მცირედი პაუზის შემდეგ, ლარის კურსმა კვლავ სწრაფი ტემპით დაიწყო გაუფასურება. მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია ოთხჯერ განახორციელა, რის შედეგადაც ბაზარზე, 160 მილიონი ლარი გაიტანა, ამის მიუხედავად, ლარის გაუფასურების ტენდენცია ისევ გრძელდება.
სპეციალისტები ლარის კურსის გაუფასურების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. მათი აზრით, ლარის კურსის ცვალებადობაზე ნეგატიურად, ძირითადად გარე ფაქტორები: კოვიდ სიტუაცია, უცხოური ინვესტიციებისა და ტურიზმის შეჩერება მოქმედებს. ექსპერტი, ეკონომიკის საკითხებში, ლია ელიავა, for.ge-სთან ინტერვიუში, ლარის გაუფასურების მთავარ ფაქტორად, ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკას ასახელებს.
ლია ელიავა: მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ლარი იქნებოდა უმოწყალო ვარდნის პროცესში. ამ შემთხვევაში, ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკზე. ასეთი არასტაბილური ეკონომიკის პირობებში, მცურავი გაცვლითი კურსის პოლიტიკის გატარება არის ღრმად არასწორი ნაბიჯი ეროვნული ბანკის მხრიდან. ანუ, ლარს ყოველთვის სჭირდება ფინანსური მხარდაჭერა სავალუტო ინტერვენციების სახით. ეროვნულ ბანკს ამისი ფინანსური შესაძლებლობა გააჩნია, მაგრამ სამწუხაროდ, ფულს ხარჯავს არამომჭირნეობით. ჩვენ ვიცით, რომ ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში ეროვნული ბაკის მიერ განხორციელებული ინტერვენციები, ეს იყო ფაქტობრივად, მთავრობის მიერ აღებული საგარეო ვალის ფულის ხარჯვა, ეს ფული შემოელია, თავის რეზერვებს კი ხელს ვერ კიდებს იმ მიზეზით, რომ მათი მეტი წილი აქვს დაბანდებული გარკვეული და გაურკვეველი წარმოშობის ფასიან ქაღალდებში, ფაქტობრივად, ეს ფული განიავებულია საზღვარგარეთ, ეს მაშინ როდესაც, ქვეყანას კატასტროფულად სჭირდება ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისათვის, ლარის მხარდაჭერა სავალუტო ინტერვენციების სახით.
ბოლო ორ წელიწადში ქვეყნიდან არის დიდძალი ფული გასული, სამწუხაროდ, ეროვნული ბანკი არ ითვლის კაპიტალის გადინების მაჩვენებელს, მაგრამ მისი დათვლა არის შესაძლებელი საგადასხდელო ბალანსის მეშვეობით, რომელსაც თვით ეროვნული ბანკი ადგენს.
ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ჩვენისთანა იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში, სავალუტო კურსს აქვს დაგამწყვეტი მნიშვნელობა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისათვის. რატომ ვარდება ლარი, ეს იცის ზუსტად ეროვნულმა ბანკმა. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ და ვარაუდი არის საკმაოდ მძიმე, ეს არის ისევ და ისევ კაპიტალის გადინება, სავალუტო სახსრების ნაკლებობა საქართველოში და ეროვნული ბანკის ნების არქონა იმისთვის, რომ მან შეინარჩუნოს ლარის კურსი, წინ აღუდგეს ინფლაციის მაჩვენებლის ზრდას და ამით შეასრულოს საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის იმპერატიული მოთხოვნა.
დღევანდელი ოფიციალური ინფლაციის მაჩვენებელი არის აშკარად შელამაზებული. ყველა ხედავს, რაოდენ სწრაფად იზრდება ფასები, ინფლაციის მაჩვენებელი კი საკმაოდ ოპტიმისტურ დონეზეა. ანუ, ხელისუფლებას და ეროვნულ ბანკს არ უნდა შეჰყავდეს მოსახლეობა შეცდომაში. ფასების ზრდა პირდაპირ არის დამოკიდებული ლარის კურსის ვარდნასთან. თუ ეროვნულმა ბანკმა არ გააგრძელა სავალუტო ინტერვენციები და კომერციულ ბანკებს არ მიაწოდა დამატებითი სავალუტო სახსრები, ლარი განაგრძობს ვარდნას, რაც კიდევ უფრო დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას.
