„საწვავზე ფასების მატება, სამწუხაროდ, გაგრძელდება, ყველა კომპანიას მოუწევს ფასების მატება“

„საწვავზე ფასების მატება, სამწუხაროდ, გაგრძელდება, ყველა კომპანიას მოუწევს ფასების მატება“

შავი ოქროს ფასი მსოფლიო ბაზარზე რეკორდული სისწრაფით მატულობს. ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა, პირდაპირპროპორციულია პირველადი მოხმარების, კვების პროდუქტების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, სატრანსპორტო გადაზიდვების და ა. შ. ფასების ზრდასთან. როგორც ექსპერტები ამბობენ, პროცესი გლობალური და შეუქცევადია. ფასების ზრდას აპროტესტებენ მძღოლები და ხელისუფლებისგან ფასების სტაბილიზაციას ითხოვენ. „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი“ საწვავზე ფასების ზრდის მიზეზებს ასახელებს. კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ნავთობზე ფასების ზრდა მიმდინარე წლის დასაწყისიდან, რაც პირდაპირ უკავშირდება მსოფლიოში საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებას, რომელმაც თავისთავად გააჩინა პოზიტიური მოლოდინები მსოფლიო ეკონომიკის სწრაფ აღდგენასთან დაკავშირებით.

რა ბერკეტები არსებობს იმისათვის, რომ მოხდეს სახელმწიფოს ჩარევა ფასწარმოქმნის პროცესში, არის თუ არა ფასები ხელოვნურად გაზრდილი და რა სამომავლო პროგნოზები კეთდება, for.ge-ს კითხვებს, „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი“- ს თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი პასუხობს:

ვანო მთვრალაშვილი: პანდემიამ მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა ნავთობის ფასებთან მიმართებაში. კერძოდ, გასული წლის დასაწყისში ნავთობზე არსებული მაღალი ფასები შემდგომ შეიცვალა ბოლო წლების რეკორდულად ყველაზე დაბალი ფასებით, რაც პირდაპირ კავშირში იყო COVID-19-ის პანდემიასთან. მასობრივი კარანტინებისა და შეზღუდვების არსებობის პირობებში დაფიქსირდა ნავთობის მოხმარების რეკორდული შემცირება, რამაც გამოიწვია ნავთობზე ფასის მკვეთრი კლება.

გასული წლის ზაფხულის დასაწყისიდან, ანუ მას შემდგომ, რაც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში მოიხსნა საყოველთაო შეზღუდვები, თანდათანობით დაიწყო საჰაერო, სახმელეთო, სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა და ასევე სხვადასხვა ეკონომიკური დარგების გახსნა, იწყება ნავთობზე ფასების მატება. ამას თან დაერთო ასევე „ოპეკი +“-ის მიერ მიღებული უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით (მაისის თვიდან 9,7 მილიონი ბარელით დღე/ღამეში).

განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ნავთობზე ფასების ზრდა მიმდინარე წლის დასაწყისიდან, რაც პირდაპირ უკავშირდება მსოფლიოში საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებას, რომელმაც თავისთავად გააჩინა პოზიტიური მოლოდინები მსოფლიო ეკონომიკის სწრაფ აღდგენასთან დაკავშირებით. შედეგად, თანდათანობით ძველ ნიშნულებს დაუბრუნდა ნავთობზე მოთხოვნა. აღნიშულის დასტურია ამ დღეებში „ოპეკი +“-ის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზი 2021 წლისთვის ნავთობზე მოთხოვნის ზრდასთან დაკავშირებით. კერძოდ, ნავარაუდევია, რომ მოთხოვნის ზრდა მიაღწევს 5,9 მლნ ბარელს დღე-ღამეში ანუ, იგი გაიზრდება 96,3 მილიონ ბარელამდე.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ობიექტური რეალობა, რომ დღეისათვის ნავთობის ფასებმა უკვე პანდემიამდელ ნიშნულებს გადააჭარბა. კერძოდ, გასული წლის იანვრის თვეში ლონდონის სანავთობო ბირჟაზე საშუალო ფასი შეადგენდა 64 დოლარს ბარელზე, როდესაც დღეისათვის იგი 68,88 დოლარს ბარელზე შეადგენს.

