ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ის ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბათუმის პენიტენციალურ დაწესებულებაში არასათანადო პირობებში იმყოფება.
For.ge აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და დეტალების გასარკვევათ მარიამ კუბლაშვილს დავუკავშრდით. როგორც მან ჩვენთან საუბრისა აღნიშნა, მის დაცვის ქვეშ მყოფს, ისე ცუდად ექცევიან, რომ სიკვდილის პირას არის. ციხის ადმინისტრაცია მას არც სატელეფონო ზარების განხორციელების უფლებას აძლევს.
„ყველამ იცის, რომ ბათუმის ციხე უმკაცრესია. სიმკაცრე ერთია და ადამიანის უფლების დარღვევის სიხშირე - მეორე. პატიმრების მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ. წიგნის წაგითხვის საშუალებას არ აძლევენ; გასეირნების საშუალება არ აქვს; არ აქვს სპორტით სარგებლობის უფლება; კვება ძალიან ცუდია; მიმართვები ძალიან მძიმე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ძალიან მძიმე მდგომარეობამდეა მისული. ის ამბობს, რომ „თუკი მოვკვდები, ეს იქნება ამ ციხის ბრალი და ციხის ადმინისტრაციაში მოიკითხეთ, ვითხოვ შველას“. მას ასევე სატელეფონო ზარების განხორციელება აკრძალული აქვს. ძალიან ბევრი პატიმარი ვიცი ვინც ვერ რეკავს. დაუსაბუთებელია და გაურკვეველია საერთოდ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბათუმის პენიტენციალურ დაწესებულებაში რისთვის გადაიყვანეს. ისეთი საქმეა, რომელზეც, წესით, გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს. ძალიან ვიბრძვი და ეჭვი მაქვს, რომ ამის გამო, მასზე გარკველი ფსიქოლოგიური ზეწოლა ხოციელდება. ეს პატიმარი ბათუმის ქვემდებარე არ არის. საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს იხილავს და მოულოდნელად ბათუმში გადიაყვანეს. მე განმიმარტეს, რომ მისი გადაყვანა პანდემიიდან გამომდინარე მოხდა“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, საქმის გასარკვევად სასჯელაღსრულების დეპარტამენტს განცხადებით უკვე მიმართა.
„არასამუშაო დღეები იყო, ამიტომ ორშაბათს გავგზავნეთ განცხადება. ბათუმის ციხის ადმინისტრაცია, სახალხო დამცველის რეკომედაციებს აბსოლუტურად უგულებეყოფს, კონტაქტზეც არ გამოდის, წერილებს უპასუხოდ ტოვებს. პატიმრების ხმა მაქსიმალურად დახშულია, რადგან ვერ რეკავენ. თუ ადვოკატებს სიმართლეს გვეტყვიან, მათ მიმართ ზეწოლები უფრო აქტიურად ხორციელდება. ფიზიკურ ძალადობას თუ ადგილი ჰქონდა, ეს არ ვიცი. ჯერჯერობით მასთან შეხვედრას ვერ ვახერხებ, მე თბილისში ვიმყოფები. ჩემს კოლეგებს ვთხოვე და მას მოინახულებენ.
იუსტიციის სამინისტროშიც გავაგზავნე განცხადება და ახსნა-განმარტებას მოვითხოვ. ეს ადამიანი ახალი დაკავებული არ არის. არც ისეთი პიროვნებაა, რომ საპატიმროში პროტესტი მოაწყოს. სხვა პატიმარმა დარეკა და მან გადმოგვცა ჩემი დაცვის ქეშ მყოფის განცხადება - „მე სიკვდილის პირას ვარ და თუ მოვკვდი, ეს ციხის ბრალია და გადამარჩინეთ“ - განუცხადა ადვოკატმა for.ge-ს.
მარიამ კუბლაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. მკვლელობა 2002 წელს მოხდა. როგორც კუბლაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, საქმე გაყალბებულია.
