სოზარ სუბარი: ოპოზიციაში დაბნეულობაა და ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ, უნდათ თუ არა პლებისციტი

სოზარ სუბარი: ოპოზიციაში დაბნეულობაა და ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ, უნდათ თუ არა პლებისციტი

ოპოზიციაში დაბნეულობაა და ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ, უნდათ თუ არა პლებისციტი, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

„ყოველ დღე ვხედავთ როგორი დაბნეულობაა ოპოზიციაში, იმაზეც კი ვერ შეთანხმდნენ, პლებისციტი უნდათ თუ არა. ჩვენ ყველაზე მკაფიო ოპოზიციის ლიდერის ნათქვამიდან დავინახეთ, რომ პლებისციტი არ არის ოპოზიციის მოთხოვნა და თითქოს, ეს ჩვენს მიერ თავს მოხვეულია ოპოზიციისთვის. მათი პოზიცია არ არის მკაფიო და გასაგები.

თუ შეთანხმდებიან, რომ პლებისციტი არის საჭირო და თურმე მიშა სააკაშვილი ცდებოდა და იტყუებოდა, ამაზე ჯერ შეთანხმდნენ და მერე ვილაპარაკოთ. ამასთან, თუკი პლებისციტმა მათთვის არასასურველი შედეგი აჩვენა, მიიღებენ ამ შედეგებს თუ მერე თავიდან დაიწყებენ, რომ ეს პლებისციტი ვითომ გაყალბდა. რისთვის, რომ ვიღაცის ბავშვური ჟინიანობა დავაკმაყოფილოთ?"- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პლებისციტის საკითხი არ განიხილება.

მანამდე, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე.