პანდემიამ საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვნად შეცვალა - რუსეთზე დამოკიდებულება შემცირდა

პანდემიამ საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვნად შეცვალა - რუსეთზე დამოკიდებულება შემცირდა

პანდემიამ სავაჭრო ურთიერთობებში თავისი კორექტივები შეიტანა. ეს გარკვეულწილად დადებითიც აღმოჩნდა. მაგალითად, გაიზარდა ექსპორტი და შემცირდა იმპორტი. რაც ყველაზე მთავარია, ვაჭრობის მიმართულებით რუსეთზე დამოკიდებულება შემცირდა.

2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 2.9 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 270.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ზრდა ადგილობრივი ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული – 2021 წლის თებერვალში ადგილობრივი ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 23.3 პროცენტით გაიზარდა და 202.6 მლნ აშშ დოლარი – მთლიანი ექსპორტის 75.0 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდისათვის, იმპორტი 12.2 პროცენტით შემცირდა და 618.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

2021 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.2 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს 71.1 მლნ. აშშ დოლარით რუსეთი იკავებს, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 66.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე ჩინეთი – 53.8 მლნ. აშშ დოლარით.

წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 73.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი – 203.3 მლნ. აშშ დოლარით, ჩინეთი – 139.9 მლნ. აშშ დოლარით და რუსეთი – 131.6 მლნ. აშშ დოლარით.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას აზრით, თებერვლის თვეში ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული ზრდა არის პირველი ნიშანი, რომ საქართველო ვაქცინაციისა და კოვიდთან ბრძოლის ფონზე იწყებს ეკონომიკის გაჯანსაღებას და 2021 წელი ნამდვილად იქნება გამოცოცხლების წელი. მინისტრის ინფორმაციით, თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ორნიშნა ზრდა ძირითადად ორ კომპონენტს – სოფლის მეურნეობისა და სამთო-გადამამუშავებელი დარგის პროდუქციას უკავშირდება.

„იწყება ეკონომიკის გამოცოცხლება და როგორც ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, საქართველო იქნება ლიდერი რეგიონში გაჯანსაღების ტემპის მიხედვით“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

თებერვალში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება როგორც 2020 წლის, ასევე 2019 წლის თებერვლის (პანდემიამდე) მონაცემს. შესაბამისად, სავაჭრო დეფიციტი 93.5 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა და 347.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი მომენტი ბოლო პერიოდის სავაჭრო ურთიერთობებისა ისაა, რომ საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულებაზე შემცირდა. შესაბამისი კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ წარმოადგინა. ორგანიზაციის განმარტებით, დღეისათვის საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების კუთხით მთავარ გამოწვევად ღვინის ექსპორტის რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულება და რუსეთიდან ხორბლის იმპორტი რჩება.

2019 წელთან შედარებით, 2020 წელს საქართველოს ექსპორტი რუსეთში 11,2%-ით შემცირდა. თუმცა, საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 13,1%-დან 13,2%-მდე მცირედით გაიზარდა, რადგან ქვეყნის ჯამური ექსპორტი უფრო მეტად შემცირდა (12%-ით), ვიდრე რუსეთში ექსპორტი. 2020 წელს საქართველოდან რუსეთში 441 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა.

2020 წლის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში საქონლის ექსპორტში პირველ ადგილზე ღვინო იყო 120 მლნ აშშ დოლარით. თუმცა, 2019 წელთან შედარებით, გასულ წელს ღვინის ექსპორტი 10%-ით შემცირდა;

მეორე ადგილი ფეროშენადნობებმა დაიკავა - 109 მლნ დოლარით, რაც 2019 წელთან შედარებით 5%-იანი კლებაა;

მესამე ადგილზე მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი იყო 44 მლნ აშშ დოლარით, რომელიც, 2019 წელთან შედარებით, 27%-ით შემცირდა;

2020 წელს ქართული სპირტიანი სასმელების რუსეთში ექსპორტმა 31 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 9,3%-ით ნაკლებია.

რუსეთში ქართული პროდუქტის ექსპორტი ფაქტობრივად 2013 წლიდან აღდგა. ამას წინ უსწრებდა რუსეთისგან 2006 წელს დაწესებული ემბარგო. 2008-2012 წლებში რუსეთის წილი 2%-მდე იყო დაცემული.

საქართველოს რუსეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს - ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი პროდუქცია შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს. ბოლო წლებში რუსეთიდან იმპორტს მზარდი ტენდენცია შეინიშნება.

„2012 წლის შემდეგ რუსული პროდუქციის იმპორტი თითქმის გაორმაგებულია. რუსეთს საქართველოს იმპორტში მეორე ადგილი უჭირავს და მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

2020 წელს რუსეთიდან საქართველოში 887 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. 2019 წელთან შედარებით რუსეთიდან იმპორტი 9,2%-ით შემცირდა, თუმცა რუსული პროდუქტის წილი იმპორტში 10,3%-დან 11,1%-მდე გაიზარდა.

„წილის ზრდის მიზეზი არის ის, რომ რუსეთიდან იმპორტი უფრო ნაკლებად შემცირდა, ვიდრე საქართველოს მთლიანი იმპორტი (შემცირდა 16%-ით)“, - განმარტებულია კვლევაში.

რუსეთიდან იმპორტში ყველაზე დიდი წილი (15%) ბენზინს უჭირავს, მეორე ადგილზე ხორბალია. 2020 წელს რუსეთიდან 107 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, 488 ათასი ტონა ხორბალი შემოვიტანეთ. 2019 წელთან შედარებით ზრდა 18%-ია. ამავე დროს, 2020 წელს საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 99,4% რუსული ხორბალი იყო.

„რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე ასეთი მაღალი დამოკიდებულებაც გარკვეული საფრთხის შემცველია, რადგან პოლიტიკური ან სხვა მიზეზების გამო რუსეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტის შეწყვეტა გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში ხორბლის დეფიციტს გამოიწვევს და პურის ფასს გაზრდის“, - მიიჩნევენ მკვლევრები.

ორგანიზაცია ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების გათვალისწინებით აცხადებს, რომ რუსეთზე დამოკიდებული ქართული ეკონომიკა ბუნებრივად შემცირდა.

„პანდემიური პერიოდის გასვლის შემდეგ კი, საქართველოს უჩნდება შესაძლებლობა, სტრუქტურულად გარდაქმნას ეკონომიკა და ნაკლებდამოკიდებული გახდეს რუსეთზე... ასევე გასათვალისწინებელია ის საფრთხეც, რომ „კოვიდ შეზღუდვების“ მოხსნის შემდეგ, რესურს-შემცირებულმა ბიზნესმა იოლად ხელმისაწვდომ ბაზარს მიაშუროს, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მხრივ, რამაც შესაძლოა საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების დონე კიდევ უფრო გაზარდოს“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.