„გახარიას არ უთქვამს პოლიტიკიდან მივდივარო, მან, უბრალოდ, თანამდებობა დატოვა...“

„გახარიას არ უთქვამს პოლიტიკიდან მივდივარო, მან, უბრალოდ, თანამდებობა დატოვა...“

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, მისი კადრები დაკავებულ თანამდებობებს აქტიურად ტოვებენ. მაგალითად, პოსტიდან გადადგა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამასთან, მთავრობის ადმინისტრაცია დატოვა რამდენიმე თანამშრომელმა. ვრცელდება ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის თანამდებობის დატოვების შესახებაც.

ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში აღნიშნულის შეფასება და ახსნა უჭირთ. გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ეს არის ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირების საწინდარი და გიორგი გახარიამ შესაძლოა ალტერნატიული ძალა შექმნას, რომელიც გადაფარავს, როგორც ოპოზიციურ სპექტრს, ასევე „ქართულ ოცნებასაც“. თუმცა, მეორე ნაწილი გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას, თანაც ოპოზიციურ ფლანგზე, სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ მესამე პოლიტიკური ძალის შექმნა, ასე მარტივი არ არის.

თავად ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ეს ჩვეული პროცესია და მთავრობის ახალ მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს მისთვის სანდო მაღალჩინოსნებით დაკომპლექტებული ადმინისტრაცია სჭირდება, მაგრამ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გახარია გუნდის წევრების შემოკრებას სულ სხვა მიზნით გეგმავს.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ მთავრობის ადმინისტრაციიდან გიორგი გახარიას კადრების გაკრეფვა, შესაძლოა, სწორედ იმას ნიშნავდეს, რომ იქმნება ახალი ძალა, რომელსაც მთავრობის ყოფილი მეთაური უხელმძღვანელებს.

„გადადგა გიორგი გახარია და დანარჩენებიც გაიკრიფნენ. რა თქმა უნდა, არის იმის ალბათობა, სწორედ ამ პარტიულ ჯგუფში აღარ გაჩერდნენ იმისათვის, რომ სხვა პარტიულ ჯგუფში იპოვონ ადგილი. გადადგომა იმის შიშით, რომ შემავიწროვებენ, გაუგებარია. ორი დღის მოსულია პრემიერი და არაფერი მომხდარა ისეთი თვალშისაცემი, რომ შიდა ურთიერთობის გამო და ახალი ხელმძღვანელობის გამო გადამდგარიყვნენ. ალბათ, ძველი ხელმძღვანელის სიყვარულით გადადგნენ.

მე უკვე დიდი ხანია ვამბობ ამ ვერსიას, იმ ლოგიკით, რომ გახარიას არ უთქვამს პოლიტიკიდან მივდივარო, განაცხადა, რომ ამ პარტიიდან მიდის. ახალგაზრდა ადამიანია, საკმაოდ რეიტინგული და ასეთ მდგომარეობაში დიდი შანსია, რომ მან ახალი პარტია შექმნას. რასაც ახლა ვუყურებ, შეიძლება იყოს რაღაც ხსნა, რადგან მესამე, დიდი მხარდაჭერის მქონე პარტია თუ შეიქმნა, მეეჭვება, რომ დღევანდელმა ოპოზიციამ გააგრძელოს ასეთი აქტიურობა, რადგან მისი სამომავლო რეიტინგი უფრო და უფრო შემცირდება.

რაც უფრო გამომწვევი და აგრესიული იქნება ოპოზიცია და რაც უფრო კონსტრუქციული იქნება ახალი ოპოზიციური ძალა, შედეგიც შეიძლება ამის მიხედვით დადგეს. ამ ძალამ შესაძლოა, დაიკავოს პირველი ოპოზიციური პარტიის ადგილი, ან საერთოდაც ახალი მმართველი ძალის ადგილიც კი“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.

ამ აზრს არ იზიარებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. იგი მიიჩნევს, რომ ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირება ასეთი მარტივი არ არის და არცთუ ბევრი კადრი ეყოლება გახარიას იგივე „ქართული ოცნებიდან.“ მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ყოფილ პრემიერ-მინისტრს მოუწევს არა მხოლოდ ოპოზიციასთან, ხელისუფლებასთან გამკლავება.

„ამ შემადგენლობას ასე პერსონალურად არ ვიცნობ და წარმოდგენა არ მაქვს, ეს გახარიას კადრებია თუ არა. არც ის ვიცი, რა მოტივით ტოვებენ თანამდებობას. ახალი პრემიერი მოვიდა, შესაძლოა, იწყება გადახალისება, თუმცა, მთავრობაც ძველია და რატომ უნდა ტოვებდნენ თანამდებობას, უბრალოდ, არ მესმის.

ლაპარაკი იმაზე, რომ რადგან გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, სასწრაფოდ შექმნის მესამე პოლიტიკურ ძალას, ცოტა გადაჭარბებული და ნაადრევი მეჩვენება. გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება, თანაც ოპოზიციურ ფლანგზე, საკმაოდ პრობლემატური მგონია. რა ელექტორატმა უნდა დაუჭიროს მხარი? რამდენი კაცი წავა მასთან - 20-30, თუნდაც 50, ამით პოლიტიკური ძალის შექმნა არის შესაძლებელი? თანაც, ამ ადამიანებს ფართო საზოგადოება ნაკლებად იცნობს, პოლიტიკური რეიტინგი მათ არ აქვთ, შესაძლოა, აქვთ თავის უწყებაში, მაგრამ რომ წარადგინო, საზოგადოების 90% იკითხავს - ვინ არის? გახარიას მხარს დაუჭერს „ქართული ოცნების“ ელექტორატი, პოლიტიკაში თუ დაბრუნდება, მით უმეტეს ოპოზიციაში.

„ქართული ოცნების“ ოპოზიციურმა ელექტორატმა მხარი რომ დაუჭიროს გახარიას, ამისთვის „ქართული ოცნების“ საქმე უნდა წავიდეს ძალიან ცუდად. თუ ცუდად წავა, მაშინ მის დაბრუნებას უფრო მოითხოვენ პრემიერის თანამდებობაზე, ვიდრე ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას და „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებას. ამასთან, რომ ვთქვათ, იგი სერიოზულ კონკურენციას გაუწევს „ნაციონალურ მოძრაობას,“ ამ ეტაპზე კი, ეს ნამდვილად არ ჩანს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.