ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები გაჩნდა. საქმე ეხება შეწონილ ტარიფს, რომელიც დადგენილი აქვს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს. რეალურად კი მეზობელი ქვეყნებისგან რა ტარიფით იძენს საქართველო დენს, არავინ იცის. შესაბამისად, უკვე აუცილებელიც კი გახდა დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნება.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი კაპანაძის თქმით, ის მონაცემები, რასაც „ესკო“ (სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი) დღემდე აქვეყნებდა და აქვეყნებს, არის საშუალო შეწონილი ტარიფები და ანალიზისას ეს მონაცემი პრაქტიკულად არაფრის მთქმელია. „ესკომ“ უნდა დაიწყოს რეალური მონაცემების გასაჯაროება - თუ რა ფასად და რომელი მომწოდებელი ქვეყნებიდან გვაქვს შეძენილი ელექტროენერგია სწორედ დღის (14 პიკური საათი), ღამის და უქმე დღეების მონაცემების ჩაშლით.
„სწორედ ამ მონაცემების შეჯერებით ხდება ე.წ. საკონტრაქტო ფასის დადგენა და დროის ამა თუ იმ მონაკვეთში საუკეთესო შეთავაზების მქონე იმპორტიორი ქვეყნის შერჩევა. ასე ყველა კითხვა მოიხსნება და არც მანიპულაციებისა და არასწორი დასკვნებისთვის დარჩება არეალი“, - მიაჩნია კაპანაძეს.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ გასულ კვირას ოფიციალურად მიმართა „ესკოს“, იმპორტირებული ელექტროენერგიის შესახებ ინფორმაციის აღნიშნული წესით გამოქვეყნების მოთხოვნით.
„ჩვენ ასევე გამოვითხოვეთ ინფორმაცია გასული რამდენიმე წლის ჭრილში შესყიდული ელექტროენერგიის შესახებ. რა თქმა უნდა, სწორედ ჩაშლილი პრინციპით. ამ წესით მოწოდებული ინფორმაციის გაანალიზება ჩვენ მოგვცემს საშუალებას, საზოგადოებას ვუთხრათ, გასულ წლებში, ელექტროენერგიის იმპორტისას, ჰქონდა თუ არა ადგილი რამე მანიპულაციას და გადასახადის გადამხდელთა ინტერესების საზიანო გადაწყვეტილების მიღებას. იმედი გვაქვს, „ესკო“ კანონით დადგენილ ვადაში მოგვაწვდის გამოთხოვილ ინფორმაციას“, - აღნიშნა კაპანაძემ.
თუ ორგანიზაცია მოთხოვნილ ინფორმაციას დადგენილ ვადაში ვერ მიიღებს, ამ შემთხვევაში აფბა უკვე აღნიშნული მოთხოვნით მიმართავს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს (რამდენადაც სწორედ პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული ესკო).
„ჩვენი მოთხოვნა არის საქმიანი და პრინციპული. ელექტროენერგია არის სტრატეგიული რესურსი და საზოგადოება უფლებამოსილია იცოდეს ყველა დეტალი მის იმპორტთან დაკავშირებით. დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ფული სწორად, რაციონალურად და სამართლიანად იხარჯება.
აქ კიდევ ერთი საკითხია - დე ფაქტო აფხაზეთის საჭიროებისათვის რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის საკითხი. მართალია, ამ თანხას საქართველო არ იხდის და ის პირდაპირ სუბსიდირდება რუსეთიდან, მაგრამ ესკო-ს გაერთიანებულ მონაცემებში იგი მაინც რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებულ ელექტროენერგიად არის ასახული. ამ მონაცემის ჩაშლა და გამოყოფაც მოვითხოვეთ „ესკოსგან“. გაკვირვებას იწვევს, საერთოდ, დღემდე რატომ არ ხდებოდა ასე ჩაშლილად ამ მონაცემების წარომდგენა“, - აღნიშნა „აფბას“ ხელმძღვანელმა „კომერსანტთან“.
აფბა-ს მოთხოვნას სრულად იზიარებს ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია, რომელსაც მიაჩნია, რომ ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით რაღაც კითხვები უკვე გაჩნდა, შესაბამისად, ინფორმაცია აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს.
„ამ ინიციატივაში კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ. რატომ უნდა იყოს საიდუმლო ან ძნელად ხელმისაწვდომი ამ ტიპის ინფორმაცია? მაგალითად, შესაძლოა, ეროვნული ბანკი, ან საქსტატი, ან ნებისმიერი უწყება, რომელიც სტატისტიკას აქვეყნებს, იგივე „ესკო“, ადამიანური რესურსის, ან ტექნოლოგიური რესურსის არასაკამრისობის გამო ისეთი პერიოდულობით ვერ აქვეყნებდეს კონკრეტულ სტატისტიკას, როგორითაც ვისურვებდით, მაგრამ, როცა აქვეყნებს, ისე უნდა იყოს მაქსიმალურად ჩაშლილი და დაწვრილებითი, რომ კითხვის ნიშნები არ უნდა რჩებოდეს“, - განაცხადა ჭარაიამ.
ხშირია სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ მაგალითად, იმპორტირებული ელექტროენერგია 3-4 ცენტი ღირს, ხოლო ნამოხვანის მიერ გამომუშავებული კი უფრო ძვირი იქნება.
„ასე ხშირად გვესმის, მაგრამ არ არის ეს ასე მარტივად და უბრალოდ, აქ უამრავი ნიუანსია. ამ და კიდევ ბევრ საკითხში სწორად ჩასაწვდომად, როგორც სპეციალისტებს, ისე საზოგადოების დაინტერესებულ ნებისმიერ ჯგუფს, სჭირდება რაც შეიძლება მეტი და სრული ინფორმაცია. ნამდვილად კარგი იქნება, თუ „ესკო“ შეძლებს და დაიწყებს იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების თაობაზე ჩაშლილი ინფორმაციის გამოქვეყნებას“, - აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.