დევნილებს

დევნილებს "წინასაახალწლო ჯოჯოხეთი" მოუწყვეს

ხელისუფლება შენობებიდან ე.წ უკანონოდ შესახლებული დევნილების გასახლებას განაგრძობს, რადგან გადაწყვეტილია, რომ მათ ეს შენობები არ დაუკანონდებათ.  როგორც ხელისუფლება ირწმუნება შენობები უნდა დაიკეტოს, ან მფლობელს უნდა დაუბრუნდეს, თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს ობიექტები სახელმწიფოს მფლობელობაშია.

ამ საკითხთთან დაკავშირებით, დღეს საკრებულოში სხდომა გაიმართა, რათა საკითხი უფრო გამჭვირვალე გამხდარიყო და დევნილების ბედიც გადაწყვეტილიყო. ოპოზიციამ მთავრობას წინადადებით მიმართა, რომ სულ მცირე დათმობაზე წასულიყო და დევნილთა გამოსახლების პროცესი ახალი წლის შემდეგ გადაეტანა. ოპოზიცია  ითხოვდა, რომ ერთობლივი განცხადება მიეღოთ, რათა  პროცესი შეჩერებულიყო, თუმცა, კენჭისყრაზე ხელისუფლებამ უარი თქვა და ბოლოს სხდომა  ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მძაფრ დებატებში გადაიზარდა.

საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ვიქტორ დილიძის განცხადებით: “სამწუხაროა, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან მოწვეული პირები არ გამოცხადდნენ ამ სხდომაზე. ჩვენ  ვერ მივიღეთ დეტალური ინფორმაცია და მეორე ლტოლვილების გამოსახლების პროცესი ისევ გრძელდება. ჩვენ მივმართავთ მმართველ ძალას იქნებ მათ გაგვცენ პასუხი თუ რა ალტერნატივას სთავაზობენ ამ ხალხს?”

საკრებულოს დეპუტატმა “კონსერვატორმა” კახა კუკავამ კი საკუთარი პოზიცია შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: ”მთვარობის წევრებმა საკუთარ ოჯახებს ახალი წელი მოუწყვეს, თუმცა ის კი არ უფიქრიათ, თუ რა ახალი წელი ექნებოდათ ლტოლვილებს. მათ ვადა 20 დეკემბერს ეწურებათ და ამის შემდეგ იძულებულები იქნებიან საცხოვრებელი ფართები დაცალონ. სააკაშვილი კი მათ სულ სხვა რამეს პირდებოდა – რომ მათ სახლებში დააბრუნებდა. ჩვენ ვაპირებთ ამ პროცეში საერთაშორის ორგანიზეციების ჩართვას. ჩვენი ამოცანა და მიზანია ამ ვითარების შეცვლა”.

მაშინ როდესაც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ხელისუფლებისგან ითხოვდნენ პასუხს, აღმოჩნდა, რომ უმრავლესობის წარომადგენლებს ხელთ ჰქონდათ დევნილთა სამინისტროს მიერ შედგენილი წერილები, სადაც ნათქვამია, რომ დევნილების მიერ ასეთი სულ ოცდაათი ობიექტია და ამ პუნქტებში სულ, 1400 ადამიანი ცხოვრობს. მათი გადანაწილება კი ჩხოროწყუს, ზუგდიდის, აბაშის და გურჯაანის რაიონებში უნდა მოხდეს. როგორც ხელისუფლება ირწმუნება მათ ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მიიღო.

ამის შემდეგ, პროტესტი “ქრისტიან დემოკრატების” წარმომადგენელმა ზაზა გაბუნიამ გამოთქვა. მისი განცხადებით, მსგავსი წერილობითი შეტყობინება საკრებულოს ყველა დეპუტატს უნდა ჰქონოდა და არა მხოლოდ უმრავლესობის წევრებს.

“მთავარი ისაა, რომ ეს წერილი სწორედ მაშინ გამოიგზავნა, როცა სხდომა დაინიშნა. აქამდე ხელისუფლებისაგან არანაირი განცხადება არ ყოფილა ამ საკითხის თაობაზე. საკრებულოს ოპოზიციურმა დეპუტატებმა გამოსახლების შესახებ სწორედ დევნილებისგან შევიტყვეთ და არა მთავრობისაგან, რაც ჩვენთვის გაუგებარია”, – განაცხადა გაბუნიამ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ ცვლის და ისევ თავის პოზიციაზე რჩება – ე.წ უკანონო ფართები დევნილების მიერ უახლოეს ათ დღეში უნდა დაიცალოს. თუმცა რა პირობებს სთავაზობენ დევნილებს ეს, ჯერჯერობით, უცნობია.

დევნილების განცხადებით, მათ მინიმალური საარსებო წყარო არ გააჩნიათ და ახალი ჩასახლების ადგილებში მათ მიწებიც კი არ ურიგდებათ.