გუშინ საღამოს ესპანურმა გამოცემამ „Marca” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
ცნობილი გახდა, რომ ახალი საფეხბურთო სეზონიდან კლუბი „პარი სენ ჟერმენის“ ამჟამინდელი დამრიგებელი კარლო ანჩელოტი სათავეში მადრიდის „რეალს“ ჩაუდგება.
„სამეფო კლუბის“ თავკაცი, პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო უმუშევარი არ დარჩება.
კულუარული ცნობით „განსაკუთრებული“ კარლო ანჩელოტის ყოფილ გუნდს ჩაიბარებს. საპირისპირო მოსაზრება გააჩნია ინგლისურ მას-მედიას. მათი მტკიცებით, ჟოზე კარიერას დიდ ბრიტანეთში გააგრძელებს და „მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელად მოგვევლინება.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბატონი ჟოზე „პსჟ“-ს ან ლონდონის „ჩელსის“ ჩაიბარებდა. მწვრთნელის ახლობლების განცხადებით, პორტუგალიელი მუშაობას არაბი შეიხების ფულით გამდიდრებულ „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს.
ესპანური მას-მედიის მტკიცებით, ანჩელოტი „რეალის“ ხელმძღვანელობას უკვე მოელაპარაკა და მხარეები უახლოეს დღეებში ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადებენ.