ლარისთვის მიმდინარე კვირა მოულოდნელობებით დაიწყო. საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის - თურქეთის - ეროვნული ვალუტა ბოლო 24 საათში 15%-ით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულებამ 8.0 ლირას გადააჭარბა. პარალელურად შესუსტება დაიწყო ქართულმა ლარმაც, რომლის ნიშნებიც ჯერ კიდევ წინა კვირას ჩანდა. ფინანსისტები ეროვნულ ბანკს ინტრევენციების გაგრძელებისაკენ მოუწოდებენ.
მეზობელი ქვეყნის ვალუტის დევალვაცია პირდაპირ უკავშირდება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ მიღებულ მოულოდნელ გადაწყვეტილებას, რომლითაც მან ცენტრალური ბანკის მმართველი ნაჯი აბგალა გაათავისუფლა.
გასულ ხუთშაბათს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ერდოღანის ნების საწინააღმდეგოდ რეფინანსირების განაკვეთი 17%-დან 19%-მდე გაზარდა, ამ გზით ბანკი ქვეყანაში გაზრდილი ინფლაციის შეკავებას გეგმავდა. განაკვეთის ზრდიდან მალევე ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა თანამდებობა დაკარგა. ერდოღანი მაღალი ინფლაციის მიუხედავად, რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას მოითხოვს, რასაც ცენტრალური ბანკი ეწინააღმდეგება.
თებერვლის მდგომარეობით, თურქეთში 15.6%-იანი ინფლაცია იყო. ცენტრალური ბანკის სამიზნე კი 9.4%-იანი ინფლაციაა. არსებულ ვითარებაში ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პოლიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ მაღალი ინფლაციის საპასუხოდ ქვეყანამ პირიქით მონეტარული პოლიტიკა უნდა შეარბილოს, როგორც ინფლაციური მოლოდინის ზრდაში, ასევე ლირის გაუფასურებაში აისახება.
დღეს თურქეთი საქართველოს მთავარი საიმპორტო და სავაჭრო პარტნიორია. 2020 წელს საქართველომ თურქეთიდან 1.4 მილიარდი დოლარის მოცულობის საქონელი შეიძინა, რაც მთლიანი იმპორტის 17.6% იყო. ექსპორტის მოცულობა კი 190.6 მილიონი იყო, რითიც თურქეთი ასევე მოწინავე ქვეყნის სტატუსს ატარებს. ჯამურად, 2020 წელს ორ ქვეყანას შორის ბრუნვამ 1.6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14% იყო.
ის, რომ ლირის და თურქეთის ეკონომიკას ლარის გაცვლით კურსზეც აქვს გავლენა, 2020 წლის სექტემბერში საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა სელიმ ჩაკირმაც დაადასტურა, რომელმაც აღნიშნულ პერიოდში ლარის გაუფასურების მიზეზებს შორის ლირის ვარდნაც დაასახელა.
სავარაუდოდ, სწორედ ამ ფაქტორის გამო, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობა გაიზარდა, რის საპასუხოდაც ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარის მოცულობის ინტერვენცია განახორციელა.
ამ კუთხით შედარებით ოპტიმისტურად არის განწობილი ანალიტიკოსი ნიკა შენგელია, რომლის აზრითაც თურქული ვალუტის გაუფასურება ლარზე გავლენას ჯერჯერობით ვერ მოახდენს, თუმცა შესაძლებელია, რომ იმპორტული თურქული პროდუქტის ფასზე მცირედით აისახოს.
„ლირა, სამწუხაროდ, ნახტომისებურად გაუფასურდა. ორშაბათ დილას ლირა 7,20-დან მოულოდნელად 8,38-ის ფარგლებში მოექცა. ეს პროცესი ჯერჯერობით ლარის გაუფასურებაზე არ აისახება. პროდუქტები, რომელიც თურქეთიდან შემოაქვთ იმპორტიორებს, შეიძლება გაიაფდეს, სხვა მოლოდინი ჯერჯერობით არ გვაქვს. მთლიანობაში, როგორც ვხედავთ, ინტერვენციების საჭიროებაა და ამ მიდგომას სებ-ი, ალბათ, არ შეცვლის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უკვე გვექნება სხვა ფასები მომსახურებაზე“, - აღნიშნა შენგელიამ.
იგი სებ-ის მიერ წარმოდგენილ სცენარებს აფასებს და განმარტავს, რომ სებ-ის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, განსაკუთრებით ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, არ ეთანხმება.
„ბოლო პერიოდში აქტიურად ვამბობდი, რომ სებ-ს მოუწევდა დოლარის გაყიდვა, რათა ლარის კურსი დაესტაბილურებინა. ლარი კიდევ გაუფასურდება, ამ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს, სებ-მა ისევ მოუწევს ინტერვენციები. რაც შეეხება ცენტრალური ბანკის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას და პროგნოზს, ვერ დავეთანხმები. აღმოჩნდა, რომ სებ-ი ოპტიმისტურ სცენარს ელოდება, რაც არ მგონია, გამართლდეს. 3,50-ის ფარგლებში ველოდები კურსს, თუმცა ეროვნულ ბანკს აქვს ყველა საშუალება, რომ კურსი დაიჭიროს 3,30-ის ფარგლებში.
საერთო ჯამში, ზედმეტად ოპტრიმისტური სცენარია, ეკონომიკა 4-5%-ით რეალურად არ გაიზრდება, ჩვენი გათვლით, ზრდა 2%-ს ვერ გადააჭარბებს“, - განუცხდა „რეპორტს“ ნიკა შენგელიამ.