საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 17 მარტს რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო და მისი განაკვეთი 8.5%-ით განისაზღვრა. ეს ნიშნავს, რომ სებ-ს მთელი მიმდინარე წლის განმავლობაში ინფლაციისა და ლარის გაუფასურების შიში აქვს და თარაგის წინასწარ იჭერს.
როგორც ეროვნული ბანკში განმარტავენ, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 3.6 პროცენტი შეადგინა. ისიც აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბრიდან ინფლაციის მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ შეამცირა, რაც დროებითი ხასიათისაა. მარტიდან ვითარება ამ მხრივ რადიკალურად შეიცვლება.
არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4-4.5 პროცენტის ფარგლებში იქნება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. საყურადებოა ლარის კურსის კომპონენტიც, რომელიც ბოლო თვეებში მართალია სტაბილურობას ინარჩუნებს, თუმცა მაინც გაუფასურებისკენაა მიდრეკილი და მკაცრი მონეტარული პოლიტიკა მის დასაბალანსებლადაც საჭიროა.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი კოვზანაძეს რეფინანსირების განაკვეთის ზრდა არ გაჰკვირვებია. ჯერ კიდევ დეკემბერში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარლამენტში დამტკიცების დროს ითქვა, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს მოუწევდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, შესაბამისად, არსებულ ვითარებაში ინფლაციაზე მზარდი წნეხის შესამცირებლად რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ლოგიკური იყო.
„ჩვენი ეკონომიკის მთავარ გამოწვევად რჩება ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი, დიდი სამთავრობო ვალი, მაღალი ინფლაცია და ლარის კურსი, ხოლო მთავარი ეგზოგენური გამოწვევა პანდემია და ნედლეულის საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდაა. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია ფისკალური და მონეტარული ორგანოების კოორდინირებული მუშაობა და დროული გადაწყვეტილებები“, - განაცხადა კოვზანაძემ.
ამგვარი პოზიციას გარკვეულწილად იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“. მათი აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება წინა პერიოდებში გამოვლენილი ფრთხილი მიდგომის გაგრძელება და ინფლაციური რისკების ზრდის საპასუხო ნაბიჯია.
მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი მოთხოვნა კვლავ სუსტი რჩება და ეკონომიკის აღდგენისთვის საჭირო ნაბიჯებიც აგვიანებს (ვაქცინაციის დაგვიანებით დაწყება), ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი გაუარესებულია, რამაც, შესაძლოა, სამომავლოდ ეკონომიკის აღდგენის პროცესზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს.
„თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 3.6%-ით განისაზღვრა, რაც კომუნალური გადასახადების სუბსიდირების შედეგია. მისი დასრულება ინფლაციის მაჩვენებელზე შესაბამისად აისახება, სავარაუდოა წლის ბოლოდმე ინფლაციის მაჩვენებელი 4.5%-მდე გაიზარდოს. ასევე მნიშვნელოვან რისკებს წარმოქმნის საერთაშორისო ბაზარზე ნავთობისა და ნედლეულის ფასების ბოლო დროინდელი ზრდა, რაც გაუფასურებული კურსის პირობებში ადგილობრივ ფასებზე მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ახდენს“, - აცხადებენ „საზოგადოება და ბანკებში“.
მეორე მხრივ, ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ქვეყანაში ბიზნესის აქტიურობას შეასუსტებს. საბანკო სფეროს ექსპერტის ლია ელიავას შეფასებით, სებ-ის გადაწყვეტილება შედეგს გრძელვადიან პერიოდში მოიტანს და პრობლემას განსაკუთრებით ბიზნესს შეუქმნის.
„სებ-ის მხრიდან გამკაცრებისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედება იწვევს ერთობლივი მოხმარების კლებას. შესაბამისად, საქონლისა და მომსახურების შესყიდვისთვის ნაკლები ფული დაიხარჯება, რაც ბიზნესის აქტიურობის შესუსტებას გამოიწვევს. ამით ეროვნული ბანკი ცდილობს გამოასწოროს შეცდომა, როცა ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა დაუშვა. ჩემი აზრით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას სჯობდა, მიეხედათ ლარისთვის და მკვეთრი გაუფასურების საშუალება არ მიეცათ.
მექანიზმი მარტივია, კომერციული ბანკები სარგებლობენ ამ სესხით და გასცემენ კრედიტებს. როცა მკაცრდება მონეტარული პოლიტიკა, შესაბამისად, ბანკები ზრდიან განაკვეთს და სესხი ძვირდება, ეს კი იწვევს ეკონომიკიდან ფულის ამოღებას. შედეგად მივიღებთ ორ რამეს - ინფლაციური პროცესის მოთოკვას და საერთო მოხმარების შემცირებას. სწორედ პირველს იმედოვნებს სებ-ი და უგულებელყოფს მეორე ძალიან მნიშვნელოვან მომენტს“, - განუცხადა „რეპორტს“ ლია ელიავამ.