რომან გოცირიძე: პლებისციტი შეიძლება რიგგარეშე არჩევნების მიღწევის ერთ-ერთი გზა იყოს 

რომან გოცირიძე: პლებისციტი შეიძლება რიგგარეშე არჩევნების მიღწევის ერთ-ერთი გზა იყოს 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების მიღების ერთ-ერთ გზად პლებისციტს განიხილავს.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" შეთავაზება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩაითვალოს პლებისციტად, აბსოლუტურად წარმოუდგენელია და ვერ განხორციელდება.

"რამდენიმე გზა არსებობს: ერთი, პირდაპირ დანიშვნა რიგგარეშე არჩევნების; მეორე, აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ, რასაც ხელისუფლება ახლა ეშმაკურად გვთავაზობს, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგები განვიხილოთ პლებისციტად და მესამე -პლებისციტი, რომელიც ოპოზიციას არ უარყვია, მაგრამ ამ შეთავაზებიდან გავიდა დიდი დრო, ე.წ. მეხუთე რაუნდი არ შედგა, ამის შემდეგ მოხდა შტურმი პარტიის ოფისზე, დააპატიმრეს ნიკა მელია და ხელისუფლება წავიდა აგრესიულ და ძალადობრივ ქმედებებზე. პლებისციტის საკითხს ოპოზიცია განიხილავს, ერთ-ერთი გზა რიგგარეშე არჩევნებისა, ბუნებრივია, იქნება პლებისციტზე საუბარი,"-განაცხადა რომან გოცირიძემ.

კითხვაზე, აქვთ თუ არა მას და მიხეილ სააკაშვილს პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრები, რომან გოცირიძემ უპასუხა, რომ პირადად მას პლებისციტი ერთ-ერთ გზად მიაჩნია, თუმცა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის გზებზე ოპოზიციაში უნდა შეთანხმდნენ.

"ჩვენ გვექნება შეხვედრები პარტიაშიც და ოპოზიციაშიც და განვიხილავთ ამ საკითხს. პლებისციტი როდესაც იყო მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა, იმის მერე უამრავმა წყალმა ჩაიარა და ალპინისტებითა და შეიარაღებული შტურმით აიღეს პარტიის ოფისი. მე პირადად მგონია, რომ პლებისციტი შეიძლება იყოს რიგგარეშე არჩევნების მიღწევის ერთ-ერთი გზა, თუმცა ამის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ჯერ პარტიამ და შემდეგ ოპოზიციამ. მთავარი არის ერთი რამ, რომ რიგგარეშე არჩევნების გარეშე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა შეუძლებელია და ამისი მიღწევის ფორმებზე ვიმსჯელებთ,"-აცხადებს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ, მისი აზრით, ოპოზიცია პლებისციტს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს.