ნავთობის ფასის მზარდი დინამიკისა და ლარის გაუფასურების საფუძველზე გაჩნდა საფრთხე, რომ 2021 წელს საწვავის ფასი 1 ლიტრზე 3-ლარიან ნიშნულს მიუახლოვდება. გამოსავალი არ ჩანს. მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი განუხრელად ძვირდება, საქართველოში კი ეროვნული ვალუტა ვერაფრით მყარდება.
ასეთ ვითარებაში იმპორტიორებს ერთადერთი გზა დარჩენიათ - პროდუქტის გაძვირება. ეს კი დროთა განმავლობაში მოხმარების შემცირებას აუცილებლად გამოიწვევს. კომპანია „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა ამბობს, რომ ბოლო სამ თვეში, საწვავის ფასები ხუთთეთრიანი ნიშნულით, დაახლოებით 6-ჯერ დაკორექტირდა.
„წლის დასაწყისიდან დღემდე, ჩვენს ქსელში საწვავის ფასი გაზრდილია 30 თეთრით. ერთი ტონა საწვავის ფასი 450-დან კი 650-მდე გაიზარდა“, - აღნიშნა ხორავამ და საწვავის გაძვირების გაგრძელება დაადასტურა.
„გვაქვს ნაშთები და ჩვენს ქსელში ფასი მყისიერად არ იზრდება. იგი იცვლება ორ კვირაში ერთხელ 3-5-თეთრიანი ნიშნულით, რომ ეს არ იყოს ძალიან შემაწუხებელი. თუმცა თუ ავიღებთ სამი თვის სურათს, 30 თეთრი საკმაოდ დიდი ნიშნულია“, - განმარტა ხორავამ.
გაძვირების შეუქცევად ტენდენციაზე საუბრობენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირშიც. ორგანიზაციის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, პანდემიამ მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა ნავთობის ფასებთან მიმართებაში.
2020 წლის ზაფხულის დასაწყისიდან, ანუ მას შემდგომ, რაც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში მოიხსნა საყოველთაო შეზღუდვები, თანდათანობით დაიწყო საჰაერო, სახმელეთო, სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა და ასევე სხვადასხვა ეკონომიკური დარგების გახსნა, იწყება ნავთობზე ფასების მატება. ამას თან დაერთო ასევე „ოპეკი პლუსის“ მიერ მიღებული უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით (მაისის თვიდან 9,7 მილიონი ბარელით დღე-ღამეში).
„განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ნავთობზე ფასების ზრდა მიმდინარე წლის დასაწყისიდან, რაც პირდაპირ უკავშირდება მსოფლიოში საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებას, რომელმაც თავისთავად გააჩინა პოზიტიური მოლოდინები მსოფლიო ეკონომიკის სწრაფ აღდგენასთან დაკავშირებით. შედეგად, თანდათანობით ძველ ნიშნულებს დაუბრუნდა ნავთობზე მოთხოვნა. აღნიშულის დასტურია ამ დღეებში „ოპეკი პლუსის“ მიერ გამოქვეყნებული პროგნოზი 2021 წლისთვის ნავთობზე მოთხოვნის ზრდასთან დაკავშირებით. კერძოდ, ნავარაუდევია, რომ მოთხოვნის ზრდა მიაღწევს 5,9 მლნ ბარელს დღე-ღამეში, ანუ იგი გაიზრდება 96,3 მილიონ ბარელამდე.
ბოლო პერიოდში საწვავის გაძვირება პირდაპირ პროპორციულ კავშირშია „პლატცის“ ფასის მკვეთრ მატებასთან. მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ბენზინის საავტომობილო საწვავზე ფასი გაზრდილია 195 დოლარით ერთ ტონაზე (43%), ხოლო დიზელის საწვავზე ფასი გაიზარდა 117 დოლარით ერთ ტონაზე (27,8%)“, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.
ჯერჯერობით არანაირი გამოსავალი არ ჩანს. ლარის კურსის გამყარება ვერ ხერხდება, ხოლო საერთაშორისო ბირჟებზე ფასი მაღლა-მაღლა მიცოცავს. ეკონომისტი ოთარ აბესაძე ერთ-ერთ ვარიანტად საწვავზე აქციზის გაუქმებას ასახელებს.
„საწვავის ფასი რეკორდულ ნიშნულზე ადის. უნდა მოვითხოვოთ საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება. აქციზის გადასახადით ბიუჯეტში შედის 1 450 000 000 ლარამდე. აქედან თხევადი გაზის (ელპიჯი) აქციზის წილი არის 20%-მდე. აქციზის გადასახადის გარეშე 1 ლიტრი საწვავი, საშუალოდ, ეღირება 2 ლარი, ხოლო „ელპიჯი“ - 90 თეთრი.
საწვავზე ფასის ზრდა ავტომატურად აისახება სურსათის და სხვა ბევრი ტიპის საქონლის თუ მომსახურების ფასზე. პანდემიამ და ინფლაციამ საკმაოდ დააზარალა ქვეყნის ეკონომიკა. საშუალოდ თუ 2019 წელს ადამიანს ჭირდებოდა თვეში 1000 ლარი, დღეს ზუსტად იგივე საქონლისა და მომსახურებისთვის ჭირდება 1340 ლარი. გაზრდილია უმუშევრობა, ამ ყოველივეს ფონზე გადაუდებლად აუცილებელია მთავრობამ „შემოიჭიროს ქამრები“, უარი თქვას სხვა ტიპის ხარჯებზე (ადმინისტრაციული და ა.შ.) გადაეწყოს ე.წ. მცირე მთავრობის კონცეფციაზე და მოახდინოს გადასახადების ლიბერალიზაცია“, - აღნიშნა აბესაძემ.
დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები ბრენდირებულ ავტო-გასამართ სადგურებზე შეადგენს: „რეგულარის“ ტიპის ბენზინი - 2,45-2,50 ლარი, „პრემიუმის“ ტიპის ბენზინი - 2,68-2,71 ლარი, „სუპერი“ ტიპის ბენზინი - 2,77-2,81 ლარი, დიზელის საწვავი - 2,53-2,67 ლარი. არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 1 ლიტრ საწვავზე 20-25 თეთრით უფრო იაფია.