„მარტო მოსახლეობასთან საუბარი არ არის საკმარისი, უნდა დავსხდეთ სპეციალისტები და შებჯერდეთ, ბოლოს და ბოლოს, რას გვაძლევს ეს ჰიდროელექტროსადგური“

„მარტო მოსახლეობასთან საუბარი არ არის საკმარისი, უნდა დავსხდეთ სპეციალისტები და შებჯერდეთ, ბოლოს და ბოლოს, რას გვაძლევს ეს ჰიდროელექტროსადგური“

„აქ არიან ადამიანები, რომლებსაც რეალურად ადარდებთ ხეობის ბედი და დავინახეთ, რომ მათი პროტესტი გულწრფელია“, - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „რიონის ხეობის მცველებთან“ შეხვედრისას გააკეთა, რომლებიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ.

მათთან კარვებში შეხვედრის გადაწყვეტილება ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ცაგერში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. მინისტრები მიიჩნევენ, რომ „ნამახვანჰესის“ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია უნდა გაიზარდოს.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობას ადგილობრივები, არასამთავრობოები და პოლიტიკოსები დიდი ხანია, აპროტესტებენ. ისინი ოთხ თვეზე მეტია, უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ. მათ სამშენებლო სამუშაოების სიახლოვეს კარვების ქალაქიც მოაწყვეს. ადგილობრივების თქმით, ადგილი, სადაც ჰესი შენდება, სეისმურად აქტიური ზონაა და აქ სამშენებლო სამუშაოების წარმოება არ შეიძლება.

პრემიერის თქმით კი, წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია. ეს რომ ავიცილოთ, ყოველ წელს, მინიმუმ, საშუალოდ ასი მეგავატის სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს ქვეყანაში, რაც ამ ეტაპზე არ ხდება.

„საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მთელი მსოფლიო დღეს 21-ე საუკუნეშია და ელექტროენერგიის თანამედროვე მიდგომებზე საუბრობს, ჩვენ კი მე-20 საუკუნის დასაწყისში ვიმყოფებით და ისევ დიდ ჰესებზე ვლაპარაკობთ.

„ვერ გეტყვით, რამდენად მიზანშეწონილია ნამახვანჰესის აშენება, მოდით, ვთქვათ ასე, ჯერ პირველი ეტაპი გადავლახოთ, დიალოგზე წამოვიდნენ, რადგან მარტო მოსახლეობასთან, რიონის ხეობის მცველებთან საუბარი არ არის საკმარისი. უნდა დავსხდეთ სპეციალისტები და ვისაუბროთ ხელშეკრულებასა და პირობებზე, თუ რა პირობებით აშენებენ ამ ჰესს. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაზე მთავარია უსაფრთხოება. თუკი უსაფრთხოების საკითხები ვერ გვარდება, მაშინ ჰესი არ უნდა აშენდეს. აქ გამომუშავებული ელექტროენერგია მოხმარდება თუ არა საქართველოს და ენერგოდამოუკიდებლები გავხდებით თუ არა, ამ საკითხსაც ღრმა ექსპერტიზა სჭირდება, ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ექსპერტები სხვადასხვა დასკვნას აკეთებენ, მინდა შევჯერდეთ, ბოლოს და ბოლოს, რას გვაძლევს ეს ჰიდროელექტროსადგური“, - აცხადებს ნინო ჩხობაძე.

მისივე განმარტებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირველი შეხედულებით ირკვევა, რომ ეს ჰიდროელექტროსადგური თითქოს ბევრს არაფერს გვაძლევს. ამის მიუხედავად, მაინც საჭიროა ექსპერტიზის ჩატარება. საამისოდ უნდა დასხდნენ ეკონომისტები, ენერგეტიკოსები, ყველამ ერთად უნდა ისაუბროს ამაზე, უნდა არსებობდეს ენერგეტიკული სტრატეგია, რა გვინდა, რა არა. ბოლოს და ბოლოს, რამდენი ჰესი გვინდა, ეს უნდა ვიცოდეთ, თორემ ერთმა დეპუტატმა საერთოდ გამოაცხადა, 80 ჰესი კიდევ უნდა ავაშენოთო.

„სად აშენებენ ამ ჰესებს, მართლა მაინტერესებს. ამდენი მდინარე კი გვაქვს, მაგრამ ამდენი წყალი არ არის და რა სიმძლავრის ჰესებზეა საუბარი?! მთელ მსოფლიოში დიდი ჰესების ჩანაცვლებას ცდილობენ თანამედროვე საშუალებებით. მთელი მსოფლიო 21-ე საუკუნეშია და ჩვენ, მე მგონი, მე-20 საუკუნის დასაწყისში ვართ, რადგან ისევ ვლაპარაკობთ, რომ უნდა ავაშენოთ ბევრი და დიდი ჰესები, როცა მსოფლიო ზოგადად ლაპარაკობს თანამედროვე მიდგომებზე. მაგალითად, ევროპის მიდგომა დღეს არსებული ჰიდროელექტროსადგურების გადაიარაღებაა, ანუ უნდა მოახდინონ მათი ისეთი რეაბილიტაცია, რომ მათ შეეძლოთ უფრო მეტი გენერაციის მოცემა. აგრეთვე, ლაპარაკობენ ზოგიერთი ჰესის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე, შერეული კომპლექსების გაკეთებაზე, მზის, წყლის, ქარის ენერგიის გამოყენებაზე, რათა უფრო ეფექტური გახდეს ეს ჰესები“,-აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.

