ბერა ივანიშვილზე გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერებიდან რამდენიმე დღეში, მან დუმილი ტელეკომპაია „იმედის“ ეთერში დაარღვია, სადაც ისაუბრა რეალურად რა და როგორ იყო.
„პირდაპირ ვიტყვი თქვენს ეთერში, რომ მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ყველაზე ღირებულია, მე ასეთ ადამიანს დღესაც აუცილებლად პასუხს მოვთხოვ. მე მიჩნდება კითხვა - სად იზრდებიან ეს ადამიანები? რაზე აქვთ პროტესტი? რომ მათ უნდა შეეძლოთ თავისუფლად არამარტო ჩემი, ნებისმიერი მოქალაქის დედის, ოჯახის, ნებისმიერ საყვარელი ადამიანის სასტიკი, საზიზღარი სიტყვებით მოხსენიება და თუ ამაზე ჩემმა ძმაკაცმა, ჩემმა მეგობარმა პასუხი გასცა, ის უკვე დამნაშავეა, ის უკვე ტერორის მონაწილეა“, - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.
ახალგაზრდა ივანიშვილის ინტერვიუს ანალიტიკოსი გური სულთანიშვილი თვალს სტუდიიდან ადევნებდა. აღნიშნულ ფარულ ჩანაწერებზე ბერა ივანიშვილის ინტერვიუზე და მასზე განხორციელებულ ბულინგს, ანალიტიკოსი for.ge-თან ინტერვიუში აფასებს.
გური სულთანიშვილი: ოპოზიციის მხრიდან ეს ჩვეულებრივი სისტემური ბულინგია, რომელსაც ისინი წლებია უკვე მიმართავენ. როგორც ბერამ თქვა „ტიკ-ტოკის“ ადმინისტრაციასაც კი გაუკვირდა, რომ არც ერთ „სელებრითზე“ მსგავსი თავდასხმა არ მომხდარა, როგორც ჩემზე იყოო. გამოდის, რომ გვინდა საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველოს მოქალაქეს საერთაშორისო ასპარეზზე თავი მოვჭრათ, გვინდა, რომ ყველგან ვაბულინგოთ - ეს არის სისტემური ბულინგი, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობს. ბერას შვილი რომ შეეძინა, პატარა ბავშვიც კი არ იყო შემაკავებელი, რათა ბულინგი შეეწყვიტათ. ეს არის ყოვლად ამორალური. მეორე მხრივ სისტემური კამპანიაა, რომ ივანიშვილების ოჯახს ასე მაინც მიაყენონ რამე ზიანი.
ბერას ინტერვიუდან თქვენთვის მთავარი მესიჯი რა იყო?
- ბერამ ახსნა, რომ ეს ჩანაწერი 2011 წელს არის გაკეთებული. ისაუბრა იმაზე, რომ თავად ანზორ ჩუბინიძის პირდაპირი მოვალეობა იყო, ოჯახი დაეცვა და პასუხისმგებელი მთლიანად ოჯახზე იყო. შესაბამისად, ის მუქარის შემცველ კომენტარებზე რეაგირებდა. ვინც იმუქრებოდა, შეიძლებოდა ენახა მეზობლების თანდასწრებით და საქმეში გარკვეულიყო.
როდესაც ილაპარაკა დედის კულტზე, იქ ისაუბრა იმაზე, რომ მისთვის მოსაწონი არ არის დედის გინება. ასევე არ ვიცით არც ერთი დაზარალებული, რომელსაც ფიზიკური ზიანი მიადგა, თუნდაც გინებაზე და ა.შ. შეიძლება სიტყვიერი გაფრთხილება იყო, იყო თხოვნა და ა.შ. მარტივი ფორმულაა - დანაშაული მსხვერპლის გარეშე არ არსებობს და ჯერჯერობით მსხვერპლი არ არსებობს.
ბერას ინტერვიუს გასვლის შემდეგ, ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა. თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, ჩანაწერი ავთენტურია თუ არა?
