ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა თებერვლის მონაცემები გამოაქვეყნა. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მონაცემები კვლავ შეწონილი ტარიფით გამოქვეყნდა და ისევ გაუგებარია ელექტროენერგის ღირებულების დეტალური მონაცემები. ეკონომისტებისთის ეს უკვე ეჭვის სერიოზული საფუძველია.
ესკოს მიერ ფასების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ტარიფების სრული და გამჭვირვალე სახით გამოქვეყნება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.
„ვფიქრობ, ელექტროენერგიის იმპორტის კუთხით, დღესდღეობით ძალიან ბუნდოვანი ვითარება გვაქვს. არსებული მონაცემები ვერ პასუხობს იმ კითხვებს, რაც საზოგადოებაში არსებობს და არანაირად არ ასახავს რეალურ სურათს. მიმაჩნია, რომ ჩვენ, საზოგადოებას, გვაქვს ლეგიტიმური უფლება, რომ ვიცოდეთ თუ საიდან, რა ფასად ხდება ელექტროენერგიის შესყიდვა. როგორც ვიცით, ელექტროენერგიის იმპორტი სამი სხვადასხვა ტარიფით ხორციელდება. კერძოდ, დღის, ღამის და უქმე დღეების მიხედვით. ეს ფასები რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან.
ესკო ამ სამი ტარიფის საფუძველზე საშუალო შეწონილ მონაცემებს აქვეყნებს. შესაბამისად, ორგანიზაციის მიერ ამ სახით ტარიფების გამოქვეყნება რიცხვებით ჟონგლირებას ჰგავს და აბსოლუტურად არაფრის მომცემი მონაცემებია“, - განაცხადა გვიდიანმა.
რადგანაც ესკომ ეკონომისტების მოთხოვნა ყურად არ იღო, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების გასაჯაროების მოთხოვნით უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართა.
ტექსტში აღნიშნულია, რომ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი თავს არიდებს იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების ჩაშლილი წესით გამოქვეყნებას, რაც მანიპულაციების და არასწორი დასკვნებისთვის დიდ სივრცეს ტოვებს:
„ბატონო პრემიერო, მოგმართავთ საჯაროდ, რათა თქვენი ყურადღება მივაპყროთ, ჩვენი აზრით, ერთ-ერთ აქტუალურ და საინტერესო საკითხს. კერძოდ, საქმე ეხება ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ინფორმაციის გამჭვირვალობის პრობლემას.
საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ესკო პრინციპულად თავს არიდებს იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ ინფორმაციის ჩაშლილი წესით გამოქვეყნებას. კერძოდ, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ელექტროენერგიის შესყიდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს იმპორტიორი კომპანიების მიერ შეთავაზებული დღის, ღამის და უქმეების ტარიფების საუკეთესო ვარიანტის მიხედვით, რაც ცალსახად სწორი და უალტერნატივო მიდგომაა. თუმცა, ხაზგასასმელია, რომ იმპორტირებული ენერგიის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება მხოლოდ საშუალო შეწონილი ფასის მიხედვით ხდება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკა არის უაღრესად ბუნდოვანი და მანიპულაციების და არასწორი დასკვნებისთვის დიდ სივრცეს ტოვებს.
მიგვაჩნია, რომ ესკოს მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ ინფორმაციის არასრულად გამოქვეყნება, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ხარისხის პრობლემის მორიგ გამოხატულებას წარმოადგენს. მოგეხსენებათ, აღნიშნული პრობლემა, დღეს უმწვავესად დგას საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ სექტორშიც და დარწმუნებული ვართ, თუკი ესკო გამჭვირვალობასთან დამოკიდებულებას არ შეცვლის, იგივე პრობლემა დადგება იმპორტირებული ელექტროენერგიის შემთხვევაშიც. აქვე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ იმპორტირებული ენერგიის ფასების დამახინჯებული სახით გამოქვეყნება, კორუფციაში და ბუნდოვან გარიგებებში ჩართულობის ეჭვებსაც აჩენს.
უაღრესად მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის იმპორტის პროცესი გახდეს 100%-ით გამჭვირვალე, რათა დაინტერესებულ საზოგადოებას ჩაშლილ მონაცემებზე ჰქონდეს წვდომა და იცოდეს დროის კონკრეტულ პერიოდში, რატომ მოხდა ამა თუ იმ იმპორტიორი კომპანიის შერჩევა. თავის მხრივ, ესკოს მიერ გამჭვირვალობის პრინციპის დაცვა დაასრულებს სიცრუის ტირაჟირებას და თავიდან ავირიდებთ მანიპულაციებს სხვადასხვა დაინტერესებული საზოგადოებრივი თუ ბიზნეს ჯგუფების მხრიდან“, – ნათქვამია აფბა-ს მიმართვაში.
ასეთ მიდგომას მხარს უჭერს პროფესორი ვახტანგ ჭარაიაც. მისთვის გაუგებარია რატომ უნდა იყოს საიდუმლო ან ძნელად ხელმისაწვდომი ამ ტიპის ინფორმაცია.
„როცა მონაცემები ქვეყნდება, ისე უნდა იყოს მაქსიმალურად დეტალურად მოცემული, რომ კითხვის ნიშნები არ უნდა რჩებოდეს. ამაში სრულიად ვიზიარებ აფბას პოზიციას“, - განაცხადა ჭარაიამ.
მისი თქმით, ხშირია სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ მაგალითად, იმპორტირებული ელექტროენერგია 3 ცენტი ღირს, 4 ცენტი ღირს, ხოლო ნამოხვანჰესის მიერ გამომუშავებული კი უფრო ძვირი იქნება. აქ უამრავი ნიუანსია და ამიტომ როგორც სპეციალისტებს, ისე საზოგადოების დაინტერესებულ ნებისმიერ ჯგუფს, სჭირდება რაც შეიძლება მეტი და სრული ინფორმაცია.
ანუ რაც უფრო არეული და დაულაგებელი იქნება ეგ ფასები, მაგათი ხეირი ეგააა .....
ეგრე არ ურჩევნიაათ?