ერდოღანის პლატფორმა და საქართველო (წერილი პირველი)

ერდოღანის პლატფორმა და საქართველო (წერილი პირველი)

თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის წინადადებამ, კავკასიაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას ექვსთა პლატფორმა შემდგარი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისაგან პლუს სამი ზედამხედველი სახელმწიფო - რუსეთი, თურქეთი და ირანი, ღრმა შეშფოთება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. ერთი შეხედვით, რეალური გახდა საფრთხე, რომ ასი წლის შემდეგ კავკასიას კვლავ რუსეთი და თურქეთი გაინაწილებენ. ზოგმა მას “ტრაქტატი 2”-ც კი უწოდა.

ეს ინიციატივა ჯერჯერობით მხოლოდ ერდოღანის წინადადებაა. პუტინის განზრახულებათა შესახებ კი არაფერი ვიცით. ერდოღანი დაბეჯითებით ავითარებს პანთურქულ სტრატეგიას, რომლის მიხედვითაც თურქულენოვანმა სახელმწიფოებმა უნდა შექმნან ერთიანი ალიანსი, ანუ ლიგა. მასში თურქეთის გარდა შევლენ აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ყირგიზეთი. აგრეთვე იგეგმება რაიმე ფორმით იმ თურქული ავტონომიების მონაწილეობაც, რომლებიც სადღეისოდ სხვადასხვა სახელმწიფოებში მდებარეობენ. ასეთებია: თათრეთი და ბაშკირეთი (რუსეთი), ადარბადაგანი (ირანი), სინძიანი (ჩინეთი).

ამას წინათ შედგა თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აკარის ვიზიტი ყაზახეთსა და უზბეკეთში. მან წარადგინა თავდაცვის ერთიანი სისტემის გეგმა სახელწოდებით "თურანი". თუ ამ ფაქტს დავამატებთ ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთის აქტიურ მონაწილეობას და უკვე შემდგარ თურქულ-აზერბაიჯანულ სამხედრო ალიანსს, გასაგები გახდება, რომ პანთურქიზმის იდეამ რეალიზაციის სტადიას მიაღწია.

ექვსთა პლატფორმის შექმნის ერდოღანისეული ინიციატივაც შეიძლება პანთურქიზმის ჭრილში განვიხილოთ. იგი, საბოლოო ანგარიშით, მიზნად ისახავს რეგიონიდან რუსეთის გაშვებას და აქ სხვა ზესახელმწიფოთა არშემოშვებას. ამავე კონტექსტში ჯდება 24-25 თებერვალს თურქეთის პრეზიდენტის, აგრეთვე ამავე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუდ ჩავუშოღლუს, ირაკლი ღარიბაშვილისადმი მისალოცი წერილებიც. მათში ხაზგასმულია, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სახელმწიფო სუვერენიტეტს. პოლიტიკურად და დიპლომატურად ამ უნაკლო მომართვებში იკითხება თურქეთის სრულიად კონკრეტული პოზიცია საქართველოსა და კავკასიისადმი. იგი სერიოზულ განხილვას მოითხოვს.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ თურქეთს არ მოსწონს რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფო ერთეულებად ცალმხრივი გამოცხადება. იმავდროულად, საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემის დეკლარირება დღევანდელი თურქული ხელისუფლებისაგან ანტიამერიკული ქვეტექსტის მქონე განცხადებად შეიძლება ჩაითვალოს, განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენათა ფონზე. თურქეთი ახდენს იმ ფაქტის კონსტატაციას, რომ იგი მზადაა საქართველოში (და კავკასიაში) დამოუკიდებელი პოლიტიკის გასატარებლად და არ აპირებს დიდ სახელმწიფოებთან გარიგებას საქართველოს ინტერესების ხარჯზე (როგორც ეს მოხდა 1921 წელს, როცა ბოლშევიკურმა რუსეთმა და ქემალისტურმა თურქეთმა ფაქტობრივად გაიყვეს საქართველო, მისი ტერიტორიები კი მიიერთეს). ყოველივე ეს ნიშნავს, რომ თურქეთი მზად არის გაუფრთხილდეს საქართველოს სუვერენიტეტს, ოღონდ იმ პირობით, რომ ჩვენი ქვეყანა არ შეუშლის ხელს მეზობელი სახელმწიფოების (კონკრეტულად თურქეთის) პროექტების განხორციელებას. ამასთან, თურქეთს სურს გვიჩვენოს, რომ მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა.

განვიხილოთ შექმნილი ვითარება უფრო დაწვრილებით.

პირველი კითხვა, რაც აუცილებლად გაჩნდება, ეხება რუსეთს: როგორ უნდა გაუშვა რუსეთი რეგიონიდან? განა შეიძლება მისი ინტერესების ამგვარი უგულვებელყოფა?

დღევანდელი რუსეთი საბჭოთა კავშირის აჩრდილია მხოლოდ. მისი ეკონომიკა და ტექნოლოგიური ჩამორჩენა აშკარად არ შეესაბამება კრემლის ამბიციებს წარმოადგენდეს ზესახელმწიფოს. რუსეთის პოლიტიკური ელიტა ვერ ეგუება რეგიონული ქვეყნის რანგს (როგორც მას ბარაკ ობამამ უწოდა), და ცდილობს ბირთვული შანტაჟითა და ნახშირწყალბადების მონოპოლიის გზით შეინარჩუნოს ოცდაათი წლის წინანდელი სტატუსი. თუ მსოფლიო აღარ არის ბიპოლარული (აშშ და სსრკ), რუსეთი თანახმაა მსოფლიო გახდეს ტრიპოლარული (აშშ, რუსეთი, ჩინეთი), თუმცა ესეც არ ხერხდება. ნედლეულზე ფასების დაცემამ და ეკონომიკურმა სანქციებმა თავისი საქმე გააკეთა - რუსეთი თავქვე დაეშვა და აჩქარებულად მიემართება მესამე სამყაროს (განვითარებადი ქვეყნების) რიგებში გასაწევრიანებლად. მხოლოდ ჯარის გაორმაგება საქმეს ვერ შველის. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არცთუ უსაფუძვლოა კავკასიიდან მისი წასვლის პერსპექტივაც. მითუმეტეს, რომ პირველი ნაბიჯი აქეთკენ მან უკვე გადადგა: 2008 წლის აგრესია ფაქტიურად კავკასიიდან წასვლისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო - რუსეთი საქართველოს მეშვეობით შემოვიდა კავკასიაში და საქართველოსთან ომის შედეგად დატოვებს მას; არადა, ედუარდ შევარდნაძის მიერ შეთავაზებული რუსეთ-საქართველოს 1994 წლის 3 ნოემბრის ჩარჩო ხელშეკრულების რატიფიკაციის შემთხვევაში (რაც რუსულმა მხარემ სრულიად გაუგებარი მოტივით უარყო), ეს ქვეყანა გარანტირებულად რჩებოდა კავკასიაში სტრატეგიულად დომინანტურ პოზიციებზე. რას იზამ, ისტორიამ პატიება არ იცის.

სწორედ რუსეთის დასუსტებამ და კავკასიიდან წასვლის პერსპექტივამ გააბედინა თურქეთს წამოეყენებინა ექვსთა პლატფორმის პროექტი. მომენტიც კარგად შეარჩია. თურქეთმა უკვე რამოდენიმეჯერ საჯაროდ გალახა რუსეთი ე.წ. პროქსი-ბრძოლებში: სირიაში, ლიბიაში და ყარაბაღში. თურქეთთან რუსეთის მარცხი საუკეთესო სტიმული აღმოჩნდა პანთურქიზმის იდეის რეალიზაციის დასაწყებად კავკასიაში დიდი ახლო აღმოსავლეთის პერსპექტივით.