„მე ახლა გამომძიებლის ფუნქცია შევითავსე. საქმე ამოტრიალდა და გამამართლებელ განაჩენს ველოდები“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
მარიამ კუბლაშვილისგან განსხვავებული პოზიცია აქვს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს. როგორც for.ge-ს უწყებაში განუცხადეს, ბათუმის N3 საპატიმრო დაწესებულებაში განსაკუთრებული რისკის მქონე მსჯავრდებულები იმყოფებიან, ამიტომ ისინი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით სარგელობენ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მარიამ კუბლაშვილის ბრალდებასაც უარყოფენ.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს პატიმრებზე რაიმე სახის ზეწოლას. რაც შეეხება რეჟიმს, N3 (ბათუმის) პენიტენციური დაწესებულება არის განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და იქ მყოფი მსჯავრდებულები მათი საშიშროების რისკის გათვალისწინებით, სარგებლობენ მოქმედი კანონმდებლობითა და დაწესებულების დებულებით განსაზღვრული უფლებებით, ისევე როგორც ზოგადად სხვადასხვა ტიპის/რისკის პენიტენციურ დაწესებულებებში.
რაც შეეხება სატელეფონო ზარებზე შეზღუდვას, აღსანიშნავია, რომ თავად ადვოკატის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია - „უკვე მერამდენე პატიმარი მიკავშირდება“, რაც თავისთავად გამორიცხავს იმას, თითქოს მოცემული დაწესებულების პატიმრებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალება არ ეძლევათ. სატელეფონო ზარზე შეზღუდვა კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება გამოწვეული იყოს დისციპლინური სახდელით, თუმცა მსგავსი დისციპლინური სახდელები, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს იმ კონკრეტული პატიმრების მიმართ, რომლებიც არღვევენ პატიმრობის კოდექსითა და დაწესებულების დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც არის კანონით განსაზღვრული დისციპლინური სახდელის ზომა“, - განუცხადეს for.ge-ს უწყებაში.
პენიტენციალურ დაწესებულებაში პატიმრების მიმართ ზეწოლას უარყოფს ასევე საქართველოს პარლამენტის ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი ალუდა ღუდუშაურიც. მისი თქმით, გასულ წლებთან შედარებით, მსჯავრდებულებს ყველა პირობა აქვთ, მათ შორის სატელეფონო ზარების განხორციელებისაც.
„სიმართლე გითხრათ, ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის განცხადება არ მომისმენია. ცალკეული ადვოკატები ამა თუ იმ მოტივით განცხადებებს აკეთებენ, ეს გასაგებიც არის. სატელეფონო ზარებს და გარკვეულ შეზღუდვებს კანონმდებლობა ითვალისწინებს. ციხე და საპყრობილე არ არის ის ადგილი, სადაც ადამიანს აბსოლუტური თავისუფლება აქვს. პატიმარს გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სატელეფონო ზარით სარგებლობა შეუძლია. ამიტომ, არ მგონია, რომ აღნიშნული საკითხი რაიმე სისტემურ პრობლემასთან იყოს დაკავშირებული. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს პროგრესი გვაქვს. პენიტენციალურ დაწესებულებებში უდავოდ კარგი ვითარებაა და ამას აღიარებს არა მარტო ჩვენი საზოგადოება, არამედ - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც. ამიტომ, თუ ასეთ ფაქტს მართლაც ჰქონდა ადგილი, ის რეაგირეის გარეშე არ დარჩება. ამდენად, არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი სისტემურ პრობლემასთან იყოს დაკავშირებული, რომელიც ადრეულ წლებში იყო და გვახსოვს კიდეც. თამამად შემიძლია გითხრათ, დღეს ნამდვილად პენიტენციალურ დაწესებლებაში პატიმრების უფლებები არის სათანადოდ და ჯეროვნად დაცული, ისე, როგორც ნებისმიერ ევროპულ სტილის ქვეყანაში“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.