ეკონომიკის გახსნისთანავე საქართველოში მნიშვნელოვანი გარიგება დაიდო. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად, ნავთობკომპანია OMV PETROM SA-ის ხელმძღვანელებს შეხვდა, რომელიც საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებას განახორციელებს. საქართველომ ავსტრიულ კომპანიას ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვებაზე კონტრაქტი უკვე გაუფორმა. ხელშეკრულების გაფორმების შედეგად, საქართველო იმ ქვეყნებს შეურთდება, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს.
პროექტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5 282 კვ/კმ), 25 წლის ვადით, გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას და დამუშავებას ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება თანამშრომლობას ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შემავალი OMV-ის შვილობილ კომპანია OMV PETROM-თან და მზადაა, მხარი დაუჭიროს მას პროექტის წარმატებით განხორციელების პროცესში.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მსხვილი კომპანიის შემოსვლა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოში არსებული ბიზნესგარემო, მათ შორის, ნავთობისა და გაზის მოპოვების სფეროში, გამჭვირვალე და მიმზიდველია მსოფლიო მნიშვნელობის ნავთობმოპოვების გიგანტებისთვის.
ავსტრიული კომპანიის საქართველოში შემოსვლა ინვესტიციების თვალსაზრისით, საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან და წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
„მაღალი რეპუტაციის მქონე, ძლიერი კომპანიის საქართველოში შემოსვლა სწორედ ახლა, როდესაც ჩვენი ეკონომიკა კოვიდის გამო სირთულეებს განიცდის, არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ზოგადად უცხოელი ინვესტორების მიმართ. მთავარი, რამაც განაპირობა ამ კომპანიის შემოსვლა, არის ჩვენი ბიზნეს გარემო,პოლიტიკური და მაკროეკონომიკური სტაბილურობა“, - აღნიშნა თურნავამ და დასძინა, რომ პირველივე ეტაპზე ძებნა-ძიების პროცესში დამაიმედებელი სურათი გამოიკვეთება.
OMV PETROM SA-ის დირექტორმა, კრისტინა ვეჩერემ კი ხაზი გაუსვა, რომ კორპორაცია მოუთმენლად ელის შავი ზღვის ქართულ აკვატორიაში ნავთობის მოპოვების პროცესის დაწყებას.
„მიგვაჩნია, რომ შავ ზღვას დიდი პოტენციალი გააჩნია ადგილობრივი და რეგიონული ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით შავი ზღვის ქართულ აკვატორიაში ნავთობის მოპოვების პროცესის დაწყებას, რაც ჩვენი კორპორაციის საქმიანობის რეგიონული გაფართოების ბუნებრივ გაგრძელებად მიგვაჩნია. კორპორაციას 40 წელზე მეტი ხნის საოპერაციო გამოცდილება აქვს ირანის საზღვაო აკვატორიაში და ამას კონკურენტულ უპირატესობად მივიჩნევთ, იმ შესაძლებლობების გამოვლენაში, რაც აქ, საქართველოში არსებობს.
მადლობა, მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ძალიან თბილი მიღებისთვის. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება ბიზნესისადმი გახსნილია და შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას კარგად აცნობიერებს, რაც დღეს თვალნათლივ დავინახეთ. ამდენად, გვახარებს თანამშრომლობის დაწყება“, - განაცხადა კრისტინა ვეჩერემ.
ის, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის მარაგები აქვს, ეჭვი არ ეპარება ეკონომისტ სოსო სიმონიშვილს, თუმცა დარწმუნებული არ არის, რომ ქვეყანა ამ რესურსს ჯეროვნად გამოიყენებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ შავი ზღვის შელფზე ყველგან არის ნავთობი და გაზი ძალიან დიდი რაოდენობით. ჩვენთან არსებული რესურსი სრულიად უნიკალურია. ამას მოსდევს აგრეთვე წყალბადი, რომელიც გაცილებით ძვირადღირებულია ვიდრე მეთანი - ბუნებრივი აირი. სპეციალური ექსპედიცია ჩატარდა თავის დროზე, შავი ზღვის შელფის საკვლევად და აღმოჩნდა, რომ ნავთობისა და გაზის დიდი მარაგია, თანაც ძალიან ახლოს და ხელმისაწვდომი. მარაგი ნამდვილად გვაქვს, მაგრამ ეს რესურსი რომ ავითვისოთ, კარგი მთავრობაა საჭირო, რომელმაც იცის თავის სასარგებლოდ როგორ გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები, რა მხრივაც პრობლემა ყოველთვის იყო“, - განაცხადა სიმონიშვილმა.
საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ძებნა-ძიების და მოპოვების სამუშაოები ხორციელდება სალიცენზიო ფართობებზე (ე.წ. ბლოკებზე), რომლებზეც დაყოფილია ჩვენი ქვეყნის ტერიტორია. ბოლო ათი წლის განმავლობაში საშუალო წლიური მოპოვება შეადგენს 43,6 ათას ტონას.