მანვე დააკონკრეტა, რომ სწორედ თანამედროვე მიდგომებშია ერთ-ერთი გამოსავალი საქართველოსთვის, რადგან იქ, სადაც ჰესი აშენებულია, თავისთავად გარემოს ზიანი უკვე მიყენებული აქვს და, შესაბამისად, გარემო სახეცვლილია. ამიტომ, სანამ ახალ ხეობაზე გადავალთ, მანამ იქნებ სჯობდეს, მივხედოთ ძველ ჰესებს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომნამახვანჰესთან“ მიმართებით არავითარ ენერგოდამოუკიდებლობაზე საუბარი არ არის. უბრალოდ, დანაშაულებრივი ხელშეკრულებაა გაფორმებული თურქულ კომპანიასთან, რომელსაც 32 კილომეტრი სიგრძის ხეობა საკუთრებაში გადასცეს, როგორც მიწის ნაკვეთი.

„ეს უკვე იურისტების მიერაა სანახავი, რამდენად სწორია, რადგან 2016 წელს ასეთი კანონი არ არსებობდა, მერე რაღაც გაურკვეველი კანონი ჩაწერეს 2017 წელს და ჰესი რომც არ აშენდეს, ეს მიწა, ეს უზარმაზარი ხეობა რჩება თურქების საკუთრებაში, რომლებმაც შეიძლება იქ მოპოვებითი სამუშაოები აწარმოონ ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე. პირობები კაბალურია, ამისთვის დაისჯება ხალხი, ვინც ამ პროექტში იყო ჩარეული“,-აცხადებს დემურ გიორხელიძე for.ge-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, პროექტის ამ სახით განხორციელება არ შეიძლება, ენერგოდამოუკიდებლობა ეს არ არის, ეს არის პირად ინტერესებზე საქართველოსა და ქართველი ხალხის საზიანოდ გაყიდული ტერიტორია, რომლისგანაც უკუგება მიზერული იქნება. იმისათვის, რომ ნორმალური პროექტი გაკეთდეს, თავისი თანამედროვე მიდგომებით, ამას სჭირდება ცალკე ტენდერი, რაც ქართველი ხალხის ინტერესებს უნდა მიესადაგოს და არა ეს გამანადგურებელი ხელშეკრულება, რომელსაც კარგა ხანს არ აწერდნენ ხელს. 2019 წლის 25 აპრილს უკვე გამზადებული იყო ეს ხელშეკრულება, მას შემდეგ თითქმის ორი წელი გავიდა და ვერ გაბედეს ხელმოწერა, ბოლოს კი მასზე ხელი მოაწერა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ამით თავისი მოღვაწეობა დაასრულა.

„ახლა დასხდნენ მისი მომხრეები და იძახონ, გახარია მაგარიაო“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.

Katana . დემურ გიორხელიძე: "დანაშაულებრივი ხელშეკრულებაა გაფორმებული თურქულ კომპანიასთან, რომელსაც 32 კილომეტრი სიგრძის ხეობა საკუთრებაში გადასცეს, როგორც მიწის ნაკვეთი... ჰესი რომც არ აშენდეს, ეს მიწა, ეს უზარმაზარი ხეობა რჩება თურქების საკუთრებაში, რომლებმაც შეიძლება იქ მოპოვებითი სამუშაოები აწარმოონ ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე."
?
ესენი ხომ არ გაგიჟდნენ?..
რას ჰქვია 32 კილომეტრი სიგრძის ხეობა საკუთრებაში გადასცეს თურქებსო?
რატომ, რის სანაცვლოდ და რისი მადლობის ნიშნად?!
როგორ, აზერბაიჯანისთვის უდაბნოს ტერიტორიის დათმობა სახელმწიფო ღალატია და თურქებისთვის ამხელა ხეობის გადაცემა - პატრიოტული აქტი?!
ეს თუ მართალია და მართალია ის პირობებიც, რაც ამ ჰესთან დაკავშირებით წავიკითხზე - 15 წელი გაძვირებული ტარიფით მოგვყიდის დენს ეგ თურქული კომპანია, ხოლო შემდეგ არავითარი ვალდებულება აღარ ეკისრება საქართველოსთან და სადაც უნდა იქ გაყიდის ჩვენი ხეობის დატბორვით მიღებულ დენსო - ეს თუ მართლა ეგრეა, მთელი საქართველო აღდგება ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და მერე რაც მოხდება, ნაცებს ნუღარ დააბრალებენ!..
ეს უკვე არაფერში აღარ ჯდება!
ა რ ა ფ ე რ შ ი !
3 წლის უკან
trampi ეგ ტერიტორია წინა ხელსუფლებამ გადასცა.....იმიტომაც იჭიმებოდა მასინ მიშა ტელევიზორში.----ეხლა დიდი ჰესების დროაო
ეგ ძველი ზაპისები მისი ინტერვიუებით, ამას წინათ ტელევიზიიით გაუშვეს....იმედზეც და რამიშვილმაც
ისე ამათაც რაღაც ნებართვა წაუმატეს....დაააგვირგვინეს.......
ნეტა ორივენი ერთ დღეს აფეთქდნენ.............დაისვენებდა საქართველო
3 წლის უკან
Katana „...რადგან 2016 წელს ასეთი კანონი არ არსებობდა, მერე რაღაც გაურკვეველი კანონი ჩაწერეს 2017 წელს ეს გამანადგურებელი ხელშეკრულება, რომელსაც კარგა ხანს არ აწერდნენ ხელს.... 2019 წლის 25 აპრილს უკვე გამზადებული იყო ეს ხელშეკრულება, მას შემდეგ თითქმის ორი წელი გავიდა და ვერ გაბედეს ხელმოწერა, ბოლოს კი მასზე ხელი მოაწერა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა (გახარიამ) და ამით თავისი მოღვაწეობა დაასრულა."
3 წლის უკან