პირველი აპრილიდან ახალი ე.წ. ლურჯი მიკროავტობუსები გადახდის ერთიან სისტემაში ერთვება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მიკროავტობუსებით, ავტობუსებითა და მეტროთი მგზავრობა 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთჯერადად გადახდილი 50 თეთრით იქნება შესაძლებელი. უფრო ფართო გაგებით ეს ნიშნავს, რომ ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობა გაიაფდება და წლის ბოლომდე (როდესაც მთლიანად განახლდება ავტოპარკი) „მარშრუტკებით“ გადადგილება ისეთივე პირობებით იქნება შესაძლებელი, როგორიც ახლა მეტროში და ავტობუსებშია.
ცვლილების ფარგლებში ლურჯ მიკროავტობუსებში, ავტობუსებსა და მეტროში ერთნაირი ტარიფი - 50 თეთრი იქნება. ამ ეტაპზე ტარიფის ზრდაც არ განიხილება, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში მოქმედი შეღავათიანი პაკეტები კი ლურჯ მიკროავტობუსებზეც გავრცელდება.
შეღავათებით მოსარგებლე კატეგორიები კი ასეთია:
უფასო - დედაქალაქში რეგისტრირებული: უსინათლო პირები და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფი პირი; მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებულ პირები; სამხედრო ძალების ვეტერანები; სკოლის მოსწავლეები; შსს-ს უბნის ინსპექტორები;
10 თეთრი - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ქ. თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები;
20 თეთრი - დედაქალაქში განლაგებული ლიცენზირებული და აკრედიტებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები; სკოლისა და ბაღების თანამშრომლები; 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულები და დაღუპულთა ოჯახის წევრები; პენსიონერები; საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები; უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები; მანდატურები; სოციალური აგენტები და სოციალური მუშაკები.
„დაწოლა რომ არ მომხდარიყო ტარიფზე, მერიამ 300 ცალი მიკროავტობუსი შეიძინა - ასესხა ეს ფული კომპანიას... გამორიცხული არ არის, რომ კვლავ ვასესხოთ თანხა და ოპტიმიზაციის პროცესში განახლებული მიკროავტობუსები გვყავდეს“, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა და სატრანსპორტო დარგის სპეციფიკის სპეციალისტმა შალვა ოგბაიძემ.
რასაკვირველია, ასეთი დაბალი ტარიფით მგზავრობას მერიის მხრიდან სუბსიდირება დასჭირდება, რასაც ადასტურებენ კიდეც მუნიციპალიტეტში. თუმცა, როგორც მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი ამბობს, ფინანსური რესურსი კონკრეტულად არც ერთ პროექტს არ მოაკლდება და სუბსიდირებისთვის საჭირო თანხები ბიუჯეტის გადანაწილების პროცესში მოიძიეს. თანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტში მგზავრთნაკადის ზრდის ხარჯზე რეფორმის ეს ნაწილი გამართლებული იქნება.
„ჩვენ მოსახლეობას მგზავრობას დავუსუბსიდირებთ. ზუსტად იმიტომ, რომ რეფორმის ფარგლებში მოხდეს მოსახლეობის წახალისება და შესაძლებელი იყოს გადასხდნენ კერძოდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. მერია, რა თქმა უნდა, ამაში თანხას დახარჯავს. ეს ბიუჯეტის გადანაწილების ნაწილია, კონკრეტულად რომელიმე პროექტს თანხა არ დააკლდება. ეს არის 10-წლიანი გეგმის ნაწილი. იმის ხარჯზე, რომ ყოველწლიურად მგზავრთნაკადი 15%-ით იზრდება, ვფიქრობთ, რომ ჩვენ მივიღებთ დამატებით შემოსავლებს“, - განაცხადა წილოსანმა.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის 2021-2023 წლების განვითარების პროგრამით“, სხვა ცვლილებებთან ერთად, გათვალისწინებულია მგზავრობის ერთკვირიანი - ერთთვიანი აბონემენტების შემოღება. აბონემენტების ფასი შეღავათიანი იქნება, თუმცა მგზავრებს თავად შეეძლებათ გააკეთონ არჩევანი - ისარგებლონ ჩვეულებრივი ტარიფით, თუ უღირთ შეიძინონ აბონემენტები.