ამიტომ, პანთურქული იდეის ხორცშესხმის თვალსაზრისით, რეჯებ ერდოღანის პლატფორმა მართლაც გამოსადეგია. სადღეისოდ რუსეთი ჯერჯერობით სერიოზულ როლს თამაშობს კავკასიაში (და ახლო აღმოსავლეთში). ამიტომაც მისი მოწვევა პროექტის მნიშვნელოვან აქტორად საჭიროც არის და ბუნებრივიც. მითუმეტეს, რომ ვლადიმერ პუტინის ხელისუფლება მკვეთრად ანტიდასავლურად არის განწყობილი და, მაშასადამე, შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კავკასიაში დემოკრატიული სამყაროს გავლენის შესასუსტებლად, რაც პანთურქული პროექტის ძალზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. ოღონდ რუსეთის შემდგომი დასუსტებისა და პანთურქული იდეის ეტაპობრივად განხორციელების კვალდაკვალ ამ ქვეყნის როლი შემცირდება. ამ ჩანაფიქრის სრული განხორციელების შემთხვევაში კი მას დაშლაც ემუქრება (თათრეთის, ბაშკირეთის და ჩრდილოეთ კავკასიის ჩამოცილება).

ეს პროგრამა არც ისე უტოპიურია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ცოტა ხნის წინ (XX საუკუნის 90-იან წლებში), რუსეთი ძალზე ახლოს იდგა ამ სცენარის განამდვილებასთან. ერთერთი მიზეზი, რატომაც მოვლენები რუსეთისათვის ასე დრამატულად არ განვითარდნენ, მაშინდელი დასავლეთის (განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების) პოლიტიკა იყო. დღევანდელი ვითარებიდან პრინციპული განსხვავება კი ის გახლავთ, რომ სამი ათეული წლის წინ პანთურქული იდეა არ იყო მიმზიდველი და თავდადებული ადეპტები არ ჰყავდა. თურქეთი კი სხვაგვარი ორიენტაციის ქვეყანა იყო. უნდა ითქვას, რომ პანთურქული იდეის გაცოცხლება დაიწყო ე.წ. არაბული გაზაფხულისას. რეალური კონტურები კი შეიძინა არაბული გაზაფხულის ფაქტობრივი წარუმატებლობის შემდეგ. რაც შეეხება რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობას, იგი თანდათან ცივი ომის პერიოდისას ემსგავსება, ამასთან პუტინის რუსეთი არც ისე შორს არის XX საუკუნის 80-იანი წლების კრიზისისპირა საბჭოეთიდან.

ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, ვფიქრობთ, არ ღირს პანთურქიზმის საფრთხის ზედმეტად დრამატიზება. ეს გეგმა არც ისე იოლი განსახორციელებელია, როგორც პროექტის ავტორებს ჰგონიათ.

პირველ რიგში პანთურქიზმის იდეის რეალიზაციას ყოველმხრივ შეეწინააღმდეგება ირანი. ამ ქვეყანაში მოსახლეობის დაახლოებით ერთ მესამედს თურქული მოდგმის ხალხები შეადგენენ (ე.წ. ირანის აზერბაიჯანელები). ისინი ირანის 4-5 ოლქში სახლობენ (ისტორიული ადარბადაგანი, რომელსაც ბაქოში სამხრეთ აზერბაიჯანს უწოდებენ). პანთურქული წამოწყების სერიოზული წარმატება უბრალოდ დაანგრევს ირანს. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ბაქოსა და ანკარაში გამოცხადებული ლოზუნგი „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“, ირანულ ადარბადაგანსაც გულისხმობს. ამიტომ თეირანისთვის ალბათ, უმჯობესი იქნება შეეშვას ისრაელთან დაპირისპირებას და შიიტური სოლიდარობიდან გადაერთოს ირანული ხალხების (ავღანელები, ტაჯიკები, ქურთები) კონსოლიდაციისაკენ. ამას თავის დროზე ცდილობდა ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი, თუმცა წარუმატებლად (ვერ დაძლია აიათოლების დაციკლვა შიიზმზე). არ გამოირიცხება არც ფირდოუსის "შაჰნამეში" აღწერილი ირან-თურანის დაპირისპირების აღორძინება. ვფიქრობთ, ქურთისტანის სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბება სწორედ ირანს უნდა აძლევდეს ხელს. ამ გზით იგი შეძლებს (თუ ძალიან მოინდომებს), ხმელთაშუა ზღვაზე გასვლას, საიდანაც თავის დროზე ალექსანდრე მაკედონელმა გააბრუნა. თურქეთი კი პირიქით, მთელი ძალებით ეწინააღმდეგება ამ პროცესს. ჯერჯერობით ვერ ვიტყვით თუ კონკრეტულად რა ფორმებს მიიღებს ირან-თურქეთის დაპირისპირება, თუმცა ერდოღანის გამოსვლაზე პირველი მწვავე რეაქცია თეირანმა უკვე მისცა.

