თბილისში სატრანსპორტო რეფორმა ყველა მიმართულებით გაგრძელდება და 3 წლის შემდეგ დასრულდება

თბილისში სატრანსპორტო რეფორმა ყველა მიმართულებით გაგრძელდება და 3 წლის შემდეგ დასრულდება

სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც მოიცავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას და ახალი სამარშრუტო ქსელის განვითარებას, 2023 წლისთვის დასრულდება. პარალელურად, გაგრძელდება რეფორმები სატაქსო მომსახურების კუთხით და წელს, შემოდგომიდან მესამე ეტაპის განხორციელება დაიწყება.

ახლა კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებულ სისტემას ახალი მიკროავტობუსები ემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გადახდიდან 90 წუთის განმავლობაში უფასოდ გადაჯდომა, გარდა მეტროსა და ავტობუსისა, ახალ მიკროავტობუსებშიც იქნება შესაძლებელი.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ინტეგრირებულ სისტემაში ჩაერთვებიან ის მიკროავტობუსებიც, რომლებიც სექტემბერში უნდა შემოვიდეს დედაქალაქში.

„თქვენ იცით, რომ დაწყებული გვაქვს მიკროავტობუსების განახლების პროგრამა. 300 ერთეული მიკროავტობუსი უკვე შემოსულია დედაქალაქში, რომელიც მოსახლეობას უკვე ემსახურება, შესაბამისად, შემოდის ახალი, ინტეგრირებული სისტემა, რომელიც აქამდე მიკროავტობუსებში არ იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მეტროთი და ავტობუსით მგზავრობისას მგზავრს ჰქონდა საშუალება, რომ ერთი ბილეთით 90 წუთის განმავლობაში ესარგებლა უფასო გადაჯდომით, ამას ემატება მიკროავტობუსებიც, თუმცა, უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ეს ინტეგრირებული სისტემა პირველ ეტაპზე მუშაობს იმ 300 ახალ მიკროავტობუსში, რომელიც მუნიციპალიტეტმა შემოიყვანა. რა თქმა უნდა, ეს გავრცელდება იმ ახალ მიკროავტობუსებზეც, რომლებიც სექტემბერში უნდა შემოვიდეს.

დაახლოებით 700 ერთეული მიკროავტობუსი დაემატება ქალაქს. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, აქამდე თუ ქალაქს 1500-მდე მიკროავტობუსი ემსახურებოდა, მოემსახურება 1000 მიკროავტობუსი, მაგრამ დაემატება 8-მეტრიანი ავტობუსები იმისთვის, რომ მოვიცვათ ყველა ქუჩა და ყველა უბანი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

პარალელურად, წელსვე გაგრძელდება ტაქსების რეფორმა და შემოდგომისთვის მესამე ეტაპი დაიწყება. ჯერჯერობით, ოფიციალურად უცნობია, რა იქნება თბილისის მერიისგან შემოთავაზებული. კალაძის უწყებაში ამ ეტაპზე საუბრისგან თავს იკავებენ.

„რეფორმა, რა თქმა უნდა, იგეგმება. სავარაუდოდ, შემოდგომიდან შეიძლება ამოქმედდეს მომდევნო ეტაპი. ამ თემაზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ სატაქსო კომპანიებსა და მძღოლებთან. გვინდა, რომ მათთვის ხელსაყრელი და სასარგებლო მოდელი ავამოქმედოთ. განხორციელებული რეფორმით ძალიან კმაყოფილი ვართ. ახლა გადავალთ იმ ეტაპზე, რომელიც ტაქსის ბაზარს ეკონომიკურად გააძლიერებს“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

რეფორმის გაგრძელებას და მის აუცილებლობას ადასტურებენ დედაქალაქის საკრებულოშიც. დეპუტატი და საავტომობილო სფეროს სპეციალისტი შალვა ოგბაიძე აღნიშნავს, რომ რეფორმების განხორციელებამდე სატაქსო ბიზნესში სიცარიელე იყო, ამ გზით კი განვითარებისკენ ნაბიჯებიც გადაიდგა.

„პირველი და მეორე ეტაპები უნდა შეაფასოს პროცესის ორმა მონაწილემ. ესენი არიან მძღოლები და მგზავრები. ბევრი ადამიანი ლეგალურად დასაქმდა ამ სფეროში. ავტომობილები გარკვეულ დონეს უკვე აკმაყოფილებს, როგორც სანიტარიის თვალსაზრისით, ასევე - ვიზუალური მდგომარეობის მხრივ, ტექნიკური გამართულობის კუთხით კი სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა. აღარაფერს ვამბობ მომსახურების კულტურაზე.

პასუხისმგებლობის რაღაც დოზა გაჩნდა. ადრე საერთოდ სიცარიელე იყო ამ სფეროში, ახლა კი პირველი ნაბიჯები გადაიდგა და მესამე ეტაპიც უნდა დაიწყოს“, - განაცხადა ოგბაიძემ.