საქართველოში 2020 წელს ავტომობილების შიდა გადაყიდვა წლიურად 18%-ით - 226 ათას მანქანამდე შემცირდა. მკვეთრი კლებაა იმპორტში. ეს ყველაფერი კი ერთ-ეთრი ყველაზე მაღალრენტაბელური დარგის კრიზისზე მიუთითებს. გამოსავალი არ ჩანს და როგორც ეტყობა, პანდემიის დასრულებამდე არც გამოჩნდება.
როგორც „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაშია მითითებული, ყველაზე მკვეთრი შემცირება მე-2 (-47.9%) და მე-4 კვარტლებში (-21.0%) იყო, როდესაც პანდემიასთან დაკავშირებული მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა. გაყიდვების შემცირების მიუხედავად, ავტომობილებზე საშუალო ფასებმა მხოლოდ 5%-ით დაიკლო.
ავტომობილების ექსპორტი საქართველოდან წლიურად 45%-ით არის შემცირებული. განსაკუთრებით კლებაა სომხეთის მიმართულებით, რაც ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე გაცხადდა. 2019 წლის სექტემბრის მონაცემებით ექსპორტი იყო 31 მლნ დოლარი, 2020 სექტემბერში კი - 0, რაც სომხეთის ევრაზიულ კავშირის წევრობას უკავშირდება, სადაც კავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ავტომობილების იმპორტზე ძალიან მაღალი გადასახადია.
სომხეთი კავშირში შესვლიდან 1-2 წელი, გარკვეული დათქმით, სატარიფო სქემის მიღმა იყო. შესაბამისად, ამ პერიოდში დიდი ოდენობით მარაგის შექმნით იყო დაინტერესებული.
„კავკასიის ავტოიმპორტის“ წარმომადგენელი დავით გულაშვილი ადასტურებს, რომ 2020 წელს ექსპორტი შემცირდა სომხეთში და ყირგიზეთში, თუმცა შენარჩუნდა უკრაინაში. კლება სომხეთსა და ყირგიზეთში საბაჟო ტარიფის ზრდას უკავშირდება.
„ასევე უნდა იქთვას, რომ პანდემიის გამო, ავტომობილებზე მოთხოვნა შემცირდა. შესაბამისად, შემცირდა ფასიც, თუმცა ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად სტაბილურია“, - განაცხადა გულაშვილმა.
ავტომობილების იმპორტიორი, „რობანი მოტორსის“ დამფუძნებელი კი ამბობს, რომ ავტოიმპორტში რეალურად გაცილებით მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე სტატისტიკა ასახავს. ევროპაში მანქანები გაძვირდა, რის გამოც ხარჯი გაიზარდა და ბიზნესის ნაწილი იძულებულია, დროებით შეაჩეროს საქმიანობა. ასეთ ფონზე, როგორც ელგუჯა ჯამაგიძე ამბობს, გაყიდვები განახევრებულია, რაც ოფიციალურ მაჩვენებლებში სათანადო არ არის ასახული.
„ეპიდემიურ პერიოდში როგორც იმპორტი, ასევე ადგილზე რეალიზაციაც შემცირდა. დილერების უმეტესობა გაკოტრებულია და უკვე ალტერნატიული საქმიანობის წამოსაწყებად ეძებენ გზებს, რათა თავი გადაირჩინონ. ასეთ დროს საუბარი, რომ იმპორტი 18%-ით შემცირდა, ცოტა არ იყოს, წარმოუდგენელი მგონია, სინამდვილეში გაცილებით მეტი კლებაა.
იმპორტი განახევრდა და მეტადაც კი შემცირდა, ამის ერთ-ერთი მიზეზი ადგილზე მანქანების მაღალი ფასია, 30-40%-ით გაძვირდა და შემოყვანილი მანქანების გაძვირებას კი ვერავინ ბედავს, ისედაც არ იყიდება და მომხმარებელი უფრო მეტად დაფრთხება. წაგებაზე კი არავინ იმუშავებს. შეიძლება ითქვას, რომ ღრმა კრიზისია, საიდანაც გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს“, - განაცხადა ჯამაგიძემ.
2020 წელს ავტომობილების ბიზნესის მთლიანი ზომა 3.8 მლრდ ლარი იყო. ამაში შედის როგორც ფორმალური ისე არაფორმალური სექტორის ჯამი. კვლევის თანახმად, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ფორმალური სექტორი ბაზრის ზომის მხოლოდ 70%-ს მოიცავს.