პანთურქიზმს არც ამერიკის შეერთებული შტატები შეხვდება პასიური მეთვალყურის როლში. მთელი ოცდაათი წელია ვაშინგტონი ცდილობს საქართველოს გავლით შუა აზიაში შეაღწიოს და ამდენ ნაჯაფს ასე უბრალოდ არ დათმობს. მაიკ პომპეოს საქართველოში ბოლო ვიზიტიც სწორედ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ტერიტორიის მონიშვნას ემსახურებოდა. თურქეთთან ამერიკის შეერთებული შტატების ისედაც რთულ ურთიერთობას პანთურქიზმი კიდევ უფრო დააბრკოლებს. 2020 წლის მიწურულს ნატოს მინისტერიალზე დადგინდა შავ ზღვაზე ამ ალიანსის მუდმივი სამხედრო ყოფნა, რაც არა მარტო ანტირუსულ, არამედ ანტითურქულ აქციასაც წარმოადგენს.

ზოგიერთი ანალიტიკოსის მოსაზრება, რომ თურქეთის ექსპანსიურ მისწრაფებას ამერიკის შეერთებული შტატები უმაგრებს ზურგს, არ დასტურდება ფაქტობრივი მონაცემებით (დღევანდელი ამერიკა-თურქეთის ურთიერთობა არ არის საუკეთესო). ამგვარი რამ არც ამერიკის შეერთებული შტატების გეოპოლიტიკური ვექტორიდან გამომდინარეობს. ვფიქრობთ, ზემოთქმული მცდარი შეხედულება მხოლოდ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ვექტორის რუსეთზე გადამისამართებას ისახავს მიზნად.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 2021 წლის მიუნჰენის უსაფრთხოების თათბირზე გამოსვლის დროს მკვეთრად გაილაშქრა ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში თურქეთის გეგმების წინააღმდეგ.

და ბოლოს, არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი. შუა აზია-კავკასიის რეგიონი მისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპასთან დასაკავშირებლად (მაშინ, როცა საზღვაო გზები მკაცრად კონტროლდება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ). ტყუილად ხომ არ კეთდება ტრანსკონტინენტული აბრეშუმის გზა (სტრატეგიული ინიციატივა „ერთი სარტყელი ერთი გზა“), რომლის ძირითადი ტოტი შუა აზიასა და კავკასიაზე გადის. ჩინეთის დღევანდელი ხელისუფლება მას დიდ ყურადღებას უთმობს. ამასთან პანთურქიზმი თუ არ შეფერხდა - სინძიანამდე მივა, რაც ცისქვეშეთს ძალიან დააზარალებს.