- პირველად ანზორ ჩუბინიძემაც გააკეთა კომენტარი და მან თქვა, რომ მას ივანიშვილების ოჯახზე პასუხისმგებლობა ევალებოდა. შესაბამისად, გარკვეული ტიპის საუბრები ავთენტური არის. თუმცა, ბევრი რაღაც კომბინაცია და მონტაჟია - თუნდაც გინებები, „დაბრედვაზე“ ლაპარაკი, ანუ კონტექსტიდან ამოგლეჯილი და ამოვარდნილია.
ცნობილია, რომ ჟურნალისტ ნოდარ მელაძეს ეს ჩანაწერი ოპოზიციამ მიაწოდა. თქვენი აზრით, ახლა, როდესაც ამ ჩანაწერებზე ბერამ ისაუბრა, მისი დაბულინგების კიდევ ერთხელ მცდელობის გამო სხვა ჩანაწერებსაც ხომ არ გამოაქვეყნებენ?
- მარტივია წყარო, ფორმულა და ის გზა, რომელიც ამ ჩანაწერებმა გაიარეს. ეს არის მთლიანად „ნაციონალური მოძრაობისგან“ ორკესტრირებული, რადგან ახლა ეუთო/ოდირის დასკვნა გამოქვეყნდა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით ყველაზე ავტორიტეტულია. დასკვნაში წერია, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ასევე ევროკავშირიდან მოდერატორები არიან ჩამოსულები. თან უმაღლესი პირები, რომლებიც ყველაფრის მოდერნიზაციას ახორციელებენ და მოლაპარაკებას უზრუნველყოფენ. შესაბამისად, სიტუაცია ნორმალიზაციისკენ მიდიოდა, სტაბილურდებოდა. ვინ იყო ის, ვისაც ეს სტაბილურობა არ აწყობდა? - რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“. რეალურად რაც ხდება, არის მთლიანად სიგიჟის ფორმულა. არჩევნები არ გაყალბებულა, ეს არის მოგონილი მიზეზი, ეს არის მოგონილი ქარიშხალი, რომელსც მტკიცებულება არ აქვს. აბსოლუტურად ყველა სადამკვირვებლო მისია ამბობს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.
რაც შეეხება გამოაქვეყნებენ თუ არა, არ ვიცი. ამის პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება, მაგრამ ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.
ნინო ბურჯანაძის შვილმა, ანზორ ბიწაძემ განაცხადა, რომ როდესაც მას დაცვა იცავდა, არასოდეს არ აღებინებდა მანქანის კარს და არც მათ რევდა სხვადასხვა საქმეში. მან ტელეკომპაია „პოსტ. ტვ“, სადაც თქვენ ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი ხართ, დაადანაშაულა მისი ოჯახის მიმართ გამოყენებული შურაცხმყოფელი სიტყვებისთვის. რა პასუხს გასცემდით თქვენ მას?
- სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ პირადი შეურაცხყოფა, არაეთიკური გამონათქვამები „პოსტ.ტვ“-დან ანზორ ბიწაძისა და მით უმეტეს ნინო ბურჯანაძის მიმართ არასდროს ყოფილა. მხოლოდ და მხოლოდ მის პოლიტიკურ საქმიანობას ვეხებით. არამც და არამც ეს არ არის საუბარი მის პიროვნულ საკითხებზე, მის პირად ცხოვრებაზე და ა.შ. ყოვლად არაეთიკური, ყოვლად გაუმართლებელია საჯარო პირის პირადი ცხოვრების კრიტიკა და პიროვნული შურაცხყოფა. ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია. ჩვენ მხოლოდ მის პოლიტიკურ აქტივობას ვაფასებთ. კი, ბატონო, ეს შეიძლება იყოს გარვეული ტიპის მკაცრი შეფასება, თუმცა არასოდეს ზრდილობის ფარგლებიდან და ეთიკის ნორმებიდან არ გავსულვართ. შესაბამისად, გინება იქ არ ყოფილა. გინება ყოველთვის ოპოზიციის მხრიდან არის გიგი უგულავადან დაწყებული, ნიკა გვარამიათი დამთავრებული - ხან სისხლისსმით იმუქრებიან, ხან დედას იგინებიან, ხან კოჭებს ხვრიტავენ, ანუ პიროვნული შეურაცხყოფა იქიდან არის წამოსული. ჩვენი ამოცანა კი მხოლოდ პოლიტიკური აქტიურობის შეფასებაა.