვენი თითოეული თანამშრომელი ეცნობა და ხელს აწერს შრომით ხელშეკრულებას, სადაც გაწერილია მათი სამუშაოს სპეციფიკა. „მაგნიტი“ იცავს შრომის კოდექსით გაწერილ ნორმებს და მოქმედებს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს მთავრობის დადგენილება N329-ის თანახმად, ჩვენ ვართ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის საწარმო, ჩვენთვის სამუშაო დრო განისაზღვრება კვირაში არაუმეტეს 48 საათით“, - გვითხრეს კომპანია „მაგნიტში“.
დასკვნა მკითხველისთვის მიგვინდვია - საქართველოში, სადაც უმუშევრობა კატასტროფულად იზრდება, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელსაც ერთ მხარეს მონური სამუშაო ელოდება, მეორე მხარეს უმუშევრობა?