ბიზნესმა მთავრობას კომენდანტის საათის შემსუბუქება ვერაფრით გამოსტყუა

ბიზნესმა მთავრობას კომენდანტის საათის შემსუბუქება ვერაფრით გამოსტყუა

ორშაბათიდან მთავრობამ ეტაპობრივად დაგეგმილი შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. ეკონომიკა, ფაქტობრივად, სრულად გაიხსნა და გამოცოცხლებას იწყებს, თუმცა გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ისევ ძალაში დარჩა. ბიზნესი ამასთან დაკავშირებით უკვე ძალიან კატეგორიულია. ისინი კომენდანტის საათის მინიმუმ გადაწევას ითხოვენ.

ინფექციონისტები კი ამტკიცებენ, რომ აუცილებელია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე დაკვირვება, რის შედეგადაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებასთან დაკავშირებით.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კომენდანტის საათის მოხსნა ნამდვილად განიხილეს, თუმცა მისი მოხსნა საჭიროდ არ ჩათვალეს.

„სხდომაზე იყო საუბარი ამ საკითხზე. მოგეხსენებათ, ერთდროულად ამდენი შემსუბუქება არ არის სასურველი. თითოეული ნაბიჯის გადადგმის შემდეგ უნდა დავაკვირდეთ ერთი-ორი კვირა და შემდეგ დავგეგმოთ ახალი ეტაპი. არ ჩაითვალა საჭიროდ გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქების გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ თუ ჩვენ ამ ჩარჩოებში შევინარჩუნებთ ეპიდსიტუაციას, ეს საკითხიც დადგება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბიზნესს კი ეს ამბავი ძალიან არ მოსწონს. ისინი მიიჩნევენ, რომ გადაადგილების შეზღუდვა ამ პირობებში ძალიან შემაფერხებელი ფაქტორია როგორც თავად მათთვის, ასევე მოსახლეობისთვისაც. შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში კომენდანტის საათის 2 საათით გადაწევის აუცილებლობაზე საუბრობენ.

„ვიზიარებთ რა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების სამართლიან და ობიექტურ შეფასებას, ვაცხადებთ, რომ დღეს ბიზნეს სექტორისთვის უმნიშვნელოვანესია, ეკონომიკის სრული გახსნა და დაწესებული შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება. უპირველეს ყოვლისა, კი აუცილებელია, კომენდანტის საათის გაუქმება ან მისი სულ მცირე 2 საათით გადაწევა. კომენდანტის საათის ამ შინაარსით არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიების საოპერაციო ხარჯებს, არ იძლევა ეკონომიკური სარგებლის მიღების საშუალებას და, შესაბამისად, მძიმე ტვირთად აწვება და აუარესებს პანდემიის გამო კომპანიების ისედაც მძიმე ვითარებაში მყოფ ფინანსურ მდგომარეობას.

კომენდანტის საათის თუნდაც 23:00 საათამდე გადაწევა უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება იმისთვის, რომ ბიზნეს სუბიექტებმა თანდათანობით დაიწყონ ჩვეულებრივ რეჟიმში საქმიანობა და შეძლონ იმ ზარალის შემცირება, რომელიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში განიცადეს და დღესაც განიცდიან. აღნიშნული ასევე პირდაპირ პროპორციულ კავშირშია ბიზნეს სუბიექტების მიერ სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან“, - განაცხადა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, როდის შეიძლება მიიღოს გადაწვეტილება მთავრობამ.

ოდნავ უფრო მეტადაა ინფორმირებული რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე. მისი თქმით, ეს საკითხი უკვე დღის წესრიგშია და მალევე გადაწყდება.

„რესტორნების მუშაობა, ანუ სრულყოფილად გახსნა (შაბათ-კვირას ფუნქციონირება, ცოცხალი მუსიკა, კომენდანტის საათის გადაწევა) ეპიდემიოლოგების მხრიდან დაგეგმილი იყო მაისის ბოლოს. ასე რომ შევხედოთ, ახლა გაცილებით წინ ვართ, ანუ რაღაცას მივაღწიეთ.

2 კვირის განმავლობაში მოხდება დაკვირვება რა ეპიდვითარებას მოგვცემს გახსნილი რესტორანი დღევანდელი სამუშაო დღით მუშაობის პირობებში. თუ სიტუაცია არ გაუარესდა, ამ შემთხვევაში აუცილებლად გადაწყდება ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მუშაობის საშუალების და კომენდანტის საათის გადაწევის საკითხი. ასევე აპრილის დასაწყისიდან იქნება რესტორნებში მუსიკის შესაძლებლობაც“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

Katana . ვინც ქართველი ჟურნალისტის გუშინდელი "რეპორტაჟი" ნახა საფრანგეთიდან, მიაქცევდა ყურადღებას, რომ იქ ბევრად უფრო მკაცრად (და არცთუ გონივრულად) უდგებიან ამ საქმეს. მაგ. რესტორნები გაიხსნება 15 აპრილსო!.. ხოლო იმის გამო, რომ ქვეყნის ერთ პროვინციაში აღმოჩნდა ინგლისური შტამი, "ლოკდაუნი" გააკეთეს საფრანგეთის მეორე ბოლოში, 1300 კილომეტრით დაშორებულ პროვინციაშიო და ა.შ. :)
3 წლის უკან