ეროვნული ბანკის ასეთ ქმედებას როგორ შევხედოთ, ეს არის არაკომპეტენტურობის გამოვლინება თუ ვიღაცის კერძო ინტერესებიდან გამომდინარეობს?
- პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც გააჩნია ეროვნულ ბანკს და ეს სინდრომი არის გამყარებული არა მარტო მისი დამოუკიდებლობით ქვეყნის მთავრობისგან, (ფაქტობრივად ეს არის სახელმწიფო სახელმწიფოში) არამედ, ეროვნული ბანკის მფარველობით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან. ჩვენ გვახსოვს პერიოდები, როდესაც ეროვნული ბანკი სერიოზულ კრიტიკაზე აუცილებლად მოიწვევდა ხოლმე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს და აქებდნენ ეროვნული ბანკის საქმიანობას. ფაქტი არის მარტივი: ორგანული კანონით, ეროვნულ ბანკს ევალება ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ეს არის მისი მთავარი ამოცანა. სწორედ ფასების სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკი. მარტო ეს შეიძლება გახდეს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის შეცვლის საბაბი. მარტო ამაშიც არ არის საქმე, ერთხელ არ დამდგარა პარლამენტში საკითხი, (არადა, ეროვნული ბანკი არის ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე) რატომ ვერ უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი ფასების სტაბილურობას. თუ ამ ხელმძღვანელობას არ შეუძლია, არ გააჩნია ცოდნა, არ გააჩნია კეთილი ნება, მაშინ, ალბათ, უნდა დადგეს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის გამოცვლის საკითხი ვადაზე ადრე. ძირითადად, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ადანაშაულებენ მთავრობას და ეს არის პრინციპულად არასწორი პოზიცია ვინაიდან, ფინანსური სფერო, ფულად-საკრედიტო მონეტარული პოლიტიკა, არის როგორც ეკონომიკის სიჯანსაღის, ასევე მოსახლეობის კეთილდღეობის საფუძველი. მონეტარული პოლიტიკის ნაწილი არის სწორედ სავალუტო კურსი, და ფასების სტაბილურობა, რომელიც ანგრევს ქვეყნის ეკონომიკას რყევის დროს და აქ უკვე მთავრობაც უძლურია რაიმე გააკეთოს, როდესაც ეკონომიკა ინგრევა.
მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა ეროვნულმა ბანკმა, არის ეს ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირში? როგორ აისახება მოსახლეობაზე?
- როდესაც ეროვნული ბანკი ამბობს, რომ მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს, ეს მოსახლეობისთვის და ეკონომიკისთვის ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ბანკი უფრო მაღალი საპტროცენტო განაკვეთით ასესხებს ფულს კომერციულ ბანკებს. შესაბამისად, როდესაც კომერციული ბანკები გასცემენ სესხს, ისინი ზრდიან საპროცენტო განაკვეთს, ამ შემთხვევაში ეკონომიკას რა მოსდის - ბიზნესი იძულებული ხდება გაზარდოს გასაყიდი საქონლის და მომსახურების ფასი. შესაბამისად იწევს ფასების დონე. რაც შეეხება მოსახლეობას, ფასების ზრდის პირობებში, მოსახლეობას ეზრდებათ ხარჯები, შესაბამისად, ნაკლებ პროდუქციას და მომსახურებას იღებენ და ცხოვრების დონეც ეცემა. ახლა რატომ აკეთებს ამას ეროვნული ბანკი - ეროვნული ბანკი ამას აკეთებს ერთადერთი მიზეზის გამო, მას გააჩნია შიში იმისა, რომ ის ვერ მოთოკავს ინფლაციას და მას სურს ინფლაციური პროცესების შეჩერება დრაკონული მეთოდებით - ანუ, იმით, რომ საქონელი არ გაიყიდოს, მოსახლეობას ფული აღარ დარჩეს შესაძენად, ბიზნესს აღარ ჰქონდეს საქონლის გაყიდვის საშუალება და ბიზნესი იძულებული გახდეს შეამციროს საქონლის ფასი და ფორმალურად ინფლაციის გათვლისას აღმოჩნდეს, რომ ინფლაცია სწრაფად იზრდება. ანუ, ფაქტობრივად, ამით ეროვნულ ბანკს ეკონომიკიდან ამოაქვს ფული. ამით ზარალობს ბიზნესიც და მოსახლეობაც.