ასევე აღსანიშნავია საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის გაცვლითი კურსის დინამიკა აშშ დოლართან მიმართებაში, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საცალო ქსელში საწვავის ფასების ფორმირება. კერძოდ, გასული წლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,8876 ლარს. დღეისათვის ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 3,3204 ლარს. ზრდა განხორციელდა 0.44 ერთეულით ანუ 15,3%-ით.

ბოლო პერიოდში საწვავზე ფასების მატება პირდაპირპროპორციულ კავშირშია S&P Global Platts-ების მკვეთრ მატებასთან. კერძოდ, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ბენზინის საავტომობილო საწვავზე ფასი გაზრდილია 195 დოლარით ტონაზე (43%), ხოლო დიზელის საწვავზე ფასი გაიზარდა 117 დოლარით ტონაზე (27,8%).

დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,45-2,50 ლარი ლიტრზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,68-2,71 ლარი ლიტრზე,

სუპერი ტიპის ბენზინი - 2,77-2,81 ლარი ლიტრზე,

ევრო დიზელის საწვავი - 2,63-2,73 ლარი ლიტრზე,

დიზელის საწვავი - 2,53-2,67 ლარი ლიტრზე.

ხოლო არაბრენდირებულ ავტო-გასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 1 ლიტრ საწვავზე 20-25 თეთრით უფრო იაფია ვიდრე ბრენდულ ავტო-გასამართ სადგურებზე, ანალოგიურად, როგორც ეს იყო წინა პერიოდებში.

რა არის ფასთა სხვაობის მიზეზი?

- ეს ყოველთვის ასე იყო, მათ შორის ფასთა სხვაობა 20-25 თეთრია. ეს გამოწვეულია იმით, რომ არაბრენდირებულ გასამართ სადგურს, საოპერაციო დანახარჯი, საინვესტიციო, მომსახურეობის დანახარჯი და ასე შემდეგ, გაცილებით ნაკლები აქვს, ვიდრე ბრენდირებულ კომპანიას. მეორე ფაქტორია თვითონ კონკურენციის თემა. ეს რას ნიშნავს, რომ თუ პატარა გასამართი არ დაადებს დაბალ ფასს, მისი გაყიდვები ადგილობრივ ბაზარზე იქნება მცირე.

ბუნებრივია, საწვავზე ფასის ზრდამ მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია, ეს ეხება არა მარტო გადაზიდვებს, არამედ საწვავზე ფასების ასეთი სწრაფი ზრდა, ნიშნავს ფაქტობრივად ყველა სფეროში ფასების მატებას. რა შეუძლია სახელმწიფომ მოიმოქმედოს, როგორ უნდა მოხდება პროცესის დაბალანსება, ხელოვნურად ჩარევა რამდენად გამართლებულია და მექანიზმი თუ არსებობს ამის?

- ამ შემთხვევაში, მთავარი არის გარე ფაქტორი. ეს არის საერთაშორისო ფასი, რაზეც ჩვენ ზემოქმედება არ შეგვიძლია. თვითონ პლაცი, ეს არის საინფორმაციო სააგენტო, რომელიც ფასებს აქვეყნებს ყოველდღიურად და ამ დადგენილი ფასებით ხდება საწვავის მოწოდება. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, რომელიც ასევე პირდაპირ მოქმედებს საწვავის ფასებზე. პანდემიიდან გამომდინარე ნაკლებია ინვესტიციები, შეჩერებულია ტურიზმი, სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე არის ძალიან მცირე. თავისთავად ესეც მოქმედებს ამ ყველაფერზე.

ყოველთვის, როცა საწვავზე ფასი იმატებს, აპელირება ხდება აქციზის გადასახადის შემცირებაზე, რატომ არ იყენებს მთავრობა ამ ბერკეტს?

- აქციზის გადასახადი, ეს არის იმპორტის დროს ფიქსირებული გადასახადი. თუ აქციზის გადასახადს შეამცირებ, რა თქმა უნდა, ფასი ავტომატურად შემცირდება მაგრამ მეორე მხრივ, სახელმწიფო კარგავს გარანტირებულ სტაბილურ შემოსავალს. დღეს, როდესაც არის ეკონომიკური ვარდნა და, ბევრი ინდუსტრიიდან საბიუჯეტო შემოსავლები საგრძნობლად შემცირებულია, რა თქმა უნდა, სახელმწოფოს მხრიდან აქციზის გადახედვის საკითხი, მე პირადად არასწორად მიმაჩნია. ამ შემთხვევაში სახელმწიფო დაკარგავს მნიშვნელოვან შემოსავლებს, რომელიც, ვთქვათ, მიმართულია სოციალური პროექტებისკენ და სხვა. ამიტომ, სამწუხაროდ, დღეს, არანაირი ფაქტორი არ არსებობს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საწვავის ფასზე. კომპანიები დღეს ზღვარზე გადიან, ერთი მხრივ მათ უნდა გააგრძელონ საქმიანობა, მათი მუშაობა უნდა იყოს რენტაბელური და მეორე მხრივ, გაზრდილი ფასის პირობებში არის უკმაყოფილო მომხმარებელი და გარდა ამისა, დიდი რისკია იმისა, რომ გაყიდვების მნიშვნელოვანი შემცირება მოხდეს.

დიზელის საწვავზე ევრო 5-ის სტანდარტის ვალდებულება კიდევ წლით გადავადდა, ამან რა გავლენა იქონია არსებულ ფასებზე?

- სტანდარტის გადავადებას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით ჩვენი მთავარი არგუმენტაცია იყო ის, რომ სტანდარტის გადავადება რომ არ მომხდარიყო, არ იქნებოდა ბაზარზე წარმოდგენილი აზერბაიჯანული პროდუქტი რომელიც, ყოველთვის 15-20 თეთრით უფრო იაფია. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომ აზერბაიჯანული საწვავის მიწოდება ხდება სახელმწიფო პროგრამით, რაც განსაზღვრულია სოფლის მეურნეობისათვის და აქაც ფასდაკლებით ხდება ამ საწვავის მიწოდება. ანუ, რაც არის სახელმწიფო შესყიდვის ფასი, ამას კიდევ 15 თეთრი აკლდება ფერმერებისთვის. ეს რომ არ მომხდარიყო, ამ ფონზე, ამ პირობებში, როდესაც ვბსაუბრობთ საწვავის ტოტალურად გაზრდილ ფასებზე, და კიდევ გრძელდება ფასების ზრდა, ეს საკითხი ასე რომ არ გადაწყვეტილიყო, ეს იაფი პროდუქტი ბაზარზე არ გვექნებოდა. ამით, პირველ რიგში, დაზარალდებოდა სოფლის მეურნეობა და ყველა ის სეგმენტი, რომელიც ამ პროდუქტის მომხმარებელია. ამიტომ, ეს იყო ლოგიკური და სწორი გადაწყვეტრილება.

დაბოლოს, როგორია სამომავლო პროგნოზი?

- საწვავზე ფასების მატება, სამწუხაროდ, გაგრძელდება. ყველა ის მოცემულობა, რომელიც დღეს საერთაშორისო ბაზრებზეა, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ, ალბათ, ყველა კომპანიას, ეს იქნება ბრენდირებული თუ არაბრენდირებული, მოუწევთ საწვავზე ფასების მატება.

 

trampi ქურდს რა უნდა და .....ბნელი ღამეო ...............
. კატას ფილტვი მიარტყეს და............ მეც ეგ მინდოდაო-------------- ამათ პრიჩინა მიეცი და .....გამოიყენებენ აბა რას იზამენ...
3 წლის უკან