რუსეთი საქართველოსთან დაკავშირებით აშშ–ს სენატის რეზოლუციის პროექტს აპროტესტებს. თბილისის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას სენატი უახლოეს მომავალში გეგმავს, სადაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საზღვრების ურღვევობა და რუსეთისადმი მოწოდებაა დაფიქსირებული.
ევროპარლამენტის შეფასებით კი, რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6–პუნქტიანი შეთანხმების მხოლოდ პირველი პუნქტი აქვს შესრულებული
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომისიის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტის გამო, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, „წუხილს“ გამოთქვამს. ამის შესახებ სააგენტო „იტარ-ტასი“ იუწყება.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, არ უარვყოფთ ამერიკელი კანონმდებლების უფლებას, საკუთარი შეფასებები გააკეთონ რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, მაგრამ იძულებული ვართ, მწუხარებით მოვახდინოთ იმის კონსტატაცია, რომ რეზოლუციის პროექტში იგნორირებულია შექმნილი რეალობა, რომელიც სააკაშვილის აგრესიის შემდეგ შეიქმნა რეგიონში“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
როგორც რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, „თითქმის არავინ უარყოფს, რომ ომი თბილისმა წამოიწყო – შეიქმნა ორი ახალი სახელმწიფო. ამის შემდეგ მათი საქართველოს რეგიონებად და რუსეთის მიერ ოკუპირებულად მიჩნევა, სულ მცირე, არაკორექტული და ალოგიკურია“, – აცხადებენ რუსეთში.
ამასთან, მოსკოვში აცხადებენ, რომ რუსეთი მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს მშვიდობიანად თანაცხოვრებას.
„პირველ რიგში, საუბარია იმაზე, რომ დამყარდეს პირდაპირი, თანასწორუფლებიანი, კონსტიტუციური და მშვიდი ურთიერთობა ამ ქვეყნებს შორის, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გათვალისწინებით. თბილისის მიდგომა, რომლის პროპოგანდაც ხდება, დაფუძნებულია ილუზიურ მცდელობაზე, მიაღწიონ ომამდე არსებულ სტატუს-კვოს, ამა თუ იმ ფორმით გაავრცელონ საკუთარი დიქტატი აფხაზ და ოს ხალხზე. აფხაზებმა და ოსებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს და ამ გზიდან არ გადაუხვევენ. ვიმედოვნებთ, რომ ამერიკელი სენატორები საქართველოში არსებული ვითარების შეფასებებისას ამ უდაო ფაქტებს გაითვალისწინებენ“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აშშ-ის სენატი საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას უახლოეს მომავალში გეგმავს. ამერიკელი სენატორების მიერ მომზადებული დოკუმენტი კონგრესის ზედა პალატაში უკვე შეტანილია. რეზოლუციის პროექტით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრების ურღვევობა და რუსეთის მთავრობისადმი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულების მოწოდებაა დაფიქსირებული.
თბილისში იმედოვნებენ, რომ აშშ-ს სენატის რეზოლუცია საქართველოს მიმართ დასავლეთის მტკიცე პოზიციას ჩამოაყალიბებს. ანალიტიკოსების შეფასებით კი, სენატის რეზოლუციის ეს პროექტი არ ეგუება თეთრი სახლის კურსს, რომელიც დღემდე ცდილობს პუტინ–მედვედევის ხელისუფლებასთან მიმართებაში არც მწვადი დაწვას და არც შამფური.
აშშ-ს სენატი რეზოლუციით მოსთხოვს რუსეთის მთავრობას დევნილთა სრულ და ღირსეულ დაბრუნებას. რეზოლუციის პროექტში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხია ასახული, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობა, დეოკუპაცია და ეთნიკური წმენდა.
დოკუმენტში სენატორები რუსეთს მოუწოდებენ, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია და ხელი შეუწყოს დევნილთა ღირსეულ დაბრუნებას. რეზოლუციოს პროექტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრების ურღვევობა კიდევ ერთხელ არის აღიარებული.
„ამერიკის შეერთებული შტატების სენატი ცნობს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ოკუპირებულს რუსეთის ფედერაციის მიერ. სენატი რუსეთის მთავრობას მოუწოდებს, გადადგას ნაბიჯები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესასრულებლად, რომელიც ომამდელ პოზიციაზე რუსული ჯარის დაბრუნებას ითვალისწინებს. ამასთან, რუსეთმა ამ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული მისიები უნდა დაუშვას. სენატი დაჟინებით მოითხოვს რუსეთის მთავრობისაგან და ადგილობრივი დე ფაქტო ლიდერებისგან, უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სრული და ღირსეული დაბრუნება. ამერიკის შეერთებული შტატების სენატი ადასტურებს, რომ გზა რეგიონის სტაბილურობისაკენ მშვიდობასა და ხანგრძლივ პოლიტიკურ და დიპლომატიურ დიალოგს უნდა ეფუძნებოდეს“, - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
ამერიკელმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ილეანა როს-ლეტინენმა კი საქართველოსთვის იარაღის მიწოდებას საჯაროდ დაუჭირა მხარი.
„აშშ და ნატო მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია კვლავ მყიფეა და მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვითი შეიარაღება მიაწოდოს, რომელიც მას მომავალში რუსული არმიის ნებისმიერი შეტევის შესაკავებლად სჭირდება“, - ნათქვამია როს-ლეტინენის ოფისის განცხადებაში, რომელსაც EURASIANET.ORG-ის ჟურნალისტი ჯოშუა კუცერა თავის სტატიაში აქვეყნებს. ამასთან, ჟურნალისტი თავად როს-ლეტინენსაც ახასიათებს და აცხადებს, რომ „იგი ცნობილი ანტი-რუსია“.
„შარშან მან რეზოლუცია წარმოადგინა, რომელიც ევროკავშირს და ნატო-ს ქვეყნებს რუსეთის შეიარაღების წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებდა, მაგრამ სულ მალე, როდესაც „რესპუბლიკელები“ სენატში კონტროლს მოიპოვებენ, როს–ლიტინენი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გახდება და მსგავსი რამის განხორციელებისთვის ძალიან ძლიერ პოზიციებს დაიკავებს“, - წერს კუცერა, რომლის სტატია ქართველი მინისტრის გიორგი ბარამიძის აშშ-ში ვიზიტსა და ილეანა როს-ლეტინენთან შეხვედრას შეეხება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდება ობამას ადმინისტრაციას პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, ჯონ მაკკეინმაც მოსთხოვა.
თავის მხრივ ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტის დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით ათასი მოქალაქე კი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა.
როგორც ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა უფროსის ბოლო ანგარიშშია ნათქვამი, „რუსეთს ამ დრომდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6–პუნქტიანი შეთანხმების მხოლოდ პირველი პუნქტი აქვს შესრულებული“.