„იქ, სადაც ავტობუსი და მეტროა, მიკროავტობუსის საჭიროებას ვერ ვხედავ“

„იქ, სადაც ავტობუსი და მეტროა, მიკროავტობუსის საჭიროებას ვერ ვხედავ“

ლილო-სამგორი-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელებაზე თბილისის მერიამ, შესაძლოა, უარი თქვას. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

ასევე, ახალი მიკრო ავტობუსებში მგზავრობა 1 აპრილიდან 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი ეღირება, ხოლო ახალი „მარშუტკით“ მგზავრმა თუკი საათნახევარში კვლავ იმგზავრა, მას საფასურის გადახდა არ მოუწევს. აღნიშნული პრეცედენტი უკვე რამდენიმე წელია დანერგილია მეტროთი და ავტობუსის მგზავრობის შემთხვევაში.

რამდენად გაამართლებს მერიის ახალი სატრანსპრტო პოლიტიკა, აღნიშნულ თემაზე for.ge-ს სატრანსპორტო ექსპერტი დავით მესხიშვილი ესაუბრა.

ცნობილი გახდა, რომ 1 აპრილიდან ახალ მიკროავტობუსებში გადახდის სისტემა ისეთივე იქნება, როგორც მეტროსა და ავტობუსებშია - მგზავრი თუ ერთხელ 50 თეთრს გადაიხდის, საათნახევრის გნმავლობაში მეორედ უფასოდ შეუძლია მგზავრობა. მერიის ამ გადაწყვეტილებას როგორ შეაფასებდით?

- აღნიშნულ ცვლილებებს მუდმივად ვაკვირდები. პლუს მე საერთაშორისო გამოცდილებებსაც ვეცნობი ხოლმე. მთავარი ამოსავალი წერტილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა. თუ ჩვენ ქალაქში საცობებზე ვსაუბრობთ, ვამბობთ, რომ ქალაქის ეკოლოგიური მდომარეობა გაუარესდა - ამ ყველაფრის ერთადერთი გადაჭრის მექანიზმი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწორად მოწყობაა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ტრანსპორტის განვითარება არის ერთადერთი მთავარი ამოცანა, ასევე - ალტერნატიური ტრანსპორტის განვითარება, როგორიცაა ველოსიპედი და ა.შ. ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ ქალაქი დაემსგავსოს ნორმალურ ქალაქს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთადერთი ამოსავალი წერტილია. პირადად, მე მერიას არც ვაკრიტიკებ და ვცდილობ კონსულტაციის რეჟიმში ვიყო. რა თქმა უნდა, ავტობუსების რაოდენობა საკმარისი არ არის. ჩემი აზრით, დაახლოებით, 1000 ავტობუსი გვჭირდება. ასევე მეტროს მეტი შემადგენლობა გვჭირდება, რათა ლოდინის რეჟიმი შემცირდეს, რაც შეეხება თბილისის მერიის მცდელობას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკეთესი გახადოს, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. გადახდის სისტემის გაიოლება და დაბალი ფასის შენარჩუნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტად უნდა დარჩეს. ცნობილია, რომ ტალინის მერმა არჩევნები მოიგო იმით, რომ გამოაცხადა საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო უნდა იყოსო. სინამდვილეში, მოგეხსენებათ, უფასო არაფერი არსებობს და ტრანსპორტის დაფინანსება ხდება - მას საწვავი სჭირდება. ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ, რომ საზოგადოებრივი ტრასპორტი იაფი იყოს და მეორე მხრივ სწრაფი იყოს. სწრაფი იქნება იმ შემთხვევაში, თუ საგზაო ინფრასტრუქტურა გავითარდება, რასაც დედაქალაქის შესაბამისი სამსახურები ცდილობენ. ასევე ტრანსპორტი ძალიან კომფორტული უნდა იყოს. ეს არის პრინციპი და თუ ამ პრინციპს მოერგება თბილისის მერია, მაშინ ჩვენ ქალაქში გამართულ საგზაო მოძრაობას მივიღებთ.

ახალ მიკროავტობუსებში გადახდის სისტემა მხოლოდ ელექტრონულად ხდება. ეს საქართველოსთვის რამდენად მორგებული სისტემაა, რადგან ავტობუსებში ბილეთის შეძენა თანხითაც ხდება?

- ჩემი აზრით, მიკროავტობუსებიც თანამედროვე სისტემაზე უნდა გადასულიყო. სწორია, რომ საბოლოოდ ასეთი გადასვლა ხდება. სიმართლე გითხრათ, რამდენად ადაპტირებულია, არ ვიცი, მაგრამ გეტყვით რატომ არის კარგი სისტემა - პანდემიის დროს ევროკავშირის რეკომენდაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ პირველი რეგულაცია რაც გამოსცა იყო ის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში „ქეშად“ გადახდა უნდა შეწყვეტილიყო, რადგან ფული ვირუსის გავრცელების ხელშემწყობად ითვლებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ელექტრუნულად გადახდა ცუდი არ არის, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. ახლა მთავარია, რომ მგზავრები მიეჩვიონ.

ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა ქალაქს რამდენად განტვირთავს?

- საერთოდ, „მარშუტკების“ მომხრე არ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას გვსურს ამ ქალაქში ელექტრო ავტობუსები ვიხილოთ. ვენაში ეს საზოგადოებრივი სისტემა ძალიან მომეწონა, რომელიც გარემოს დამაბინძურებელ არ არის.

