მესამე ტალღის გამოცხადებას აღარაფერი უკლია, ბიზნესმა დიდი საფრთხე იგრძნო

მესამე ტალღის გამოცხადებას აღარაფერი უკლია, ბიზნესმა დიდი საფრთხე იგრძნო

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს მიკიბ-მოკიბვის გარეშე განუცხადა, რომ ეპიდემიოლოგებმა შეიძლება მესამე ტალღის დასაწყისი ოფიციალურად გამოაცხადონ. მინისტრი ამტკიცებს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანა იმ ფაზაში იმყოფება, რაც ახალი ტალღის დასაწყისია. ბიზნესმა საფრთხე იგრძნო და ტონი გაამკაცრა. ისინი მთავრობას რამდენიმე კომპონენტში ადანაშაულებენ, განსაკუთრებით გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების მხრივ.

„მნიშვნელოვანია, ერთობლივი ღონისძიებები გატარდეს - ვაქცინაციის პროცესის თანმიმდევრული წარიმართოს. ასევე საყურადღებოა ჩვენი მოქალაქეების მოტივირება, რომ ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანია. ყველა ის რეგულაცია, რომელიც შრომითი უსაფრთხოების მხრიდანაა მოწოდებული, აუცილებლად უნდა იყოს დაცული.

შეიძლება ეპიდემიოლოგებმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადონ მესამე ტალღის დასაწყისი. სწორედ აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ნუ უგულებელყოფენ იმ მოცემულ ინსტრუმენტებს, რომელიც ჩვენ ამ ეტაპზე გაგვაჩნია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

თუკი ვინმეს და რამეს გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს მესამე ტალღის გამოცხადება, ეს რასაკვირველია, ეკონომიკა და ბიზნესია. კომპანიის წარმომადგენლები და მეწარმეები უკვე ნერვიულობენ იმასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შეზღუდვების გამკაცრებას მოჰყვეს.

ბიზნეს ასოციაცია მთავრობისგან კონკრეტული გეგმის წარდგენას ითხოვენ. გაერთიანებაში ამბობენ, რომ კრიზისისგან თავის დასაცავად უნდა ჰქონდეს ბიზნესს ხედვა დაავადების რომელ მაჩვენებელზე რომელი ბიზნესი შეიზღუდება.

„აუცილებელია გზამკვლევი არსებობდეს დაავადების რომელ პროცენტულ მაჩვენებელზე რომელ სექტორებს რა ტიპის შეზღუდვა შეეხება. სხვანაირად შეუძლებელი იქნება განსაზღვრა, რა ელის ბიზნესს. რომ არ მივიღოთ ისეთივე ნეგატიური შედეგები, რაც აქამდე გვქონდა, აუცილებელია მეტი განჭვრეტადობა. ეს არის ყველაზე მარტივი მექანიზმი პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

პრობლემები გაჩნდება არა მარტო სამუშაოების დაკარგვის, არამედ ბიზნესის გადარჩენის კუთხითაც. ბევრი კომპანიისთვის ეს იქნება საკონტროლო გასროლა. შესაძლოა, ამ შედეგების რეაბილიტაციას შემდგომ წლები დასჭირდეს“, - აღნიშნა ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა ლევან ვეფხვაძემ.

შეკითხვები ბიზნეს სექტორს პანდემიის ახალ ტალღასთან დაკავშირებით მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მთავრობაში რამდენიმე რეგიონში დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობაზე გაკეთდა განცხადება.

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის შეფასებით, შესაძლო მესამე ლოქდაუნის დაწესება უმძიმესი დარტყმა იქნება ბიზნეს სექტორისთვის. შესაბამისად, თუ მთავრობა სამომავლოდ დამატებითი შეზღუდვების დაწესებას განიხილავს, წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, თუ რომელ სექტორებს შეეხება ის, რომ ბიზნესი მოსალოდნელ სირთულეებს მომზადებული შეხვდეს.

„ეს ძალიან რთული იქნება ეკონომიკისთვის. უფრო ცხადი რომ გავხადოთ სურათი, უნდა მოხდეს განსაზღვრა, რა შემთხვევაშია ეს მოსალოდნელი. მინიმუმ ბიზნესისთვის უნდა განისაზღვროს, რომელ სექტორებს შეეხება და რა შემთხვევაში მოხდება შეზღუდვა. ასეთ შემთხვევაში ბიზნესი მეტად მომზადებული შეხვდება ამ სიტუაციას“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

სამშენებლო კომპანია „რედკოს“ გენერალური დირექტორის მალხაზ კუნელაურის აზრით, ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ვაქცინაციას ვერ ვახერხებთ იმ ტემპებში, როგორც საჭიროა. ახლა კი შეზღუდვების კიდევ დაწესება ბიზნესისთვის დამღუპველი იქნება.

„ეკონომიკა ვერ იხსნება იმ ტემპებში, როგორც აუცილებელია. ზამთრის სეზონი ჩავარდა. დაგვიანებით, მარტში გავხსენით მთის კურორტები, მაგრამ ამან მხოლოდ მცირე სტიმული მოგვცა, ისიც მხოლოდ შიდა გაქირავების ხარჯზე. შეზღუდვების კიდევ დაწესება ბიზნესისთვის დამღუპველი იქნება, რადგან ველოდებით ზაფხულის სეზონს კურორტებზე, იმისთვის, რომ როგორმე ვიმუშაოთ. ქვეყანას სხვა რაიმე ისეთი დამაკომპენსირებელი, რამაც შეიძლება ეს ინდუსტრია ჩაანაცვლოს, ამ ეტაპზე არ გააჩნია.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მსხვილი სფერო არის ტურიზმი და მასზე მიბმული უამრავი დარგი, რომელიც ეკონომიკას ამუშავებს. თუ ზაფხულში კურორტები ჩავკეტეთ, წლევანდელი წელი ძალიან რთული იქნება. ჩვენ, როგორც ბიზნესისა და ეკონომიკის მამოძრავებელ დარგს, გვჭირდება გათვლა, რომ არ დაგვკეტავენ“, - განაცხადა „საქმის კურსში“ კუნელაურმა.