გერმანიაში დასაქმება უკვე საქართველოს 97 436 მოქალაქეს სურს. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში ლეგალურ დასაქმებაზე განცხადებების მიღება კვლავაც მიმდინარეობს, თუმცა ტემპი მკვეთრად დაეცა. ამ დროისთვის 98 000-მდე ადამიანია რეგისტრირებული, გერმანიდან კი 350-მდე ვაკანსიაა მოწოდებული. როგორც ამბობენ, წამსვლელთა შერჩევის საბოლოო პროცესში ბევრ არაოფიციალურ კრიტერიუმს მიექცევა ყურადრება.
აპრილის დასაწყისში, შერჩეულ კანდიდატთა კონკრეტული რიცხვი ცნობილი გახდება. გერმანიაში წასვლის მსურველთა დიდი რაოდენობა შესაძლოა, კრიტერიუმებს მინიმალურ დონეზეც ვერ აკმაყოფილებდეს. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რამდენიმე ისეთ დეტალს მიექცეს ყურადღება, რომელიც პროტოკოლით გათვალისწინებული არ არის. მათ უკვე აქვთ გარკვეული აზრი ჩამოყალიბებული, თუ ვის გაეწევა ანგარიში წამსვლელთა სიის შედგენისას.
ეკონომისტ ბადრი რამიშვილის აზრით, დასაქმების პროგრამაში მონაწილეობისთვის იმოქმედებს ასაკობრივი ბარიერი, ასევე გამოცდილება და ფიზიკური მონაცემები.
„სავარაუდოდ, პროგრამაში მოხვედრის მეტი შანსი ექნება საშუალო ასაკის მოქალაქეებს, ძალიან ახალგაზრდა და 60 წელს მიღწეულებს წასვლა გაუჭირდებათ. ყურადღების მიღმა არ დარჩება გამოცდილება და ფიზიკური მონაცემები, ამ ფაქტორს განსაკუთრებით მიექცევა ყურადღება. გარდა ამისა, ვფიქრობ, ვინც საქართველოდან გაემგზავრება, ყველა შეეცდება ზეგანაკვეთურ სამუშაზე დასაქმებას.
პანდემიის გამო ხალხს შეუმცირდა შემოსავალი და გაჭირვებაა, უფრო მეტად დამძიმდა სოციალური ფონი, რის გამოც წასვლის სურვილი უფრო გამწვავდა. ვაკანსია ცოტაა, ამიტომ ათიათასობით ადამიანისთვის გერმანიაში დასაქმების ოცნება განუხორციელებელი დარჩება“, - განაცახდა რამიშვილმა.
ოფიციალურად კი გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს 18 წლიდან 60-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე; გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უნდა ჰქონდეს შენგენის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია; უნდა იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი; ჰქონდეს მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; არ უნდა ჰქონდეს არანაირი დარღვევა, რაც ქვეყანაში მის შესვლას ხელს შეუშლის; სავალდებულოა გერმანული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.
რაც შეეხება თავად სამუშაოს, საუბარია ერთიდან სამ თვემდე პერიოდში სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებაზე. სამუშაო პერიოდი კვირაში 5-6 დღეა, დრო კი 8–10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი ერთ საათში 9,5 ევროა, რომელსაც გამოაკლდება გადასახადების, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.
ეკონომიკის დოქტორი ვახტანგ ჭარაია ფიქრობს, რომ პირველ ეტაპზე მოქალაქეთა ის რაოდენობა, რომელიც გერმანიაში უნდა გაემგზავროს, არ შექმნის საქართველოში სამუშაო ძალის დეფიციტს, თუმცა გრძელვადიან პერსპეტივაში შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს.
თუ ტენდენცია გაგრძელდა და დაემატა ახალი ქვეყნები ან გერმანიამ მომდევნო წლებში გააფართოვა თავისი პროგრამა, საქართველოში კი ისევ არაფერი შეიცვალა, წასვლის სურვილი ბევრს ექნება. საბოლოოდ კი, ჭარაიას აზრით, ასე ნელ-ნელა, სამუშაო ძალის ქვეყნიდან გაყვანა ნიშნავს ერთს - ისინი უცხო ქვეყნის ეკონომიკაზე იმუშავებენ და არა ქართულზე.
„მოკლევადიან პერიოდში არაფერ საგანგაშოს არ ველოდები. ის ადამიანი რომ წავა და რამდენივე ათას ევროს ჩამოიტანს, ამით არაფერი არ დაშავდება. პლუს ამას, შეიძლება ამით გარკვეული შესაძლებლობაც მოვიპოვოთ. თუნდაც ის 500 ადამიანი რომ წავა და ნახავს, როგორ მუშავდება თანამედროვე ტექნოლოგიებით მიწა, როგორ ხდება მოსავლის აღება, რა ტექნოლოგიებს გამოიყენებენ პროდუქციის წარმოებაში, რომელ სასუქებს თუ სხვა მინარევებს არჩევენ, ეს შეიძლება გამოიყენონ საკუთარ მეურნეობებში“, - აღნიშნა „ლაივპრესთან“ ჭარაიამ.
ექსპერტს მაგალითად ლატვია მოჰყავს, როცა ევროკავშირში გაწევრიანებიდან მალევე, ქვეყანა დაახლოებით ერთმა მილიონმა ადამიანმა დატოვა. მართალია, ისინი ფულს გამოიმუშავებდნენ და უკან აგზავნიდნენ, თუმცა ერთია ფულის გამოგზავნა მაშინ, როცა შენს ეკონომიკაში არაფერი ხდება, იმპორტდამოკიდებულების გაზრდის გარდა, მეორე კი, როცა ამ დამოკიდებულებას საკუთარ ქვეყანაში შექმნილ პროდუქციას და იმპორტის შემცირებას უპირისპირებ.