ანუ, თქვენ ამბობთ, რომ ტროლეიბუსის დაბრუნებაზე უნდა ვიფიქროთ?

- ვენაში არის ე.წ ელექტრობუსები. სინამდვილეში ავტოუსებია, რომლებიც გზადაგზა იღებენ იმ ენერგიას, რომელიც სჭირდება გადასაადგილებლად - გზადაგზა იტენება. დარწმუნებული ვარ, ელექტრობუსებს თბილისშიც ვიხილავთ. საბოლოო მიზანი ეს უნდა იყოს. დედაქალაქი ძირითადად უნდა დაიტვირთოს ავტობუსებით და ელექტრობუსებით. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის ზოგი უბანში გზა ძალიან ვიწროა, ამ ავტობუსების შეშვება ფიზიკურად წარმოუდგენელია. მაგალითად, ზემო ვაკეში ინტენსიური განაშენიანება მიმდინარეობს და სამწუხაროდ, გზები ცუდად არის დაგეგმილი. გზის პარამეტრები იმდენად ცუდად არის განლაგებული, რომ ორი ავტომობილიც კი ვერ ახერებს ერთმანეთისთვის გვერდის აქცევას. ამ მხრივ ჩემი პოზიცია მაქვს, რომ „მარშუტკები“ ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან საერთოდ უნდა გავიდეს. იქ, სადაც ავტობუსი და მეტროა, მიკროავტობუსის საჭიროებას ვერ ვხედავ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მერიაში კონსულტაციები არ გქონიათ?

- პერიოდულად კონსულტაციები გვაქვს. საშუალება გვაქვს, რომ მერიას ჩვენი მოსზრებები მივაწოდოთ. „მარშუტკებთან“ დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება მაქვს. მე ვთვლი, რომ ე.წ. ბასლაინები უნდა დაეთმოს მთლიანად ავტობუსებს. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, მათი იმ რაიონებში გადანაწილება, სადაც ავტობუსები ვერ მიდის - არის სწორი. ავტობუსი, მეტრო და მიკროავტობუსი ერთმანეთის კონკურენციაში კი არ უნდა იყოს, არამედ ერთ საერთო ქსელს უნდა წარმოადგენდეს. ამ სისტემის მოწყობას ასე ვხედავ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ტრანსპორტის სამსახური ფიქრობს იმას, რომ მას შემდეგ, რაც ავტობუსების რაოდენობა გაიზრდება და სასურველ რაოდენობას მიაღწევს, „მარშუტკების“ გადატანა მოხდება სხვა რაიონებში. ეს მიკროავტობუსები შეიძლება საჭირო გახდეს იმ სოფლებში, რომელიც თბილისს შემოუერთდა.

რამდენიმე ქუჩაზე მერიამ „ბასლაინები“ მოაწყო, თქვენი აზრით  ეს საცობებს ხომ არ ქმნის?

- თბილსში „ბასლაინები“ ეპიზოდურია - სადღაც გვხდება, სადღაც არა. მთლიან სცენარში ქალაქში „ბასლაინები“ არ გვინახავს. არ ვიცით ამ „ბასლაინების“ მთლიანი სტრუქტურა როგორია. თავიდანვე ჭავჭავაძის გამზირზე როდესაც გაკეთდა, შეფასებისგან თავს ვიკავებდი. მხოლოდ ერთი მონაკვეთით თქვა წარმატებულია თუ არა, შეუძლებელია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რაღაც მონახაზი დასრულებული ვნახოთ, რომლითაც შეგვეძლება ვიმსჯელოთ. ის, რომ ავტობუსს უნდა ჰქონდეს საკუთარი ზოლი, ამას წყალი არ გაუვა. რაღაც ნაწილში თბილისის მერიამ გარისკა, როცა ავტობუსების მოწყობაზე გადავიდა, თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ ეს საერთაშორისო მოწყობილობაა. უნდა ითქვას, რომ ბევრი პრობლემა მას შემდეგ მოიხსნება, როდესაც ავტობუსების რაოდენობა საკმარისი იქნება.

დაბოლოს, მინდა გკითხოთ, ლილო-სამგორი-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელებაზე თბილისის მერიამ, შესაძლოა, უარი თქვას. თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან მიმართებაში როგორია?

- აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. მე ვერ ვნახე დასაბუთება რატომ უნდა ყოფილიყო სამგორი-ლილოს მიმართულებით მეტრო. საერთოდ, მიწისზედა მეტრო არასწორი ტერმინია. მეტრო ძვირადღირებული ტრანსპორტია, მისი მოწყობის თვალსაზრისით. მიწისზედა მეტრო მაშინ არის გამართლებული, თუ მიწის ქვევით შეუძლებელია მისი გაყვანა სხვადასხვა მიზეზების გამო. ყველა შემთხვევაში არსებობს სხვა ტრანსპორტი. თუ ჩვენ მაინც დ მაინც გვინდოდა მეტროს ბოლო გაჩერება გაგვეგრძელებინა, კვლევები ჩატარდებოდა და დიდ დიღომში შეიძლებოდა გაკეთება. ვფიქრობ, დიდი დიღმის მოსახლეობა ქალაქს მოწყვეტილია. ძველი პროექტი არსებობდა, რომელსაც გადახედვა სჭირდება. პროექტის მიხედვით დიდუბის მეტროდან უნდა გასულიყო მეტრო დიდ დიღომში.