პოლონელი სუპერვარსკვლავი, რობერტ ლევანდოვსკი ტრავმირებულია

პოლონელი სუპერვარსკვლავი, რობერტ ლევანდოვსკი ტრავმირებულია

რობერტ ლევანდოვსკიმ შესაძლოა პსჟ-სთან ვერ ითამაშოს. ფეხბურთელმა დაზიანება, ანდორის ნაკრებთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მიიღო, სადაც 2 გოლი გაიტანა, თუმცა მარჯვენა მუხლის დაზიანების გამო, 67-ე წუთზე გამოცვალეს.

მატჩის შემდეგ კი გაირკვა რომ, ლევანდოვსკი ნაკრების მომავალ შეხვედრას, რომელშიც პოლონეთი, ინგლისს დაუპირისპირდება, გამოტოვებს. ის გერმანიაში გაემგზავრა და სარეაბილიტაციო პროცესს გადის.

ფორვარდისთვის ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მისი ტრავმა სერიოზულია და შესაძლოა 7 აპრილს, ბაიერნსა და პსჟ-ს შორის გასამართ ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში ვერ ითამაშოს. აღნიშნულ ფაქტს პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციაც გამოეხმაურა.

„რობერტ ლევანდოვსკი ტრავმირებულია და ნაკრებს მომდევნო შეხვედრაში ვერ დაეხმარება, აღნიშნული ტრავმის მოშუშებას ჩვეულებრივ 5-დან 10 დღემდე სჭირდება. შესაბამისად, მის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ. ფეხბურთელი უკვე დაბრუნდა გერმანიაში, სადაც ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციას გაივლის“, - ნათქვამია განცხადებაში.

რობერტ ლევანდოვსკისთვის 2020-2021 წლების საფეხბურთო სეზონის, სტატისტიკის თვალსაზრისით საუკეთესოა. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მას 25 მატჩში 35 გოლი აქვს გატანილი და ახლოსაა ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდის მოხსნასთან, რომელიც ერთ სეზონში 40 გოლია. მისი „ბაიერნი“ კი 26 ტურის შემდეგ, 61 ქულით, ჩემპიონატის ლიდერია.