მორატა:

მორატა: "სანამ ჩემპიონობის მათემატიკური შანსი არსებობს, ვეცდებით მაქსიმალურად დავიხარჯოთ"

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „სპეციასთან“ (3:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელმა ფეხბურთელმა საკუთარ ჯანმრთელობაზე და კლუბის მიზნებზე ისაუბრა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვება და გამარჯვება იყო. ამას იუვესგან ყოველ კვირას ელოდებიან. წინ კიდევ ბევრი მატჩი გვაქვს და ვეცდებით ქულები მაქსიმალურად ავიღოთ.

ჩემი გამოჯანმრთელება? გულწრფელად გეუბნებით, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში თავს კარგად ვერ ვგრძნობდი.ყველაზე მეტად ძალა მაკლდა. თუმცა, ახლა როდესაც გუნდს ტრავმირებული ფეხბურთელები მრავლად ჰყავს და ამდენი დანაკლისია, ყველანაირად უნდა დავეხმაროთ.

ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. სერია A თუ ვერ მოვიგეთ, კონკურენტს აუცილებლად მივულოცავთ. მაგრამ, სანამ ჩემპიონობის მათემატიკური შანსი არსებობს, ვეცდებით მაქსიმალურად დავიხარჯოთ“, - უთხრა მორატამ Football Italia-ს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 49 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ანდრეა პირლოს გუნდი 6 მარტს, „ლაციოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს. უშუალოდ „სპეციასთან“ დაპირისპირებისას კი ალვარო მორატა მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა და ზუსტად ერთ წუთში გოლის გატანა მოახერხა. ესპანელმა მიმდინარე სეზონში „ბებერი ქალბატონის“ რიგებში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 30 თამაში ჩაატარა და 14 გოლის გატანა შეძლო.