ამიტომაც პანთურქიზმის პერსპექტივები ფრიად ბუნდოვანია და თუ სერიოზულ შეცდომებს არ დავუშვებთ, დიდი შანსია შექმნილი ვითარება ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. თურქეთის უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართვები საქართველოს ახლადდანიშნულ პრემიერ მინისტრისადმი სწორედ ამას ადასტურებს. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია მათ მიერ გამოხატული ოფიციალური პოზიცია. საქმე ეხება მხოლოდ იმას, რომ სწორად გვესმოდეს შექმნილი ვითარების სიღრმე და შესაძლო პერსპექტივები. ამ თვალსაზრისით მართებული იყო საქართველოს ხელისუფლების განცხადება, რომ იგი კეთილგანწყობით შეხედავს მხოლოდ იმ პროექტებს, რომელთა მონაწილენიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. იმავდროულად კარგად უნდა დავაკვირდეთ ამგვარ მოქმედებებს კავკასიაში, რათა არ აღმოვჩნდეთ უსიამოვნო ფაქტებისა და ჩვენი ქვეყნისათვის საზიანო ალიანსების პირისპის. მითუმეტეს, რომ ამ მიმართულებით დრამატული ისტორიული გამოცდილება გვაქვს.

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ყველაზე დიდი საფრთხე, რაც საქართველოს ემუქრება, ეს არის მისი შინაგანი სისუსტე. ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი რესურსებით ავიცილოთ თავიდან ის ხიფათი, რასაც შესაძლოა შეიცავდეს სხვადასხვა ქვეყნების გეოპოლიტიკური გეგმები კავკასიის რეგიონში. მით უმეტეს, რომ ამის მზაობა არ არის ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, რომელიც ძირითადად ერთმანეთთან შეურიგებელი ბრძოლით არის დაკავებული.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შექმნილ ვითარებაში ჩვენთვის უპირატესი მნიშვნელობა აქვს ევროატლანტიკურ ვექტორს. ოღონდ, ესაა, ევროატლანტიკური პოზიცია უნდა ემყარებოდეს ეროვნულ იდენტობასა და ღირსებას. თუ გვსურს სტრატეგიულმა პარტნიორმა დაგვაფასოს და პატივისცემით მოგვეპყრას, უნდა შევეშვათ არაფრისმომცემ მაამებლობას (რაც თითქმის ოცდაათი წელია გრძელდება). ჩვენს ქვეყანაში უნდა დავამკვიდოთ ფუნდამენტური დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტები (დამოუკიდებელი სასამართლო, ძალმოსილი პარლამენტი, რეალური თვითმმართველობა, ხელისუფლებათა დანაწილება). მხოლოდ ასე შევძლებთ დავიკავოთ საკუთარი ადგილი ცივილიზებულ სამყაროში.

 

 

DDDzia ბატონებო - გურამ სანადირაძე, ნიკოლოზ სანებლიძევ!

შეეშვით რა თურქული სერიალების ყურებასა და ძალიან ნუ მიეძალებით თრიაქს, თორე შემდეგში უარესი მოგელანდებათ და მტერს, მერე თქვენი ნაბღაჯნის კითხვა!!!

დაანებეთ თავი პოლიტიკოსობას.
იქნებ კომბოსტო მოგეყვანათ?
გეცადათ მაინც?!
აგერ სულას შესანიშნავად გამოუვიდა.
იქნებ არც თქვენ ხართ უიმედოები?
ისე, ექიმებს ბოლომდე მაინც ნუ დაუჯერებთ. ისინიც (უდიდესი ნაწილი) თქვენსავით არიან საქმეში ჩახედულები.
ჰაერზე ხშირად ისეირნეთ. თბილი წყლის ოყნაც შველისო, ნივრით გაზავებილი, დღეში სამჯერ. ყოველ შემთხვევაში შვეიკს ასე მკურნალობდნენ.
სცადეთ.
ვინიცობაა გიშველოთ.
აბა, ღმერთი თქვენკენ და სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებთ.
1 თვის უკან
გურამ სანადირაძე დიდი მადლობა რჩევისათვის. შვეიკისეული მკურნალობის თქვენს წარმატებულ გამოცდილებას მხედველობაში მივიღებთ. ისე ცნობისათვის, კომბოსტო დიოკლეტიანეს გამოუვიდა შესანიშნავი. თქვენი თავდაჯერებული ტონი იმედს მაძლევს, რომ ეტყობა ხელისუფლებას საიმედო რჩევებს აძლევთ.
1 თვის უკან