პურის ფასს მთავრობა კიდევ 3 თვით “დაიჭერს”

პურის ფასს მთავრობა კიდევ 3 თვით “დაიჭერს”

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პურის მწარმოებლებთან, ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან გამართულ შეხვედრაზე დაადასტურა, რომ პურის ფასის გაძვირებას არ დაუშვებს. ევროპაში და საქართველოს სამეზობლოში პანდემიის მესამე ტალღა უკვე დაიწყო. ეს, პირველ რიგში, მოთხოვნას ზრდის ისეთ სასიცოცხლო პორდუქტზე როგორც ხორბალია. ამიტომ გლობალურ ბაზრებზე ჯერჯერობით ფასების საგრძნობი შემცირება მოსალოდნელი არ არის, შესაბამისად, საშეღავათო პერიოდის გახანგრძლივება უკვე აუცილებელიცაა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობას წარედგინება ხორბლის სუბსიდირების მოქმედი მოდელის კიდევ სამი თვით გახანგრძლივების გეგმა. პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა უახლოეს დღეებში მიიღებს.

„პანდემიით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ძირითადი მოხმარების პურზე არსებული ფასის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. პურის მწარმოებლებთან, ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან შეთანხმების საფუძველზე, მთავრობას წარვუდგენთ სუბსიდირების მოქმედი მოდელის კიდევ სამი თვით გახანგრძლივების საკითხს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე, პურის მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ დღეისათვის, ხელისუფლების პოლიტიკით და ბიზნესსექტორთან თანამშრომლობით, რეგიონის მასშტაბით, საქართველოში ხარისხიანი და ყველაზე იაფი პური იყიდება, თუმცა არსებული საფასო პოლიტიკის მუდმივად შენარჩუნება რთული იქნება.

საქართველოში 500 გრ თეთრი ფქვილისგან დამზადებული პური 0.34 აშშ დოლარი ღირს, მაშინ, როცა ხორბლის ძირითად მწარმოებელ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა პურის ფასი 0.48 აშშ დოლარსა და 0.51 აშშ დოლარს შეადგენს, სომხეთში 0.46 აშშ დოლარს, თურქეთში კი - 0.35 აშშ დოლარს.

იმედიანად არიან განწყობილნი მეხორბლეთა ასოციაციაში, რადგანაც ხორბლის ფასი კვლავაც ძალიან მაღალია და ამჟამად 1 ტონაზე 280-300 დოლარამდე აღწევს, სუბსიდირება აუცილებელია და მთავრობა უკან არ დაიხევს.

მართალია, ბოლო პერიოდში საქართველოში ყაზახური ხორბალი შემოვიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის საგრძნობლად იაფია. შუა აზიური მარცვლეული დაახლოებით ის ფასია, რაც რუსეთს საბაჟო ტარიფების დაწესებამდე ჰქონდა - 280 დოლარი. რუსული კი უკვე ასცდა 300-იან ნიშნულს და ყაზახურ ხორბალს, რომელიც რუსულზე უფრო ძვირი იყო, ახლა უფრო ხელსაყრელი ფასი აქვს.

„ჩვენ თვეში საშუალოდ 30 ათასი ტონა გვჭირდება. ვნახოთ, თუ ხორბალზე არსებული სურათი შენარჩუნდა, გაიზარდა შემოსული ფქვილის მოცულობა, შესაძლოა მოხდეს სახელმწიფო სუბსიდიის კორექტირება, პირიქით, შემცირების თვალსაზრისითაც. გარდა ამისა, სუბსიდიის ასეთი ხანგრძლივი დროით ამოქმედება საჭირო აღარ იქნება, მაქსიმუმ 2-3 თვეს გახდეს საჭირო ფქვილზე ფასის დაჭერა, რადგან შემდეგ უკვე ახალი მოსავალი მოდის. ყოველთვის, როცა მოსავლის აღების თარიღი ახლოვდება და ელევატორების ე.წ. ჩაწმენდა ხდება, სადაც წინა წლის მარაგები აქვთ შენახული, ეს ყოველთვის აწვება ფასებს შემცირების თვალსაზრისით.

შესაბამისად, ფქვილის ფასზე ცოტა შვებას ველოდებით, თუმცა პურს რაც შეეხება, ასევე გასათვალისწინებელია სხვა ნედლეულისთვის ფასების ზრდა და ლარი-დოლარის კურსი. მაგალითად, 2018 წელს 1 ტონა ხორბლის ფასი 230 დოლარის ფარგლებშიც კი იყო, მაგრამ გაცვლითი კურსი იყო 1 დოლარისთვის 2,44 ლარი. დღეს იმავე ფასზე რომც ჩამოვიდეს ხორბალი, ლარის კურსი უკვე 3,35-ია“, - განუცხადა „ბიპიენს“ მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ.

აქვე გასათვალისწინებელია ის მომენტიც, რომ ევროპაში პანდემიის მესამე ტალღა დაიწყო, ეს კი პირველადი საჭიროების სურსათზე მოთხოვნას ზრდის, რაც ფასების შემცირებისთვის შეიძლება წინაღობა აღმოჩნდეს.