დაპირისპირების მუხტმა კომენდანტის საათის გარშემო გადაინაცვლა

დაპირისპირების მუხტმა კომენდანტის საათის გარშემო გადაინაცვლა

კომენდანტის საათის მოხსნა-შემსუბუქება დაპირისპირების მთავარი საგანია. მთელი ყურადღება ახლა ამ შეზღუდვის ირგვლივ არის გადატანილი. მთავრობა და ექიმები ნელა მოქმედებენ, საზოგადოება და ბიზნესი კი ძალიან ჩქარობს.

21 მარტს, 14:00 საათზე, „კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით, „სოცაფეთქება“ მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქციას გამართავს. ასევე შედგება საკონსტიტუციო სარჩელზე საჯარო ხელმოწერაც.

აქციის ორგანიზატორების შეფასებით, დღემდე მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით გამართულმა საპროტესტო აქციებმა და გამოსვლებმა რიგ შემთხვევაში შედეგი გამოიღო.

„მოძრაობა „სოცაფეთქებამ“ არაერთ სოციალურ პრობლემაზე წარმატებით გამოხატა და გააჟღერა საზოგადოების ხმა. განსაკუთრებით, იმ საკითხების შესახებ, რაც სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური თუ მომსახურების სფეროს მუშაობას აბრკოლებდა და პანდემიის ე.წ. პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებით, ადამიანებს შემოსავლის მიღების შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტად წაართვა.

ჩვენი აქტივობების შედეგად მიღწეული რიგი შემსუბუქებების მიუხედავად, ვთვლით, რომ კიდევ დარჩა საკითხები, რომლებიც აქტიურ გაჟღერებას მოითხოვს. უმთავრესი კი, არის „კომენდანტის საათის“ გაუქმება, რომელიც ერთნაირად უშლის ხელს ბიზნესის, თუ სხვა სოციალური სფეროების სრულყოფილ ფუნქციონირებას“, - აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქციების პერიოდში იურისტებმა მთავრობის წინააღმდეგ სახალხო სარჩელი მოამზადეს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ.

თუმცა, სანამ ეს ყველაფერი ორგანიზებულ და მასშტაბურ სახეს მიიღებს, იქამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა ნამდვილად შემსუბუქდება. ამის შესახიბ პირველი განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა და კონკრეტული ვადაც დაასახელა. იგი არ გამორიცხავს, რომ 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა მარტის ბოლოს შემსუბუქდეს.

გამყრელიძე უკვე დარწმუნებულია, რომ ეპიდვითარების სტაბილიზაციის ფონზე, აღნიშნული შეზღუდვაც შემსუბუქდება. ამ ყველაფერზე საკოორდინაციო საბჭო მომდევნო კვირას იმსჯელებს.

„ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. თუ ასეთი სტაბილური იქნა, შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც შეიძლება იქნას განხილული. 15 მარტს კიდევ შემსუბუქების ერთი ეტაპი დაიწყო. ყოველი შემსუბუქების შემდეგ 10 დღე, ორი კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას და შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც განიხილება. დარწმუნებული ვარ, ესეც შემსუბუქდება, ოღონდ ეპიდვითარების სტაბილიზაციის ფონზე“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მის პოზიციას აქამდე არ იზიარებდა ჯანდაცვის მინისტრი. ეკატერინე ტიკარაძე რამდენიმე დღის წინ პირდაპირ ამბობდა, რომ „კომენდანტის საათის“ გადაწევას პირადად ის მხარს არ დაუჭერდა.

„მე ამას მხარს არ დავუჭერდი, რადგან ჩვენ ძალიან დიდი რისკი ავიღეთ საკუთარ თავზე, როდესაც დავიწყეთ შეზღუდვების მყისიერი მოხსნა. რეალურად, ეს არის ყველაზე ეფექტური ბერკეტი, რომელიც არის სხვა ქვეყნებშიც და იქ 20:00 საათზე იწყება გადაადგილების შეზღუდვა“, - აცხადებდა ტიკარაძე.

მიუხედავად ამისა, თუკი კორონავირუსის დაინფიცირების სტატისტიკა კვლავ გაუმჯობესდა, კომენდანტის საათის შემსუბუქება დღის წესრიგში აუცილებლად დადგება. გასარკვევი ის იქნება რამდენი საათით გადაიწევს გაადგილების შეზღუდვის დაწყების დრო.