არ ვიცი, რამდენად გასაგები იქნება მკითხველისთვის, ეს არის საკმაოდ რთული პროცედურა. ეროვნული ბანკი აღიარებს, რომ ვინაიდან ჩვენი ეკონომიკა არის მაღალ დოლარიზირებული, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილების მიმართულებით, ნებისმიერი მისი ნაბიჯი აისახება ეკონომიკაზე 4-6 კვარტალის შემდეგ, ეს არის წელიწადი, წელიწად-ნახევარი. ანუ, ეროვნული ბანკი იძახის, რომ დღეს რომ მე მივიღებ დრაკონულ ზომებს, წელიწადი, წელიწად-ნახევარში ამან უნდა მოგვცეს დადებითი ეფექტი. ეს იმდენად მარაზმატულად ჟღერს და იმდენად სასაცილოს ხდის ეროვნული ბანკის საქმიანობას, რომ მე როგორც პროფესიონალ ეკონომისტს, ძალიან მიჭირს ეროვნული ბანკის ქმედების ახსნა.
გაზრდილ საგარეო ვალს, რა გავლენა ექნება მიმდინარე პროცესებზე?
- საგარეო ვალი ბევრ ქვეყანას აქვს. მაგალითად, იაპონიას აქვს 203% საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ასევე უზარმაზარი ვალი აქვს შეერთებულ შტატებს, რომელიც იზრდება. საქმე ვალში არ არის, ის დიდია თუ პატარა, მთავარია როგორია ეს ვალი და რაშია დახარჯული. მაგრამ, ამასაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა. წინა პერიოდებში შევარდნაძისა და სააკაშვილის დროსაც ძალიან ბევრი ვალი იყო, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი იხდიდა, თუმცა ქვეყნის ეკონომიკა ასე თუ ისე წინ მიდიოდა. ეს ვალი რაც მთავრობამ აიღო, სიმართლე უნდა ითქვას, არა მოსახლეობის გადასარჩენი, არამედ ეკონომიკის გადასარჩენი ფულია. იმიტომ, რომ პანდემიის ეკონომიკური რესტრუქციების დაწყებისას, მოსახლეობამ ფაქტობრივად შეწყვიტა ფულის ხარჯვა. ანუ, ერთობლივი მოთხოვნა მკვეთრად დავარდა და ეკონომიკაში ფული აღარ ტრიალებდა. სწორედ ამისთვის იყო გათვლილი ის აღებული ვალი, რომელიც მთავრობამ აიღო. ეს ფული ევროპამ მოგვცა ეკონომიკის ასამოქმედებლად. მთავრობამ ამ ფულს მისცა მოსახლეობის დახმარების ფორმა, ეს დახმარება იმდენად მცირე იყო, იმ 200 და 300 ლარს არავინ არ შეინახავდა, ანუ, ეს ფული დაბრუნდა ეკონომიკაში. მე ამ ვალს ნამდვილად ვამართლებ. ეს ვალი რომ არა, დღეს რა დღეში იქნებოდა საქართველოს ეკონომიკა, კაცმა არ იცის. ამიტომ, ვალის აღება ნამდვილად არ არის ცუდი, თუ იცი რაში იყენებ და მას ექნება გარკვეული ეფექტი.
ოოოო.............................................აი სწორად მანდააა პასუხიც.....თავიააანთ ჭკვაზე რომ გვათამაშონ ....
50 დოლარით კი არა იმათი მოცემული ფულით დაიწყო და იმიტომაც ტანცაობს იმათ ჭკუაზე--------პატრონებსაც მილიონებს აძლევს და თვითონაც მილიონები რჩება...............სინამდვილეში ისინი არიან ყველაფრის დირექტორები. ეს პროსტა საქმის შემსრულებელია--ქართველი ხალხის გამყვლეფავი