„აზრი არ აქვს!“ - რესტორნებს შეზღუდვების შემსუბუქებამ ჯერ ვერ უშველა

„აზრი არ აქვს!“ - რესტორნებს შეზღუდვების შემსუბუქებამ ჯერ ვერ უშველა

რესტორნების უმრავლესობას შეზღუდვების შემსუბუქებამ ვერ უშველა. დიდი ნაწილი არც გასხნილა, ხოლო ზოგიერთები უკვე გაკოტრების რეჟიმში არიან. როგორც ობიექტების მფლობელები ამბობენ, გადამწყვეტი ფაქტორია კომენდანტის საათის შემსუბუქება, რადგან ადამიანები ვერ ასწრებენ ვახშმობას და მერე სახლში მისვლას.

სარესტორნო ქსელ „ჩვენის“ დამფუძნებელი, გურამ ბაღდოშვილი აცხადებს, რომ შიდა სივრცეებისთვის გამკაცრებული რეგულაციები ისეთია, რომ შესაძლოა, რესტორნების ნაწილი არც გაიხსნას.

„ზოგიერთ რესტორანს შიდა სივრცის ნაწილი ძალიან მცირე აქვს, აქედან გამომდინარე მგონია გახსნა არ უღირს. წარმოიდგინეთ, თუ 50 კვადრატული მეტრის ფართი გაქვს, სულ 5-6 ადამიანის მასპინძლობა შეგიძლია“, - განაცხადა ბაღდოშვილმა.

თანაც, თუ კომენდანტის საათი მინიმუმ ღამის 12 საათამდე არ გადაიწევა, ამ გახსნას რეალური ეფექტი ვერ ექნება და ეკონომიკა ვერ გაიზრდება. კომენდანტის საათის გადაწევის შემთხვევაში, კიდევ არის შესაძლებლობა ადამიანმა 1 საათით რესტორანში ივახშმოს.

„კომენდანტის გადაწევის შემთხვევაში შეიძლება რამე გვეშველოს, რადგან ადამიანები 19:00 საათამდე მუშაობენ, ამის შემდეგ საცობების გამო ისეთი გადატვირთულია ქალაქი, რომ ფიზიკურად ვერ მოაღწევენ რესტორანამდე და მერე სახლამდე.

ოფისები და დაწესებულებები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზეა, სანამ სამსახურიდან მარცხენა სანაპიროზე გადმოვლენ და მერე სახლში დაბრუნდებიან, კომენდანტის საათიც დგება. რისკი მაღალია, რომ სახლში ვერც მივიდნენ 21:00 საათამდე, ამიტომ არ უღირთ“, - აცხადებს ბაღდოშვილი.

კიდევ უფრო პესიმისტურ ინფორმაციას ავრცელებს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი, რომელიც ადასტურებს, რომ ნაწილობრივი გახსნის შემდეგ, რესტორნების ნაწილი ბაზარს ტოვებს. პროცესი შეუქცევადია და ბევრი ბიზნესი უბრალოდ, არ აღიარებს გაკოტრებას და ბაზრის დატოვებას აჭიანურებს.

„ლიკვიდაციისა და გაკოტრების რეჟიმში გადავიდა კვების სექტორის 39%. ეს არის გასტრონიმიის ასოციაციის კვლევის საფუძველზე დაყრდნობით. რესტორნები, რომლებმაც მუშაობა დაიწყეს, არის 100 კვადრატულ მეტრზე მეტი. ახალი რეგულაციებით 4 კვადრატულზე უნდა იყოს 1 ადამიანი, პირობითად თუ ფართი 40 კვადრატია, გამოდის, რომ ერთდროულად ვერ უმასპინძლებს 10 ადამიანზე მეტს. ამიტომაც ქსელებს, რომლებსაც ჰქონდათ პატარა კვების ობიექტები, სადაც ადამიანები ძირითადად საუზმობდნენ ან ლანჩისთვის მიდიოდნენ, უბრალოდ, არ უღირთ, რომ გახსნან.

ამ ყველაფრის გამო კვების დაწესებულებების ლიკვიდაცია ახლა დაიწყო და გაგრძელდება. ქართველი ადამიანის ბუნებაა, რომ უჭირს აღიაროს გაკოტრება.

ეს რაც მცირე და საშუალო რესტორნებს შეეხებათ, დიდი რესტორნები კი უბრალოდ არ იხსნებიან, მაგალითად „ეთნოგრაფი“, „ქართული სახლი“ და ა.შ. არადა, მათ არ აქვთ მთავარი - იჯარის პრობლემა, მაგრამ გახსნა მაინც არ უღირთ.

არავინ იფიქროს, რომ ჩვენ რეგულაციების წინააღმდეგი ვართ და ასე, უბრალოდ გახსნას ვითხოვთ და „ივენთების“ მოწყობას. არა, აქ საუბარია შაბათ-კვირის მუშაობაზე და კომენდანტის 2 საათით გადაწევაზე. ეს მოაგვარებდა ძალიან ბევრ პრობლემას.

მეიჯარეებს ვერაფერს ვეუბნებით. 1 წელია ამ რეჟიმში ვართ და ისინი გვეუბნებიან, რომ მათთან სუპერმარკეტების ქსელს სურს შემოსვლა და გვემშვიდობებიან. სულ მალე, პატარა კაფეების ადგილას მაღაზიათა ქსელები დაგხვდებათ. შეუქცევადი პროცესი უკვე დაწყებულია“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ქოქიაშვილმა.

ამასობაში თბილისის მერია რესტორნებს ფინანსური დახმარების მიიღებას სთავაზობს. ისინი 2 ძირითად და ერთ დამატებით კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ. მუნიციპალიტეტის ეკონიმიკური განვითარების სამსახურის უფროსის ვახტანგ ლომჯარიას თქმით, ორი ძირითადი კრიუტერიუმია ობიექტში სკამების რაოდენობა და დღიური ბრუნვა, ხოლო დამატებით მოთხოვნაა ის, რომ რესტორანი საერთაშორისო ქსელს, მათ შორის, „ფრანჩაიზს“ არ უნდა წარმოადგენდეს.

„შევჯერდით საბოლოოდ ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტზე, რაც ბიუჯეტით არის შესაძლებელი. პირველი კრიტერიუმი გახლავთ სკამების რაოდენობა - 20-დან 80 სკამამდე, ანუ, ოქტომბრამდე არსებული მდგომარეობით, 20-ზე მეტი და 80-ზე ნაკლები სკამი უნდა ჰქონდეს იმ რესტორანს, რომელიც მიიღებს ამ დახმარებას. სკამების რაოდენობა დგინდება დასუფთავების მოსაკრებლით, „თბილსერვისში“ გადახდილი თანხების მიხედვით.

მეორე კრიტერიუმია ბრუნვა. 2020 წლის დეკემბერსა და 2021 წლის იანვარში ვისაც აქვს ბრუნვა 100 000 ლარზე ნაკლები, ის რესტორნები მიიღებენ დახმარებას.

რაც შეეხება მესამე კრიტერიუმს, არის ის, რომ რესტორანი არ უნდა იყოს საერთაშორისო ქსელის ნაწილი, ან „ფრანჩაიზი“, რომელიც არ საჭიროებს დახმარებას ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ფულადი დახმარება იქნება ერთჯერადი, რომელსაც თავად რესტორანი განკარგავს. თუ საუბარია იმაზე, რომ ერთი პირი ოპერირებას უკეთებს რამდენიმე რესტორანს, ამ შემთხვევაში მაქსიმუმ 10 000 ლარია დახმარება, ამის ზემოთ უკვე დახმარება აღარ გაიცემა.